Home ბლოგები ყურშას ბლოგი მარტოდმარტო ტობავარჩხილზე

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

დილით რესტორნიდან  მთვრალი გამოდის და შვეიცარს ეკითხება:

– რა მყრალი სუნი დგას აქ?

– ეს სუფთა ჰაერია, სერ!

 


 

მარტოდმარტო ტობავარჩხილზე

(28.08. - 01.09.2013) 

 

 

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, აი ასეთი დრამატული სათაური მოვიფიქრე (ალბათ ბავშვობაში წაკითხული "მარტოდმარტო ოკეანეშის" ზეგავლენით), თუმცა დრამატულობის გარდა სხვა ღირსება, მაგალითად, რეალობასთან სიახლოვე, მას ნაკლებად აქვს; ჯერ ერთი იმიტომ, რომ მართალია მარტო წავედი, მაგრამ ეს სიმარტოვე ერთი დღეღა გაგრძელდა (თან ყურშაც ჩემთან იყო და ამას მთლად მარტოობაც არ ქვია), მეორეც - ტობავარჩხილზე მარტო ვერ იქნები - როგორც ვიღაცამ თქვა, იმდენი ხალხი დადის მალე შუქნიშნებს დადგამენო.

 

 

ტობავარჩხილის მისტიკა

 

Videre Roma et Mori - ეტყობა ტობავარჩხილს რომა ერქვა ადრე? მერე ნაპოლი, მერე პარიზი... 

მისტიკა უკვე ისაა, რომ ვერც გაიგებ წესიერად, სად არის ტობავარჩხილი და სად - არა. ადგილობრივებსაც კი ვერ შეაქვთ რაიმე სინათლე ამ გაუგებრობაში - ზოგი გეტყვის, რომ ტობავარჩხილი როგორც ასეთი ტბა, საერთოდ არ არსებობს, ზოგის მიხედვით კი სამეგრელოს ჩრდილოეთის ეს მიკარგული მხარე ტობავარჩხილებითაა მოფენილი - ყოველ სამ კილომეტრში ერთი ტობავარჩხილის ტბა მაინც იქნება, პლუს კიდევ სვანეთში რამდენიმე. ზოგს უფრო ზომიერი უჭირავს - არის დიდი და პატარა ტობავარჩხილი, და კიდევ რამდენიმე პაწია ტობავარჩხილუნა.

 

არანაკლები უცნაურობაა გეოგრაფიული კუთვნილების განხრითაც - ზოგის აზრით, ეს ჩხოროწყუს რაიონია, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ის წალენჯიხისა იყო და ჩხოროწყუმ მიითვისა, მაგრამ ამას არ ურიგდებიან ამაყი წალენჯიხელები და აპირებენ განდევნონ ჩხოროწყუელი ოკუპანტები. კაცმა რომ თქვას, არცაა გამორიცხული - როგორც ვიღაც "გაჩითულმა" მოახერხა და გოჭკადილისათვის "გაჭედილი" დაარქმევინა (თუ მე სწორად ვიცი ეს ისტორია), შეიძლება აქაც იმარჯვა რომელიმე "პატრიოტმა" ჩხოროწყუელმა და პაწა მიაკორექტირა საქართველოს პოლიტიკური რუკა; რა მოხდა ეხლა...

 

მაგრამ მთავარი მისტიკა მაინც თვით ტობავარჩხილია - არა მარტო ტბა ან ტბები, არამედ მთელი მისი შემოგარენი - ფანტასტიური, არაამქვეყნიური, დაუჯერებელი და დაუვიწყარი, რომელიც უნდა ნახო და - რა მოგკლავს მერე... 

 

ნახვა კი არაა ადვილი, თუმცა არც ძალიან ძნელია, მითუმეტეს - შეუძლებელი. უბრალოდ, კარგად მომზადება გინდა - არაა ეს ჩვეულებრივი გახეტიალება მთაში.

 

ჩვენც მოვემზადეთ ერთხელ და მუხურსაც მივადექით, მაგრამ ნაწვიმარზე წამოსულმა მეწყერმა გადაგვიღობა გზა, რომლის გაწმენდა მალე არ იქნებოდა, როგორც აღმოჩნდა. გამოვბრუნდით და მიმდებარე საინტერესო ადგილები ავითვისეთ - დედამოკა, გოჭკადილი, მოთენას მღვიმე, ონიორეს და ტობას ჩანჩქერები, და ამ ხეტიალისას გამოირკვა, რომ ტობავარჩხილისთვის სინამდვილეში არც ვიყავით მზად.

 

დავბრუნდით თბილისში და უკვე სერიოზულად მოვემზადეთ. ის ჩვენი პირველი ხანგრძლივი ლაშქრობა იყო და ჭკუაც ვისწავლეთ (ცოტათი მაინც) - საგზალიც უფრო ჭკვიანურად (მაინც არცთუ იდეალურად) შევარჩიეთ, საჭირო ნივთებიც, მე მთელი კომპლექტი გამოვიწერე მოძმე ჩინეთიდან - კარავი, საძილე, დასაფენი, ლეიბი და კომბინირებული
ნიჩაბ-ნაჯახ-დანა-ხერხიც
(რომელიც, მართალია, არ წამიღია), ამასობაში სამიოდე კვირაც გავიდა და სეზონიც - აგვისტოს ბოლოს კაი დროსაც არ ურჩევენ ტობავარჩხილზე წასვლას, მითუმეტეს წლევანდელისნაირ (2013) ზაფხულში, და მითუმეტეს ჩვენნაირ დილეტანტებს, თან უგამყოლოდ და უპატრონოდ. მაგრამ დილეტანტი რის დილეტანტია - ყველაფერზე რომ დაფიქრდე, ბევრ რამეს არ გააკეთებ კაცი, მათ შორის კარგ რამეებსაც. 

 

ასე, რომ კიდევ ერთხელ გავემზადეთ წასასვლელად. გასვლის თარიღი მარიამობას დაემთხვა, უთენია უნდა გავსულიყავით. 27-ში საღამოს გაირკვა, რომ დანარჩენები ვერ მოდიოდნენ და 29-ში წასვლაზე ალაპარაკდნენ, რაც ჩემთვის და ყურშასთვის მიუღებელი აღმოჩნდა - მყარად ვიჯექით უკვე ჩემოდნებზე. ბიჭებმა სცადეს დავეყოლიებინეთ და მეორე დღეს წავსულიყავით ერთად, მაგრამ "დიდი ორეულის" კრებაზე გადაწყდა - მივდივართ ჩვენ ორნი, დანარჩენები დებილები არიან.

 

 

წავედით

 

28-ში დილის 3 საათზე მე და ყურშა ოკრიბაში გადმოვლაგდით ჟვაბუდან, რომლის დატოვებასაც სადმე სადგურშივე ვაპირებდი ავტოსადგომზე, ჩამოსვლამდე. მთელ ოკრიბას ერთადერთი მიკროავტობუსი წარმოადგენდა, რომელიც 9 საათზე ბათუმში აპირებდა წასვლას. სხვა შანსი არ ჩანდა - მძღოლმა თქვა, დღეს მარიამობა რომ არის, გუშინ იმდენი ხალხი იყო, სულ რომ არ აპირებდნენ ისეთი მანქანები წავიდნენ და დღეისთვის წამსვლელი არც მანქანებია და არც ხალხი იქნებაო. 

 

წასვლის განწყობა მე ამან ვერ შემიცვალა. ყურშას - მითუმეტეს. წავედით ჩვენი ჟვაბუთი. ბარემ ქუთაისში ჩვენი კოლეგისათვის რაღაცეები გვქონდა წასაღები, მივედით ჩვენს ოფისუნიაში, ჩავბარგდით და წავედით. გასულიც არ ვიყავით, რომ იმ კოლეგამ დამირეკა და ისე მხიარულად მომიკითხა - ხომ კარგად ხარო - ეტყობოდა კარგად იყო უკვე მარიამობის მადლით. მეც ვუთხარი დილით შეგეხმიანები მეთქი.

 

დილით 8-სთვის ქუთაისში ვიყავი და კი შევეხმიანე, მაგრამ ყურმილს არ იღებდა. ეს გასაგებიც იყო, მაგრამ არა მისაღები. ჩავფიქრდი. სახლი არ ვიცოდი, ამ ბარგის მუხურში წაღება არ იქნებოდა. რა ვქნა? მივმართე მშობლიურ პატრულს - ხომ ყველაფერში ეხმარებით მოქალაქეებს, მიშველეთ რამე! პატრულმა თანაგრძნობით კი მომისმინა, მაგრამ ვერაფერი მიშველა, სამაგიეროდ მათი შენობის გვერდზე მყოფი საქვაბის გამგებელმა - კაცურმა კაცმა დაიტოვა ეს ყველაფერი, ნომერიც ჩაიწერა და არხეინად იყავიო, ხომ გაიღვიძებს როსღა იქნება, დავურეკავ და ჩავაბარებ ყველაფერსო. ასეც მოხდა შემდგომ. შენ გაიხარე, ჩემო მურმან!

 

ლამის 10 საათი იყო, ქუთაისიდან რომ გავედი. შემდეგ ხონი, მარტვილი, კურზუს საოცარი ბუნება, და ბოლოს მუხური.

 

 

(ამ სურათზე ჩხვლეტით შეიძლება ალბომში გადასვლა. ამ ალბომში ჩემი ტელეფონით გადაღებული სურათებია და ჯობია არ ნახოთ :). "ნორმალურ" ალბომზე გადასვლა შეიძლება პირველივე ნორმალურ სურათზე ჩხვლეტით).

 

მუხურიდან 20-25-იოდე კილომეტრს მანქანა წაგწევს წინ, როგორც ვიცოდი - სამხიდიანებით დადიან, ან "ლუაზით" ან "ვილისით", მაგრამ მანქანის დაქირავებაზე ერთი კაცისათვის საუბარიც ზედმეტი იყო, სხვა კი არავინ ჩანდა. არც მინდოდა - თუ მარტო ვარ, მარტო ვიქნები! რაღა აქ გაივლის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი!

 

პირველივე შემხვედრ - თოლორდავების ოჯახში - მასპინძელმა ულაპარაკოდ დამაყენებინა მანქანა ეზოში. მერე კარგი იდეაც მითხრა - ორ კილომეტრს მაგ მანქანითაც გაივლი, თუ გინდა ჩემი ბიჭი გამოგყვება და წამოიყვანს მანქანას უკანო. ორი კილომეტრიც საქმეა (ვაი და მანდაა ზღვარი - აი ასე იცვლება განწყობილებები!), ჩვენც წავედით და ორიოდ კილომეტრში პატარა ღელემდე მივედით, რომელიც გზას კვეთდა საკირესთან. აქ დავემშვიდობე დიტოს (თუ სწორად მახსოვს), წამოვიკიდე ჩემი ზურგჩანთა, ამოვათრიე ყურშა ღელედან და გავუდექით გზას. პირველი საათი იყო.

 

მალე ჩვენმა ბიჭებმა დამირეკეს და არ დაიჯერეს, რომ უკვე აქ ვიყავი.

 

რამდენიმე კილომეტრში სამ მოგზაურს წამოვეწიე. ქუთაისლები აღმოჩდნენ.

 

 

გაცნობასა და აქეთურ-იქეთურში კიდევ რამდენიმე კილომეტრი გავიარეთ, მაგრამ უძილობამ იჩინა უკვე თავი, თან ამ ბიჭებს იმ დღესვე ტობაზე მისვლა ჰქონდათ გეგმაში სამსახურის სიტუაციის გამო, მე კი ასე არსად მეჩქარებოდა და პატარა შესვენების შემდეგ მათ გზა გააგრძელეს, მე კი ჩრდილში გავიშხლართე. თქვენ რამე ცუდი არ იფიქროთ - უბრალოდ უნდა შემესვენა, მაგრამ რომ გამეღვიძა, უკვე ბნელდებოდა. სასწრაფოდ ნახევრად გზაზე გავშალე კარავი და - ისევ გავიშხლართე, აბა რა უნდა მექნა?

 

ღამით გრუხუნმა და ფარების შუქმა გამაღვიძა - რაღაც ტრაქტორი მიდიოდა. ნამძინარევს (კი არადა ნახევრად მძინარეს) არც მომსვლია აზრად მეთხოვა და გავყოლოდი, მივაჩოჩე გვერდზე კარავი და გავაგრძელე ძილი, მერე მგლები მოვიდნენ და მე და ყურშა ვაჟკაცურად ვებრძოდით, მერე გამეღვიძა, დავიბანე პირი, წავისაუზმე და გავუყევი გზას.

 

ერთი კილომეტრიც არ მექნებოდა გავლილი, რომ გზიდან ასახვევში მშვენიერი ქოხი შევნიშნე, მაგრამ რაღა დროსი იყო.

 

სიცხე რომ არა, ნამდვილი სამოთხე იყო - მარჯვნივ ხობისწყალის ულამაზესი ხეობა (ძირითადად კი ხეები და ბუჩქები ფარავდა, მაგრამ მაინც ჩანდა), მარცხნივ მთები, გზაზე კი ლამის ყოველ ნაბიჯზე ჩანჩქერები და ნაკადულები. მივდიოდი და თან ბუნების მშვენიერებით ვტკბებოდი, თან შეშფოთებული ვაკვირდებოდი, როგორ მძიმდებოდა თანდათან ჩემი ზურგჩანთა. თბილისში ბოლოს რომ ავწონე, 24-25 კგ იყო, მერე მუხურში ერთი დიდი პური, ლიტრნახევრიანი წყალი, ნამცხვრები და რაღაც წვრილმანები დავამატე. აშკარად ბევრი ბარგი მქონდა, მეტიმეტად ბევრი.

 

 

 

გზა ჯერ კიდევ ხობისწყალს მიუყვებოდა, ცოტა ხანში კი მარცხნივ აუხვია და აღმართებიც დაიწყო. მანამდეც იყო აღმართები, მაგრამ ჯერ ერთი არც ეგეთი მკვეთრი, და თან მათ მალევე ცვლიდა დაღმართი ან სწორი გზა, ახლა კი სულ სხვა იყო და ნელნელა იმაზეც კი დავიწყე ფიქრი, რა კარგია შენს ოთახში რომ ზიხარ, მონიტორზე ტობავარჩხილის სურათებს ათვალიერებ და... ნატრობ ნეტა იქ ვიყო ეხლაო. აი, ზურგჩანთიანი ხალხის სურათებს რომ უყურებ, მაშინაც იმას ნატრობ ნეტა იქ ვიყოო, თორემ ნეტა ის ზურგჩანთა მე მეკიდოს ეხლაო - დიდი ვერაფერი ნატვრაა...

 

საკმაოდ ცხელოდა, აღმართზე ბარგით მიმავლისათვის კი - საკმაოზე მეტადაც. ნაყიდი ლიტრნახევრიანი წყალი გამოილია. მართალია წყლის ნაკლებობა არ იყო, მაგრამ ჩანჩქერების ძალიან მტკნარი წყალი წყურვილს ცუდად კლავდა. მამაძაღლმა ყურშამ ეს ჩემზე ადრე იგრძნო - ნაყიდი წყლის ბოლო ყლუპები მას შეხვდა ბოთლიდან, და ახლა რომ მოწყურდებოდა, კი ათქვლიფავდა წყალს ჩანჩქერზე, მაგრამ მერე მაინც მე მომვარდებოდა და მთხოვდა ბოთლიდან დამელევინებინა, თუმცა მალე მიხვდა რომ უკვე ბოთლშიც იგივე წყალი ესხა და თავი დამანება.

 

ვინმესთან ერთად რომ მიდიხარ, სიარულის ტემპსაც არეგულირებ გარკვეულად, მე ამ სიკეთესაც მოკლებული ვიყავი და საზიზღარი ყურშაც ისეთი დაოთხილი გარბოდა იმ აღმართებზე, მართალია მერე უკანაც ჩამოირბენდა და ისევ არბოდა, მაგრამ მე მაინც მეტისმეტად ჩქარა მივდევდი როგორც სჩანს. ძალები მალე გამომელია, ყოველ 50 მეტრში ვისვენებდი, მერე ყოველ 20 მეტრში, მერე 10, მერე - 5, და ბოლოს მივაგდე ზურგჩანთა და მივესვენე გზის პირას.

 

 

 

შეხვედრა

 

ორიოდ წუთში ქვემოდან მანქანის ხმა გაისმა. მალე გამოჩნდა კიდეც. და რა გამოჩნდა - გიორგას "ფრონტერა"! შიგ კი გიო, ონისე, მიშა და გოგა იკრიჭებოდნენ. არა, მე კი არ დამინახავს - თავიც კი არ მიმიტრიალებია - სადა მქონდა თავის ტრიალის თავი, მაგრამ მაგას რა მიხვედრა უნდოდა რომ იკრიჭებოდნენ.

 

 

 

ასე დამთავრდა ჩემი loneliness.

 

თვალცრემლიანი შეხვედრისა და მიკითხვ-მოკითხვების შემდეგ ჩემი ზურგჩანთა მანქანის სახურავზე თოკებით დაბმულ თანამოძმეებს შეუერთდა, ჩავსხედით და წავედით. ყურშამ ჩემს მუხლებზე მოიკალათა. აქამდეც და შემდეგაც ყურშა შემთხვევას არ უშვებდა ყველაზე დიდ წუმპეში ჩამხტარიყო, რაც თანმიმდევრულად აისახებოდა კიდეც ჩემს პერანგზე.

 

როგორც აღმოჩნდა, ამ უნამუსოებს, სანამ მუხურში ჩამოვიდოდნენ, რაღაცეების დათვალიერება უკვე მოესწროთ ზუგდიდში:

 

 

მაგრამ ეს რა არის იმასთან შედარებით, რაც წინ გველოდა! ესენი უკვე აღფრთოვანებული იყვნენ იმითაც, რაც მუხურიდან აქამდე ნახეს. თან გზაც შეშლიათ - იქ სადაც გზა მდინარეს სცილდება მარცხნივ, პირდაპირაც მიდის სამანქანო, და იმას გაჰყოლიან, მდინარეზეც კი გადასულან, ისეთი სილამაზე იყო კინაღამ დავრჩითო. ანუ ცოტა მეტი სილამაზეც რომ ყოფილიყო, მოგვიწევდა მე და ყურშას კიდევ 10 კმ ჩანჩალი ფეხით.

 

 

პირველი ღამე 

 

გზის დაბნევას რაც შეეხება, მაგაზე ადვილი არაფერია, როცა გაქვს ორი ტელეფონი GPS-ით (სხვადასხვა სისტემით), ოთხი სხვადასხვა რუკა და რვა სხვადასხვა ტრეკი. და ეს ყველაფერი აქვს ხუთ კაცს, რომელთაც არსად არ ეჩქარებათ და არაფერში არ ეთანხმებიან ერთმანეთს, და ერთ ძაღლს, რომელიც მანქანაში არ იჯდეს და ყველაფერზე თანახმაა. ჩვენც მხიარულად გავაგრძელეთ გზა და წარმატებით გავცდით იმ ადგილს, საიდანაც უკვე ფეხით უნდა წავსულიყავით და რომელიც საგულდაგულოდ იყო შენიღბული როგორც რუკებსა და ტრეკებზე, ასევე რეალშიც.

 

მართალია, ამისათვის გარკვეული წინააღმდეგობების გადალახვაც მოგვიხდა; მაგალითად ერთ ადგილზე გზის გარდიგარდმო "დრუჟბით" ეხლახანს მოჭრილი ორი უშველებელი ხე იყო გაწოლილი:

 

 

მოუწია "ფრონტერას" თავად გაეკაფა გზა - მივაყენეთ ხესთან, მისაბმელის კაუჭში ჩაუჩურთეთ უახლოესი ტოტი და გავქაჩეთ. ცოტა ხანში იგივე სიტუაცია, ოღონდ ადრე მოჭრილი ხეებით. ზოგან გადმოსვლაც დაგვჭირდა, ზოგან "ფრონტერას" წატუნინგება, და ბოლოს, როგორც იქნა მივედით გზაგასაყართან. აქედან ერთი გზა მალევე გაუვალ ჩირგვებში იკარგებოდა, ჩვენც მეორეს გავყევით, ცოტა დაბლა დავეშვით, სადაც მოედანივით რაღაც იყო, აქ მანქანა გავაჩერეთ და სანამ სხვები შთაგონებული სახეებით რუკებს ათვალიერებდნენ, მე და ონისემ ფეხით გავაგრძელეთ დაშვება და სულ მალე მივაღწიეთ ჩანგრეულ ხიდს, რაც იმას ნიშნავდა, რომ გზა ნამდვილად აგვრეოდა.

 

 

 

ეს ჩანგრეული ხიდი, მე მგონი, ტობავარჩხილზე არანაკლებ ცნობილია: მიუხედავად იმისა, რომ ის ტობას გზაზე არ არის, ტობავარჩხილზე პირველად მიმავალი აუცილებლად ამ ხიდთან მოხვდება ჯერ. ასეთია წესი, როგორც სჩანს. და არის ამაში რაღაც: ეტყობა სანამ ტობაზე ახვალ, ჯერ უნდა გათავისუფლდე რაღაც ზედმეტისგან, აიღო რაღაც ახალი და საჭირო, და მერე მიგიღებს ტობავარჩხილი.

 

თუნდაც ერთი მაგალითი: თბილისიდან წამოსვლამდე ვესაუბრე ბატონ რომან თოლორდავას, ამ ადგილების და მთელი საქართველოს დიდ გულშემატკივარსა და მცოდნეს, სასარგებლო რჩევების და ინფორმაციის მიღების შემდეგ შევთანხმდით, რომ ადგილზე ჩასული კიდევ დავურეკავდი თუ რამე გამიჭირდებოდა, და მიუხედავად იმისა, რომ მიღებას არა უშავდა და ყველა ტელეფონი წარამარა რეკავდა, ბატონ რომანს ვერაფრით დავურეკე რომ გზა მეკითხა. თუ გნებავთ, ესეც ტობავარჩხილის ერთ-ერთ მისტიკად ჩათვალეთ, მაგრამ ასეა - ჩვენ არ ვიყავით მზად და არ მიგვიღო ტობამ. 

 

ჩანგრეული ხიდის მიდამოები კი საუკეთესო ადგილია მოსამზადებლად - აქ ისეთი სილამაზე დაგვხვდა, მარტო მაგისთვის ღირდა აქ წამოსვლა - მწვანე ტყე, მდინარე, რომლის წყალი მხოლოდ მოძრაობის წყალობით ჩანდა, უზარმაზარი ლოდები და ნაპირზე მოფენილი კენჭები, ჰაერი და ხმები - აქ ყველაფერი საოცარი იყო. აქ ბუზები რომ გვკბენდნენ ისიც კი სასიამოვნო იყო (თავიდან), აქ კარვის გასაშლელიც ჩანდა და ცეცხლის დანთების საშუალებაც, რაც ვიცოდით რომ მალე მოგვენატრებოდა.

 

 

 

ამიტომ როცა რომელიღაც ჩვენგანმა ღამის აქ გათევის იდეა წამოაყენა, თავი არავის გამოუდვია, მითუმეტეს, რომ დიდი არჩევანიც არ გვქონდა - უკვე ღამდებოდა და გზის მპოვნელი ჩვენ არ ვიყავით, არადა მუხურში ხომ არ გავბრუნდებოდით. მართალია, გათენება რას გვიშველიდა ჯერ არ ვიცოდით, მაგრამ ამაზე არც ვფიქრობდით და შესაბამისად, საღამოს ეს ვერ გაგვიფუჭებდა.

 

გავშალეთ კარვები, დავანთეთ ცეცხლი, გავშალეთ სუფრა, დავანთეთ... არა, მეტი არაფერი არ დაგვინთია. სამაგიეროდ მიშამ ერთი თევზი დაიჭირა.

 

 

 

დავტესტეთ კარავი ქვეშ დაგებული ბალახებით. ყურშას ძალიან მოეწონა:

 

 

 

ღამით კებურ-შოუ მოვაწყეთ:

 

 

 

მერე დავიძინეთ. დილით სიცოცხლითა და ჯან-ღონით აღსავსენი ვიყავით:

 

 

 

წავისაუზმეთ, ავლაგდით, ავიკიდეთ ზურგჩანთები და შევუყევით აღმართს, მანქანისაკენ. არა რა, ვერაა ეს ქვეყანა სწორად მოწყობილი - თვეში ერთხელ მაინც უნდა გქონდეს კაცს ეგეთი ღამე.

 

ფეხები, თვალები და გული უკან გვრჩებოდა.

 

 

 

მაგრამ უნდა წავსულიყავით; ასეა თუ ისე, ფეხები წინ წასასვლელად გვჭირდება, თვალებმაც წინ უნდა იყუროს, სადაც არანაკლები გველოდება. გული კი - გული ყველაფრისთვის გეყოფა - აქაც დატოვებ, იქაც წაიღებ და კიდევ დაგრჩება.

 

 

 

ხანდახან მონადირეებსაც დაეჯერებათ 

 

როცა იმ ადგილს დავუბრუნდით, საიდანაც ჩვენი აზრით გზა ან გზის ძებნა უნდა გაგვეგრძელებინა, ჩვენი აზრები ხუთად გაიყო - ქვეყნის მხარეების მიხედვით და ერთიც - სათადარიგო. ერთადერთი ყურშა ვერ გებულობდა, რატომ ვჩერდებოდით და რა მნიშვნელობა ჰქონდა საით წავიდოდით - რაც მთავარია, სახლში ხომ არ ვიჯდებოდით.

 

 

ცოტა ხანში მე და ონისე ისევ დასაზვერად გავუყევით ერთხელ უკვე გამოვლილ გზას. არ ვიცი რატომ გვერგო მე და ონისეს ასეთი რთული და საპასუხისმგებლო როლები. ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერში მთავარია ძალა და ინტელექტი. ონისეს კი თოფი ჰქონდა. იარაღი კი - ეს ძალაა... მოკლედ, შეიძლება რაღაც დასკვნების გამოტანა, მაგრამ მეზარება...

 

გადავლახეთ პატარა ნაკადული და ათიოდ წუთში თითქმის დაუჯერებელი რამ მოგვესმა - მანქანა მორახრახებდა, "ვილისი". იქაური მონადირეები აღმოჩნდნენ, მეზობელი რაიონიდან. ჩვენი ამბავი სცოდნოდათ - ისიც, რომ გუშინწინ ვიღაც გადარეული ძაღლთან ერთად მარტო წავიდა ტობავარჩხილზე, ისიც, რომ გუშინ კიდევ ვიღაც გადარეულები "ფრონტერათი" დაედევნენ. ძალიან გაუკვირდათ, რომ ამ მანქანით აქამდე ამოვაღწიეთ, მერე ის გაუკვირდათ, რომ სადაც მანქანა გვყავდა გაჩერებული იქედან ოციოდ მეტრში ბილიკს ვერ ვხედავდით, ტობავარჩხილზე ასე უმეგზუროდ და უთავბოლოდ რომ მივყიალობდით ასეთი მონაცემების მქონენი, ეგ ხომ უკვირდათ და უკვირდათ, მაგრამ არ გამოხატავდნენ (ამით მათი დიდი მადლიერი დავრჩით, სხვათა შორის, იმათგან განსხვავებით, შემდეგში რომ გვხვდებოდნენ პერიოდულად და გვიხეთქავდნენ გულს მათ მიერ გამოვლილი სიძნელეებით). 

 

გეზი მათაც ტობასკენ ჰქონდათ. დაგვანახეს ზედ იმ ნაკადულთან აღმართში მარჯვნივ მიმავალი ბილიკი (რომელიც მართლა საკმაოდ იყო შენიღბული ბუჩქებით, მთლად დებილები არ გეგონოთ), კიდევ რაღაც რჩევებიც მოგვცეს, მივაყენეთ მანქანები გვერდზე და სანამ ისინი ემზადებოდნენ, ჩვენ აღმართს შევუდექით.

 

ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი ლაშქრობა. თხუთმეტი წუთიც არ გვევლო, რომ მივადექით ე. წ. "მეორე ქოხს".

 

 

 

ეს იყო ტიპიური მეგრული ჯარგვალი - მრგვალი მორებისაგან აშენებული ქოხი (ჯა - ხეს ნიშნავს). სადღაც წავიკითხე, რომ მას კარეს ეძახიან, მაგრამ მე ეს აქამდე არ გამიგია (რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასე არ არის). საერთოდ ოკარე ან ოკარიე - ეს რაიმე დანიშნულების დამხმარე ნაგებობა-ფარდულია სამეგრელოში, ვთქვათ საქათმე; სემანტიკურად, როგორც მე მესმის - სახლის გარეთ, სახლისაგან განცალკევებულად მდგომი, ანუ არა სახლის ნაწილი ან მასზე მიშენებული. შეიძლება "კარავიც" მსგავსი წარმოშობისაა. ზუსტად ვერ ვიტყვი, და ზერელე ძებნითაც ვერაფერს მივაკვლიე ამ სიტყვის წარმოშობაზე, მაგრამ ჩემი აზრით კარავი ნიშნავს არაკაპიტალური, "არაფუნდამენტური" კარის მქონე ნაგებობას, ანუ დროებით საცხოვრებელს, ან ისეთს სადაც ცხოვრობენ, მაგრამ კარი არ იკეტება (საცხოვრისის დანიშნულებიდან გამომდინარე, და არა დეფექტის ან დაუსრულებლობის გამო). ფაქტია, რომ "კარავი" ძალიან ძველი ქართული სიტყვაა და სულაც არაა შუა საუკუნეებში შემოსული, როგორც ერთ რესურსზე ეწერა ჩემდა გასაოცრად.

 

აქ ავტოგრაფი დავტოვე - მომავალ მახოასოცდაშვიდოლოგებს ცოტათი მაინც გავუადვილებ ჩემი ბიოგრაფიის კვლევას:

 

 

 

კარავში დიდხანს არ გავჩერებულვართ, ვისადილეთ და გავუყევით გზას. პირველივე ბექობის შემდეგ შეგვხვდა ტობადან მომავალი 5-6-კაციანი ჯგუფი,
მიგვასწავლეს გზა
, გაგვიხეთქეს გულები - საშინელი სასიარულოა და თქვენ მანდ მიმსვლელები არა ხართო (ყველამ არა რა თქმა უნდა), წარმატებები გვისურვეს და დავცილდით.

 

ჰო, კარავთან ჩვენმა მონადირეებმაც მოგვისწრეს, და ყურშას ღვედიც მომიტანეს - მანქანასთან დამრჩენოდა. სხვათა შორის, ყურშას ბურთი დაგვრჩა კიდევ მანქანაში (ეს უკვე ჩემს მანქანაში, ანუ მუხურში), ტენისის ბურთი, რომლითაც ყურშა თამაშობს ხოლმე. ეს კი უფრო ცუდია, ვიდრე თქვენ გგონიათ - ყურშას ისე უყვარს ბურთი, რომ ძილის დროსაც კი პირში უჭირავს და ისე სძინავს. ზოგჯერ ჭამასაც კი ცდილობს ისე, რომ ბურთი არ გაუშვას, რასაც ცხადია ვერ ახერხებს, მერე მოიდებს გვერდზე და თან ჭამს, თან ცალი თვალით ბურთს უყურებს. ახლა ბურთი რომ არა გვაქვს, ყურშა გაურკვევლობაშია - ვერ გაუგია რატომ არ ვაძლევ ბურთს და სულ თვალებში მიყურებს - რამე ხომ არ დავაშავე და ხომ არ დამსაჯესო. იმედი მქონდა რამე ბურთის მსგავსს მაინც ვიპოვი-მეთქი, მაგალითად გირჩას, მაგრამ აქ ეგეთები არ იზრდება. ყურშაც შეეჩვია ბურთის გარეშე ცხოვრებას. ასე სჯობს კიდეც - გაუძნელდებოდა ამ სიცხეში და თან აღმართებში პირში ბურთიანად სირბილი, თან მიგდებაც იცის ხოლმე და სულ თვალი უნდა გეჭიროს, თორემ უკან მოგიწევს ბურთის საძებრად დაბრუნება.

 

 

საბრძოლო ნათლობა 

 

ნელ-ნელა გავიწელეთ ბილიკზე. აღმართს დაღმართი მოსდევს, მერე როგორც წესი ჩანჩქერი და ღელე ან ნაკადული, და ისევ აღმართი. შიგადაშიგ სწორეზეც გვიწევს სიარული. ჯერ კიდევ ტროპიკებში ვართ - ბილიკი რომ არა, ბევრგან გაუვალი იქნებოდა ხშირი ბუჩქნარი, ზოგან კი ჯუნგლებს გვიმრები და სხვა ბალახეულობები ცვლის (ასეთები უფრო ხშირიცაა). ბილიკი მკაფიოა, ზოგან კი ეტყობა ამ ბილიკით ნაწვიმარი წყალიც სარგებლობს და იმდენადაა ჩაღრმავებული, რომ ზედაპირი სადღაც მუხლების დონეზეა. არც ცივა, არც ცხელა -  იდეალური ამინდია სასიარულოდ.

 

 

აღმართებში ვისვენებ ხოლმე. სხვებიც ისვენებენ, ზოგი უფრო ხშირად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ყველა ჩვენ-ჩვენთვის. ხანდახან შევიყრებით კიდეც ერთად, წავიხემსებთ, წავილაყბებთ და ვაგრძელებთ გზას.

 

 

მიშა, ნელა დავდივარო და პირველი აიკრეფს-ხოლმე გუდა-ნაბადს და გაუყვება გზას. სინამდვილეში არც ისე ნელა დადის, მაგრამ ზოგადად სწორი ტაქტიკაა - ყოველთვის შეგიძლია რამე დატოვო, რასაც მერე სხვები წამოიღებენ.

 

 

ონისე მიშას ძმაა (და პირიქით). ორივენი პირწავარდნილი ქართლელები არიან და არაფრით არ გვანან ერთმანეთს. ყოველთვის მზადაა ხელი შეგაშველოს (თუმცა საამისო ჯერ არავის არაფერი სჭირს) ან რამე აიღოს თავის თავზე. მართალია ხანდახან აიღრინება ხოლმე, მაგრამ მაშინაც არ ქმნის პრობლემებს - დადის თავისთვის აღრენილი და ეგაა. ყველა დამეთანხმებით, დაუფასებელი თვისებაა ლაშქრობაში. მითუმეტეს, რომ ონისე ყველა სხვა სიკეთესთან ერთად თავის განუყრელ თოფსაც მოათრევს.  

 

 

 

გოგა ნამდვილი სვანია და როცა ჩვენ წავიწუწუნებთ - რა აივლის ამ აღმართსო, გაკვირვებული იყურება აქეთ-იქეთ - აბა აღმართი? რა ადრეც არ უნდა წავიდეს მიშა, გაიხედავ ცოტა ხანში და გოგა მიერეკება პირველი მთის ფერდობზე თავისხელა ზურგჩანთით. თავისი ენერგიულობის წყალობით ბოლო დღეს გოგამ დამატებით თავგადასავალსაც გამოჰკრა ხელი, მაგრამ ამაზე თავის დროს.

 

 

გიო ნამდვილი რაჭველია და იმ ცნობილი ფილმის პერსონაჟის არ იყოს, არც ჩქარობს, დამატებით რაღაცებსაც ასწრებს - სურათების გადაღება იქნება თუ მაყვლისათვის კბილის გაკვრა, და მაინც სულ არ უნდა გაგიკვირდეს თუ შემდეგ მაილსტოუნთან მისულს იქ დაგხვდება ქვაზე ძეგლივით შემდგარი არემარით დასატკბობად.

 

 

 

მე მეგრელი ვარ, მაგრამ ამით მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ აი მე მეგრელი ვარ და რამე, სინამდვილეში მე სულაც არ ვამბობ ხაზგასმით, რომ მეგრელი ვარ, პირიქით, მე როგორც ნამდვილი მეგრელი სულ იმას ვამბობ რომ მე მეგრელი რომ ვარ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო იმიტომ, რომ მეგრელი რომ ვარ 100 თავით ვჯობივარ სხვებს (არა, ასე 60-70 მხოლოდ), და არც მე არ ვტრაბახობ არასდროს იმით რომ მეგრელი ვარ, ყოველ შემთხვევაში მარტო მეგრელი რომ ვარ იმით არ ვტრაბახობ, იმიტომ, რომ მე რომ მეგრელი ვარ და სხვა რომ მეგრელი არ არის ყველა მეგრელი ხომ არ იქნება ბოლოსდაბოლოს?

 

ყველას ვეუბნები, როცა სურათს მიღებენ, გამაფრთხილონ ხოლმე, რათა პირქუში და ზვიადი გამომეტყველება მივიღო, მაგრამ სადა აქვთ ამათ სინდისი.

 

 

ჩვენი ლაშქრის მეექვსე წევრი ნამდვილი ინგლისელია, მაგრამ არაფრით არ ჰგავს ინგლისელს - არ სვამს ლუდს, არ აინტერესებს რას აკეთებს საღამოობით დედოფალი, და არცერთი ინგლისური სიტყვა არ იცის.

 

ყურშა მუდმივად პატრულირებს სულ წინ მიმავალსა და ბოლოს მოჩანჩალეს (როგორც წესი - ეს მე ვარ) შორის - აგერ ეხლა იქეთ მთის ფერდობზე მისდევდა მიშას, და უცებ დაღმართში მოქრის ყავისფერი წერტილი. ხან გაქრება ბუჩქებში, ხან ისევ გამოჩნდება. გადმოტყაპუნდება ნაკადულზე და აი უკვე აღმართში მორბის ენაგადმოგდებული, ყურებს ისე აქნევს, გეგონება რამე უცხო ფრინველი მოფრინავსო. მოვარდება, შემომირბენს და გავარდება ისევ წინ. ცხადია, ვიწრო ბილიკზე ყველას ფეხებში ედება, რის გამოც არანაკლებ ენაგადმოგდებული მოლაშქრეებისაგან სიყვარულით აღსავსე რეპლიკებს ღებულობს, მაგრამ არ სწყინს - დასუნავს, ჩაუქროლებს და გარბის შემდეგისაკენ.

 

ყურშას სურათს ცალკე არ ვდებთ, იმიტომ რომ მაინც ყველა სურათზეა. საერთოდ, სურათი, რომელზეც ყურშა არ არის, არცაა სურათი ამ სიტყვის სრულყოფილი გაგებით და ასეთი სურათი მხოლოდ გამონაკლისის სახით შეიძლება იქნას გამოქვეყნებული ინტერნეტში.

 

 

ქვის ქოხი

 

მთაზე რომ ადიხარ, ასე გგონია ახვალ მწვერვალზე და გადაიშლება მთელი სამყარო შენს წინაშე. შენც არ მომიკვდე - ახვალ და ისეთივე მწვერვალია იქეთაც. იმის იქეთ - კიდევ ერთი და ასე დაუსრულებლად. რა ამბავია ამდენი მთა!

 

ასე მგონია მთელი ცხოვრება ტყეში და მთაზე დავდივარ ზურგჩანთით. ჩანჩქერებს, რომელთაც სხვა დროს რვა პოზაში გადავუღებდით სურათებს, ეხლა ყურადღებასაც აღარ ვაქცევთ. განა მოგვბეზრდა - სილამაზე, ყველანაირი თან, ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელიც კაცს არასოდეს ბეზრდება, რა რაოდენობით და კონცენტრაციით არ უნდა იყოს, მაგრამ ემოციებია რაღაცნაირად ლიმიტირებული. პლაჟზე რომ გახვალ სეზონზე პირველად და დადებილებული უყურებ ამდენი შიშველი ქალი რომ წამოწოლილა აქეთ-იქეთ, ცოტა ხანში ეჩვევი და რაღაც სხვა სტატუსში გადადიხარ; ასე დაგვემართა აქაც.

 

 

 

 

 

 

სამი თუ ოთხი მთა გადავიარეთ (ერთი ქოხიც შეგვხვდა), შემდეგ ორი თითქმის ნამდვილი უღელტეხილი, და ჩვენს წინ გადაიშალა "ქვის ქოხის ველი".

 

 

 

ქვის ქოხი, ან კარავი - ამჟამად უბრალოდ ქვების გროვაა, ერთ დროს კი ეტყობა კარგა ფუნდამენტური შენობა უნდა ყოფილიყო, ველის შუაგულში. გროვაში გამოირჩევა უცნაურად სწორკუთხა ფორმის უზარმაზარი ლოდი. ამ ლოდზე გავშალეთ სუფრაც და ერთი კარავიც.

 

 

 

ჩემი კარავი მოშორებით იყო. როგორც ყოველთვის, ბალახები მოვჭერი და დავაფინე კარვის ქვეშ, მაგრამ დილით, ისევე როგორც ყოველთვის, დანგრეული მქონდა გვერდები.

 

ამ მხრივ ჩემი თანამგზავრები შესაშური უგრძნობელობით გამოირჩევიან - პირველ ღამეს, ჩატეხილ ხიდთან,  ზოგიერთს პირდაპირ ქვებზე ეძინე საძილე ტომარაში, რომელიც ქაღალდზე ბევრად სქელი არ არის. მე ნაზი არსება ვარ და ეგეთები არ შემიძლია.

 

რაც შეეხება კარვებს, მათ ნუმერაციაში ბოლომდე ვერ გავერკვიეთ: კარავი, რომელშიც პირველად მივედით ფეხით, როგორც ჩანს, არის N2. მაშინ N1 რომელია - რომელიც მე შემხვდა დილით, თუ რომელსაც შემდეგ ჩავუარეთ მანქანით  - სახურავმოხდილი და გავერანებული? N2-ის შემდეგ კიდევ ორი ხის კარავი იყო - ერთი, რომელთანაც აუცილებლად გაივლი, და მეორე - რომელსაც საკმაოდ შორს უვლი გვერდს, თუ ღამის გათევა არ გინდა იქ, თუმცა ზოგი მას ეძახის მესამე კარავს. აქ ღამისთევის შემდეგ უკან არ გიწევს როგორც ჩანს დაბრუნება - სხვა გზა მიდის ტობასკენ, რომელიც 2-3 კმ-ში უერთდება "უამკარვო" გზას. ამ გზების გასაყარია სწორედ ის ადგილი, ზემოთ რომ ვახსენე მიგვასწავლეს-მეთქი უკან მომავლებმა. ცხადია, ამათ გარდა იმ მხარეში კიდევ ბევრი კარავია, მე ვგულისხმობ მხოლოდ მათ, რომლებიც ტობას გზაზეა.

 

მოკლედ, იმ ღამეს ქვის ქოხმა გვიმასპინძლა. აქ პირველად ავანთეთ ბენზინის პრიმუსი:

 

 

 

ახლა მოდაში გაზის პრიმუსებია, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ჩემი პრიმუსი და ყველაგან ვარეკლამებ. ის სპირტზეც მუშაობს, თუ ამას რელიგია არ გიკრძალავთ. მალე გავაკეთებ სხვადასხვა გასაცხელებელ-ასადუღებელი საშუალებების "შეპირისპირებით დახასიათებას" და ლინკსაც დავდებ აქ.

 

ასევე პირველად გაწვიმდა იმ ღამეს. და შეიძლება ითქვას უკანასკნელადაც -  ლაშქრობის ბოლომდე მეტი აღარ გაწვიმებულა, იმიტომ რომ მთელი დანარჩენი დრო გადაუღებლად წვიმდა (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე საათს შემდეგ დღეს).

 

საღამოს კი არა უშავდა, არც ციოდა დიდად. კარგ ხასიათზე ვიყავით და შემდეგი დღის მოლოდინში წინასწარ ვტკბებოდით. ჰაერი აქ უბრალოდ იდეალურია, გარემოც შესანიშნავი. აქ ქვაზე რომ შედგე, თავს ალპურ ზონაში აყოფ, ფეხები კი სუბტროპიკებში გექნება.

 

ეს იდილიური საღამო კინაღამ გაგვიფუჭეს ძროხებმა: ის იყო შებინდდა, რომ ვიღაცამ დაიძახა - "ძროხებიო"! საგანგაშო ამაში არაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რომ გავიხედეთ და ბუჩქებიდან გამოყოფილი უამრავი ძროხის თავი დავინახეთ, აქეთ-იქეთ გაშვერილი ყურებით, მდუმარედ რომ შემოგვცქეროდნენ და კი არ მოდიოდნენ, თითქოს მხოლოდ თავები გვიახლოვდებოდნენ - საკმაოდ ოდიოზური სანახაობა იყო. როგორც დავასკვენით, შეიძლება ეს ძროხები ამ ადგილზე მოდიოდნენ ხოლმე ღამის გასათევად, ჩვენ კი უკითხავად დავისაკუთრეთ მათი ტერიტორია. მოგეხსენებათ, ბუნების კანონები მკაცრია და ულმობელი - იმარჯვებს ძლიერი, სუსტი კი განიდევნება, თუ არ შეიჭამა სულაც -  და ჩვენც სულ გვიმრების ტყლაშუნით გავყარეთ ძროხები. მოგვიანებით ისინი კიდევ რამდენიმეჯერ მოვიდნენ. კი არაფერს გვიშავებდნენ, უბრალოდ დადგებოდნენ და გვიყურებდნენ საყვედურით აღსავსე მზერით. ღამით რაიმე ორგანიზებულ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია (არადა ძროხებისაგან ეს სავსებით მოსალოდნლია, ამიტომ საკვები კარგად უნდა დააბინაო ძილის წინ. ჩვენ ასეც მოვიქეცით და შეიძლება ძროხებმაც ამიტომ შეინარჩუნეს ნეიტრალიტეტი).

 

 

ჰოოდააა... 

 

30-ში დილით მთავარი თემა იყო - საით წავსულიყავით. ბილიკმა აქამდე კი მოგვიყვანა, მაგრამ მეტი ბილიკი არსაით ჩანდა - უკვე ალპური მდელო იყო, სადაც ნებისმიერად შეიძლება სიარული და ბილიკი არ რჩება. ჩემი აზრით, პირდაპირ უნდა ავსულიყავით ქედზე, რომელიც მარცხნივ მაღლდებოდა, მარჯვნივ კი დაბლდებოდა და 2-3 კმ-ში ჩვენს დონეზე ჩამოდიოდა (იგულისხმება, რომ ზურგით ვიდექით იმ მხარისაკენ, საიდანაც ჩამოვედით უღელტეხილიდან). სხვების აზრით, სწორედ ამ დაბალი მხრიდან უნდა შემოგვევლო ქედისათვის. ეს ისე დამაჯერებელი ეჩვენათ, რომ გიომ და მიშამ ბარგსაც კი დაავლეს ხელი და წავიდნენ მარჯვნივ. მე, ონისე და გოგა ჯერ კიდევ ალაგება-მომზადებაში ვიყავით.

 

პირდაპირ საოცარია, როგორი გულკეთილი ხდება ადამიანი ლაშქრობაში. აბა სცადეთ და თბილისში ვინმეს ძეხვი თქვენს ჩანთაში ჩადეთ - ხომ არ აგცდებათ რამე, კონსტრუქციული კრიტიკიდან ქოჩორხელიგაუშვიმდე დიაპაზონში, მიმდინარე საზოგადოების ცივილიზებულობისდა მიხედვით. აქ კი რაც კი დარჩება აულაგებელი - ძეხვიც, პურიც და თუნდაც სხვისი კარავიც, ყველაფერს რომ თქვენს ზურგჩანთაში უკრათ თავი, ამას თქვენი თანამოლაშქრეები ისეთი გაგებით მოეკიდებიან, ყველაზე სუპერცივილიზებული საზოგადოებაც კი შურით გასკდება. ერთი ეგაა, რომ მარტო სხვები კი არ ხდებიან კეთილები, არამედ თქვენც, და თქვენც ყველა ღონეს იხმართ იმისათვის, რომ არავის დაავიწყდეს თავისი ნივთების თავის ზურგჩანთაში ჩადება.

 

ჩვენ მაინც ვყოყმანობდით, გავყოლოდით თუ არა წინ წასულებს. ამ შემთხვევაში ღრუჩუნაც ვერაფერს გვიშველიდა - ყურშა საერთოდ უპრობლემოდ პოულობს ბილიკებს და სხვათაშორის, რთულ გადასასვლელებზეც საკმაოდ ოპტიმალურ გზებს არჩევს, მაგრამ სადაც ბილიკი არ იყო რას იპოვიდა.

 

საბედნიეროდ, ამ დროს ჩვენი მონადირეები გამოჩნდნენ. ცოტა არ იყოს გაუკვირდათ, აქამდე მოღწეულები რომ გვნახეს. ის რომ ნახეს, საით მიდიოდნენ გიო და მიშა, საერთოდ გაოცებულები დარჩნენ. მერე დაგვანახეს მარცხნივ უსასრულო აღმართი, მწვერვალი რომ ნისლში იკარგებოდა. თურმე იქეთ უნდა წავსულიყავით.

 

ავღრიალდით ნიშნისმოგებით, მოვაბრუნეთ ჩვენი მოგზაურები და შევუყევით აღმართს. დიდად არც გვიფიქრია იმაზე, რა მოგველოდა, მონადირეების თვალებში კი გულწრფელი თანაგრძნობა იკითხებოდა. 

 

სხვთა შორის, ღამით ამ აღმართის მწვერვალზე ვიღაცები დავინახე, ფანრით მოძრაობდნენ. მეც მეჭირა ფანარი და მივანათე, მათაც მიპასუხეს. მე გადავეცი პირობითი ნიშანი "ძაღლი", რომ გამეგებინებინა ვინ ვიყავი, მათ მიპასუხეს, რომ არ მიცნობდნენ, ტბიდან მოდიოდნენ და კარვის გასაშლელ ადგილს ეძებდნენ. თბილისში რა ხდებაო. მე მოკლედ მოვუყევი ახალი ამბები...

მართლა კი არა, სინამდვილეში არავითარი ნიშნები არ ყოფილა, უბრალოდ დავუპაჭუნეთ ფანრები ერთმანეთს და ეგ იყო.

 

მოვდიოდით და ნისლი ფეხდაფეხ მოგვდევდა, დაგვეწეოდა, გადაგვივლიდა, გაიფანტებოდა, შემდეგ ისევ...

 

 

ახლა მე თქვენ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, რომელიც დიდად გამოგადგებათ ლაშქრობაში: ნებისმიერი აღმართი, ისიც კი, რომელიც არ მთავრდება, ბოლოს აუცილებლად დამთავრდება. მე პირადად ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა ის აღმართი ავამთავრე და უკან მოვიხედე. კი არადა ჩავიხედე! სხვათა შორის, ცოტა უფრო მარცხნივ "ოფიციალური" ბილიკიც ყოფილა ამ მწვერვალზე ამოსასვლელი, მაგრამ იმდენად მიხვეულ-მოხვეული, რომ გზა საბოლოოდ სამჯერ გრძელი მაინც იქნება. მე მირჩევნია ცოტა მეტად გავიჭირვო, ვიდრე სამჯერ მეტხანს ვიყო ორჯერ ნაკლებ გაჭირვებაში, ამიტომ მეორედაც აქ ამ გზით ამოვიდოდი. აი უკან კი ბილიკით ჩამოვედი, იმიტომ რომ მაგ დაღმართზე სიარულს ნამდვილად ასე სჯობდა - იქ რომ ერთი ფეხი დაგიცდეს, ლუგელამდე ჩაგორდები ალბათ ყველა ადრეგამოვლილი ქედის გავლით.

 

გახსენებაზე, არ ვიცი როგორ მოგვივიდა, რომ ლუგელა და შურუბუმუ არ მოვინახულეთ...

 

ორნი სწორედ იმ ბილიკით წავიდნენ. აქ კი გაუჭირდა ყურშას - ბილიკი და ჩემი გზა (გიოც ამ გზით მიდიოდა ჩემზე წინ) საკმაოდ შორს იყო ერთმანეთისაგან და საკმაოდ ცუდი გადასასვლელიც, მაგრამ მაინც გვიერთგულა ყველას და რამდენიმეჯერ გადაირბინ-გადმოირბინა იქეთ-აქეთ. ერთხელ ნისლშიც ჩაყვინთა და იმდენი ხანი არ ჩანდა, მეგონა დავკარგე ყურშა და ეგაა-მეთქი, მაგრამ მერე ზევიდან ჩამოირბინა - გიოსთან გაუვლია იმ ბილიკის მერე დიაგონალურად ალბათ.

 

დიდი იმედი მქონდა, რომ მწვერვალზე ასული უკვე ტბისკენ დავეშვებოდი, და ასევე დიდი იყო იმედგაცრუება, როცა წინ ისევ უღელტეხილი დავინახე, რომელიც სულ მალე ნისლმა დაფარა. დილა საერთოდ ნისლიანი იყო, იმ აღმართზეც რამდენიმეჯერ გადაგვიარა ნისლმა, რომელიც ღრუბელი უფრო იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ნისლი. თან წვიმდა, ზოგჯერ კოკისპირულადაც. კიდევ კარგი, აქ ნიადაგია ისეთი (უფრო სწორად უნიადაგობა), რომ სველზეც კი ფეხი არ ცურავს.

 

 

ასვლისთანავე უკან მომავლები შეგვხვდნენ, რომლებმაც ჩემს იმედგაცრუებას კიდევ, რომ იტყვიან, ცეცხლზე ნავთი დაასხეს - ეს რა არის, წინ კიდევ უარესი აღმართია, მერე ისეთი დაღმართია ეს აღმართი მოგენატრებაო, იქ თან თოვლი დევს, რა გეშველებათ არ ვიცით, საერთოდ ჯობია ეხლავე გაბრუნდეთ უკან სანამ ცოცხლები ხართო, თორემ რაც აქამდე იარეთ ეგ თამაში იყო, უარესი წინ გაქვთო. სამაგიეროდ სხვებმა დაგვამშვიდეს - არაფერი ისეთი არ არის, არხეინად მიხვალთ, ნისლში იყავით ცოტა ფრთხილად, და ზედ თოვლზე არ გადაიაროთ, შეიძლება ჩაიქცესო. ერთმა ჩუსტებიანი ფეხიც კი დაგვანახა ამაყად - პირველი ვარ, ვინც ჩუსტებით იყო ტობავარჩხილზეო.

 

ჩვენც იმედმოცემულებმა გავსწიეთ ბოლო უღელტეხილისაკენ.

 

 

 

ეს მონაკვეთი - მწვერვალიდან უღელტეხილამდე -  კორიდირივითაა ორ თითქმის შვეულ ქედს შორის. მარცხენა ფერდზე თოვლია, მარჯვენაზე - ბალახი. ცოტა დაღმართია და მერე ცოტა აღმართი, არაფერი განსაკუთრებული. ეგაა, სიცივეა უკვე კაცური, და იგრძნობა, რომ სადმე უბრალო ადგილას არა ხარ. 

 

მონაკვეთის ზედ შუაში კაი პიტალო კლდეა აღმართული. აფსუსია ამ კლდეს ვინმეს სახელი არ ერქვას. 

 

 

 

ეს უკნიდანაა გადაღებული, ანუ უღელტეხილი აქეთაა.

 

ამბობენ, რომ მას ხაჩიძის კლდეს ეძახიან. არ ვიცი ვინ ხაჩიძეა და რით მიამგვანეს. ალბათ ისიც ამ კლდესავით სალი, უკომპრომისო და ამაყია.

 

როგორც იქნა, უღელტეხილის ძირთან მოვგროვდით.

 

 

 

ესეც უღელტეხილი. ბოლო ამოსუნთქვა დარჩა.

 

 

 

ავედით უღელტეხილზე. პირველი გიო ავიდა. და აღრიალდა. მერე გოგა ავიდა და აღრიალდა. მერე მე ავედი და ავღრიალდი. მერე ყველანი ვღრიალებდით - აქედან პირველი ტობავარჩხილის ყური მოჩანდა!

 

 

 

 

შეხვედრა ოცნებასთან

 

რთული მომენტია ოცნებასთან შეხვედრა. არც კი მჯეროდა, რომ ამ დაღმართს ჩავივლიდი და მართლა იმ ტბასთან მივიდოდი, რომლის სულ პაწია ნაწილი მოჩანდა აქედან, ისიც თუ ძალიან მარცხნივ გაიწეოდი. აქედან საითაც არ უნდა გაიხედო, ერთმანეთზე ფანტასტიური პეიზაჟია ყოველი მხრიდან, მაგრამ ბოლომდე ესეც ვერ მარწმუნებდა იმაში, რომ ეს ყველაფერი მოჩვენება არ იყო და ნისლთან ერთად არ გაქრებოდა ტობავარჩხილიც, რომელიც წელიწადია მაბოდებდა დღით და ღამით.

 

ამასობაში ზოგიერთები უკვე დაწინაურებულიყვნენ. ჩვენც ღრმად ჩავისუნთქეთ და დავეშვით დაღმართზე. არ ვიცი რთული დაღმართია თუ არა, არ მახსოვს როგორ ჩავიშლიგინეთ, მახსოვს, რომ ყურშა ქვიდან ქვაზე მიხტუნავდა და მეც მივყვებოდი. მერე ყურშა გაიქცა და მეც გავეკიდე. სირბილით. ზურგჩანთით. ამ ყველაფრის მერე. მერე ისევ ქვებზე მივხტოდით.

 

და აიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი, ტობავარჩხილი!

 

 

 

ოოოოოოოოოოოოოოოოოოოო, ტობავარჩხილი!

 

 

 

უუუუუუუუუუუუუუუუუუ, ტობავარჩხილი!

 

 

 

 

აი, ასეთი უნდა იყოს ნამდვილი სურათი!

 

მაგრამ სადაა ყურშა?

 

აი ისიც - ტობავარჩხილის ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში, დედამიწის ისტორიაში, სამყაროს ისტორიაში - პირველი ნამდვილი ყურშა ტობავარჩხილზე!

 

 

მართალია, გზაში ვიღაცებმა გააბიაბრუეს ჩვენი წამოწყება - ადრეც ჰყავდათ მანდ ძაღლიო, არ ვიცი, ვისო ან რა ძაღლიო, მაგრამ უფრო სწორი იქნება - სცადეს გაბიაბრუება, თორემ აბა ეგ რა დოკუმენტია - მე მგონი ჰყავდათო, მე მგონი ტობავარჩხილზეო, მე მგონი ძაღლიო... 

 

ასე, რომ ყურშა პირველი ყურშაა, ვინც ტობავარჩხილის წყალი ასვლიპა. შევიდა მუხლებამდე, ასვლიპა და შემომხედა. მისი თვალებიდან მაგელანი, გაგარინი და თენსინგ ნორგეი იყურებოდნენ.

 

 

საღამო ტობავარჩხილზე 

 

დაღამებამდე ჯერ ადრე იყო. წავედით ტბის ბოლოსაკენ მარცხენა ნაპირით. ამ ნაპირზე მოშორებით, სადღაც შუისკენ, კარავი მოჩანდა, მეტი ტბაზე სულიერი არ ჭაჭანებდა. ეს კარავი ჩვენი ნაცნობი ქუთაისლებისა აღმოჩნდა, უფრო სწორად ჩემი ნაცნობი. ისინი უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ. წინა ღამით აქ ძლიერი წვიმა ყოფილა. წყალი მაინც კრისტალურად სუფთა იყო - არ არის აქ რამე ისეთი, რაც წყალს აამღვრევს. წყალში ჩაგდებული ქვა ოდნავ ლამსაც კი არ აგდებს ფსკერიდან.

 

 

 

 

მივდიოდით და დისნეი-ლენდში წაყვანილი ბავშვებივით ვიყურებოდით აქეთ-იქეთ. ეს ყველაფერი დაუჯერებელი იყო - საოცარი ფორმის კლდეები, მომაჯადოებელი ტბა, რომლის ფსკერზე კენჭებს კი არა, თუ მოინდომებდი ქვიშის მარცვლებს დაითვლიდი.

 

უკან მოგვყვებოდა Stairway to Heaven - ცაშკიბული:

 

 

ტბაში არეკლილი სქაილაინი გასაფრენად გამზადებულ შატლს ჰგავდა:

 

 

 

ტბის ბოლოს გასულებს ისევ საოცარი სანახაობა გველოდა:

 

 

 

და რა თქმა უნდა ჩანჩქერები. ამ მხარეში ჩანჩქერები ისეა, როგორც მუხიანში - კორპუსები:

 

 

 

 

 

 

ყველაფერი ზღაპრულია და მისტიური. ტობავარჩხილზე თურმე ჯადოსნური ლურჯი ფრინველიც ბუდობს:

 

 

 

რამდენიმე დეკაც ვიპოვეთ, დავბრუნდით და ცეცხლი დავანთეთ.

 

 

 

 

მერე ვივახშმეთ. ერთი შავი პური მქონდა აქამდე გადანახული - ცელოფანში შეფუთული უსაფუარო დაუჭრელი, მაინტერესებდა რამდენ ხანს გაძლებდა, რომ სხვა დროისათვის გვცოდნოდა. სხვა პურებისაგან განსხვავებით, კარგად გაუძლო გამოცდას - ახალივით იყო და ძალიან გემრიელი. ამის შემდეგ უკვე ორცხობილებზე ვრჩებოდით მთლიანად. გავყავით ხუთად და ძმურად გავინაწილეთ კენჭისყრის მეთოდით. ბოლოს შემორჩენილი ყუის პატარა ნაწილი ორ ლარად ონისეს მივყიდე, რომელმაც მისი ნახევარი იქვე მიასაღა გოგას ხუთ ლარად. აი ასეთი კარგი პური იყო.

 

გადავწყვიტეთ კარგად დაგვესვენა და დილიდან მეორე, "მთავარ" ტობავარჩხილზე გაგველაშქრა. როგორ უნდა წავსულიყავით ისევ არ ვიცოდით, სამაგიეროდ ვერსიები ისევ უამრავი გვქონდა. მათ შორის საერთოდ არწასვლისა და აქედან უკან დაბრუნებისა. ამას სიტუაციის გარკვეული დაძაბვა მოჰყვა.

 

ლაშქრობაში და საერთოდ მსგავს მეტნაკლებად ექსტრემალურ სიტუაციებში ყველაზე ცუდი იდეაა ვინმე აიძულო შენი აზრი გაიზიაროს. სჯობს ყველამ ერთიდაიგივე სისულელე გააკეთოს, ვიდრე ერთმა რაიმე ჭკვიანური დაიჟინოს. გამონაკლისი შეიძლება იყოს შემთხვევა, როცა ვინმე პერსონალურად პასუხისმგებელია სხვაზე, ისიც მაშინ თუ იმ სხვამაც იცის ეს და ეთანხმება ამას. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ხედავ, რომ სისულელეს აკეთებენ, რაც შენ არ გინდა, სჯობს გატრიალდე და მარტო წახვიდე. თუ მიგაჩნია, რომ ეს კიდევ უფრო დიდი სისულელე იქნება, მაშინ იყავი სხვებთან ერთად. უკეთესი უარესი სჯობია უარეს უკეთესს.

 

Утро вечера мудренее, როგორც ამბობენ, და ჩვენც გავშალეთ კარვები, დილემის გადაწყვეტა კი დილას მივანდეთ.

 

 

ღამე ტობავარჩხილზე. დასასრულის დასაწყისი.

 

ღამით წვიმამ იმძლავრა, და მალე ისეთ კოკისპირულში გადაიზარდა, კარავზე წვეთების ხმა კი არ ისმოდა, არამედ ჩანჩქერივით განუწყვეტელი ჩხრიალი, გეგონება მართლა კოკით ასხამენო კარავზე წყალს, ოღონდ რაღაც უშველებელი, მინიმუმ კარვისხელა ყელის მქონე კოკით. სადღაც სასიამოვნოც კი იყო - რა ჯობია კარავში რომ წევხარ შენთვის მშრალად, თბილად, ყურშასთან ჩახუტებული და წვიმის ხმას უსმენ. მართალია არც მთლად მშრალად ვიყავი და სითბოც მარტო იქ იყო, სადაც ყურშა მოიკალათებდა, და ყურშაც არ იყო მთლად მშრალი, მაგრამ მაინც კარგი იყო. ყოველ შემთხვევაში იმასთან შედარებით, რაც მერე მოხდა.

 

ყურშას რაც შეეხება, უნდა ითქვას, რომ სიცივეში მართლაც ძალიან ეფექტური საშუალებაა, თან ინტერაქტიული - სწორედ იქ მოიკალათებს, სადაც ყველაზე მეტად გცივა. არ ვიცი, დაემთხვა თუ რა იყო, საძილეში შემოვიდოდა თუ არა პირდაპირ ფეხებისკენ გაძვრებოდა, რომელიც სიცხეშიც კი გაყინული მაქვს ხოლმე. როგორც კი იქ სასურველ მიკროკლიმატს დაამყარებდა, ამოძვრებოდა მუხლებთან ან სხვაგან, სადაც ყველაზე მეტად ვგრძნობდი სიცივეს ჩემს ვითომ -5 გრადუსიან საძილეში, და ასე მოგზაურობდა მთელი ღამე. ცოტა მეტი სიცივე რომ ყოფილიყო, ალბათ გავაქირავებდი კიდეც ყურშას, ვთქვათ საათში 5 ლარად. ისიც სველს, მშრალი კი - 10 ლ/სთ!

 

ნახევრად ძილბურანში მყოფი წვიმის ხმით ვტკბებოდი. ფეხი გავანძრიე, რაღაც მემძიმა ფეხებთან. ყურშა? არა, ყურშა ზურგთან მეწვა და ყურში მიბერავდა სულს სუნთქვისას. კიდევ შევანძრიე ფეხი და წამოვწიე კიდევაც; აშკარად მძიმე იყო და... ჭყაპუნებდა! გადავტრიალდი გვერდზე წამოსაჯდომად, და გვერდთანაც რაღაცამ გაიჭყაპუნა. რაღაცამ რა - წყალმა. წამოვჯექი,
შუქი ავანთე
 და მივიხედ-მოვიხედე - კარავში ლამის მუხლებამდე წყალი იდგა.

 

ჩემს კარავს ქვემოდან მთლიანი "ტაშტი" აქვს, 6-7 სმ სიმაღლის. ეს კარგია - გარედან წყალი ვერ შემოვა. სამაგიეროდ თუ წყალი საიდანმე ჩამოვიდა კარავში, ისიც ვერსად ვერ წავა და შიგნითვე გუბდება. მალე კარავში წყლის შემოღწევის სულ ცოტა სამი მიზეზი ვიპოვე - ცუდად (არა ბოლომდე) დაკეტილი ელვა შესაკრავი, საიდანაც მთელი ნაკადული მოწანწკარებდა, კარვის კედლისა და "ტაშტის" გადაბმის ადგილები, რომელზეც წყალი ვერც მოხვდებოდა, გარე ტენტი რომ სწორად გამეჭიმა ცალკე კლანჭებზე (მე ის იქვე დავამაგრე, სადაც კარვის კუთხე მაგრდებოდა, ამიტომ ზედა ტენტი კარვის კედლებზე იყო დაფენილი და ფაქტობრივად უფუნქციო იყო), და კარვის კედელზე მთელ სიგრძეზე მიყუდებული ზურგჩანთა, რომელსაც ბალიშად ვიყენებდი (არადა მანამდე ყველას იქეთ ვაფრთხილებდი კედელზე არაფერი დაეტოვებინათ შეხებაში). საღამო ისეთი ვარსკვლავიანი იყო, რომ თავს უფლება მივეცი ასე დაუდევრად მოვქცეულიყავი, თუმცა მე თვითონ ვუთხარი ბიჭებს, ეს თბილისი არ არის, ამინდი გაცილებით სწრაფად იცვლება და ვარსკვლავებიანი ცა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ღამით კარგი ამინდი იქნება-მეთქი. მოკლედ, სხვისთვისაა ჭკუის სწავლება ადვილი, ჭკვიანურად მოქცევა კი გაცილებით ძნელია.

 

გარეთ გასვლა კი არა, გახედვა არ შეიძლებოდა, ისე ასხამდა წვიმა. გარე ტენტი რადგან სწორად გაჭიმული არ იყო, კარს "ქუდი" არ ჰქონდა და კარი რომ გამეღო, დახრილი კედლიდან წვიმა წამში გაავსებდა კარავს. თუმცა კარავში მშრალი ბევრი არაფერი იყო დარჩენილი, რაც იყო იმის გადარჩენა მაინც უნდა მეცადა. გავაკეთე პატარა გორა უიმედოდ სველი რაღაცებისგან და ზედ შემოვდე ეს ნარჩენები. ყურშა წყალში იჯდა და ნამძინარევი თვალებით მადევნებდა თვალყურს. მერე გორაზე დააპირა აძვრომა, მაგრამ ჩამოვაგდე. უცებ წვიმამ დაიკლო. სასწრაფოდ გავყავი საძილე გარეთ და გავწურე, ავსრუტე წყალი, ისევ გავწურე და რამდენიმე "რეისის" შემდეგ კარავში გუბე აღარ იდგა. თუმცა სხვა სველი ნივთები წყალს უშვებდნენ, მაგრამ ის კარვის დაბალ კუთხეში გროვდებოდა და არც იმდენი იყო, და შესაბამისად არც ისე საშიში.

 

სხვა კარვებშიც რაღაც მოძრაობები იყო გაჩაღებული. გადაძახილებით გაირკვა, რომ მთლად კარგად საქმე იქაც ვერ იყო, თუმცა არაფერი კატასტროფული.

 

მე და ყურშა შეძლებისდაგვარად უსაფრთხოდ მივიკუნჭეთ კარვის შუაგულში (არადა როგორც წესი მიკუნჭვა კუთხეში ხდება) და თავი მოვიმძინარეთ. წვიმამ ისევ დაასხა.

 

ჯერ კიდევ დაძინებამდე უღელტეხილის მხრიდან მძლავრი გრუხუნი მოისმა. თოფის ან რამე ეგეთის გასროლას არ ჰგავდა, უფრო კლდის აფეთქებას - სიძლიერითაც და მთავარ ხმას მომყოლი "ნარჩენი" გრუხუნებითაც. შუაღამისას კლდეებს არ აფეთქებენ, უკაცრიელ ადგილებშიც კი. ასე რომ ვერაფერს ვერ მივამგვანეთ ეს ხმა. მოგვიანებით კიდევ ერთხელ გაისმა ისეთივე ხმა, შეიძლება უფრო ძლიერიც კი. 

 

აღმართისა არ იყოს, ყველა ღამეც როდესღაც მთავრდება. ის ღამეც დამთავრდა, უბრალოდ ჩვეულებრივზე ცოტა ადრე - გათენებულიც არ იყო წესიერად, რომ ფეხზე ვიყავით მეც და სხვებიც, რაც, როგორც წესი, ჩვენ არ გვემართება ხოლმე - ყველანი ერთმანეთზე ძილისგუდები ვართ.

 

 

ვერცხლის ხარი

 

ტობავარჩხილოლოგია ახალგაზრდა მეცნიერებაა და გაუგებრობებიც საკმაოდაა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ხოლო როცა პროფესიონალები სდუმან, მოყვარულები თვითონ აკეთებენ თავიანთ სამოყვარულო საქმეს. ასე მოხდა ამ ტბების სახელებთან დაკავშირებით: უფრო სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მომცრო ტბას  სამი სახელი ჰქვია - ოხოჯე, პატარა ტობავარჩხილი და ცაშკიბულის ტობავარჩხილი, უფრო ჩრდილო-დასავლეთით მდებარე, თითქმის სამჯერ უფრო დიდ ტბას კი - ასევე სამი: ტობავარჩხილი, დიდი ტობავარჩხილი და ჭითაგვალას ტობავარჩხილი. მესამე სახელები - ახლომდებარე მთების - ცაშკიბულის (დაახლოებით ითარგმნება როგორც ცაში ასასვლელი კიბე) და ჭითაგვალას (წითელი მთა) - სახელებიდანაა. ტობავარჩხილი გავრცელებული მოსაზრებით ვერცხლის ტბას ნიშნავს (ტობა არის როგორც ტბა, ასევე ღრმაც, ვარჩხილი კი - ვერცხლი), თუმცა მსაზღვრელ-საზღვრულის ასეთი თანმიმდევრობა მეგრულისთვის უცხოა (ქართულისთვისაც, თუ მსაზღვრელი ნათესაობითითაა წარმოებული, და არა ვთქვათ, ქვაქანქარას მსგავსად. ყელის ტბას, მაგალითად, წარმოუდგენელია ტბაყელი ერქვას) და ამ სახელის წარმოშობა იქნებ სულ სხვა მიმართულებითაა საძებნი, მაგრამ ეს ჩემი აზრია, ჯერაც ჩამოუყალიბებელია და რაც მთავარია, სულ სხვა საუბრის თემაა.

 

რაც შეეხება ოხოჯეს (სახარე, ხარების ადგილი), ეგ საერთოდ არ ჰქვია ამ ტბას, არამედ ამ ადგილის სახელია. შეიძლება წარსულის მეჯოგეებს ხარები ჰყავდათ ძროხებისაგან განცალკევებით აქ, ამ ბუნებრივ ბაკში (ტბა სამი მხრიდან თითქმის შვეული კლდეებითაა გარშემორტყმული, მეოთხე მხარეს კი ასევე შვეული ქარაფია, ამიტომ აქ შემორეკილი საქონელი თავისი ნებით ძნელად თუ გადაივლის ამ დაბრკოლებებს. თუმცა ძროხები წარმოუდგენელ ადგილებში ადიან და ასეთ ციცაბო ფერდობებზე არხეინად ბალახობენ კიდეც), რათა თავიანთი აქტიურობით არეულობა არ შეეტანათ მათ ძროხულ ცხოვრებაში. ტბისთვის ამ სახელის მიკუთვნება საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკის დამსახურებაა, როგორც სჩანს, რომლის შემდგენლები დიდად არ იწუხებდნენ თავს ტოპონიმების კვლევით და მათი სწორად დაწერითაც კი (ცაშკიბულს ამ რუკაზე Цацкибали თუ რაღაც ეგეთი ჰქვია).

 

ასეა თუ ისე, ეს დასახელებები ტოპონიმებად თუ არა, ტურისტებისათვის საორიენტაციოდ მშვენივრად გამოდგება, ხოლო რა დამკვიდრდება საბოლოოდ და ამოიღებენ თუ არა ოდესმე ხმას ამ საქმის სპეციალისტები, ამას დრო გვიჩვენებს.

 

მოკლედ, ჩვენ ახლა ოხოჯეზე ვიყავით. ინათა თუ არა, კარვიდან გამოვძვერით. ტბაში ჩასვლის სურვილი ყურშასაც კი არ გამოუხატავს. ნისლის გამო ტბა სანახევროდაც არ ჩანდა. მალე სხვებიც გამოვიდნენ და საბჭოც შეიკრიბა, მაგრამ ტობავარჩხილზე წასვლა-არწასვლის საკითხიც კი არ დასმულა; წუხანდელი დილემა ახლა ასე ჩამოყალიბდა: გვესაუზმა თუ ახლავე მოგვეძუძგა აქედან, სანამ უბრალო თავსხმა წვიმა იყო და ხედვა - მთელი 10 მეტრი. გაიმარჯვა მეორე ლემამ.

 

 

მარშგარბენი

 

სასწრაფოდ ავკრიფე კარავი. საძილე, მიუხედავად მთელი ძალით გაწურვისა, სულ ცოტა 5 კილო იქნებოდა. მისი აქედან წათრევა თვითმკვლელობას უდრიდა, მეც გავფინე ბალახზე და დავტოვე - თუ ვინმეს გამოადგა ხომ კაი, თუ არადა იმედია დანაგვიანებაში მაინც არ ჩამეთვლება.

 

ახლა გამოვლინდა რა შესძლებია ადამიანს - დღემდე გაოცებული ვარ რა ჭენებ-ჭენებით გამოვიარეთ ორი თუ არა, დღენახევრის სავალი მაინც 6 საათში. ბარგი პრაქტიკულად იგივე გვქონდა, დასველებას თუ გავითვალისწინებთ - შეიძლება უფრო მეტიც, პლუს თავსხმა წვიმა, რომელიც ხშირად კოკისპირულში გადადიოდა და ზოგჯერ - სახელიც რომ არ ჰქვია ისეთ რაღაცაში, და მაინც, ონისესი არ იყოს - რომ წარმოვიდგენდით კიდევ ერთი ღამის გათევას სველ კარავში სველი ტანსაცმლითა და საძილეებით, ერთმანეთს ვასწრებდით ისეთები მოვქროდით რაღა დაღმართში და რაღა აღმართში. ყურშას წინ და უკან სირბილის დრო აღარ რჩებოდა, ისედაც მთელი ძალით მორბოდა რომ არ ჩამოგვრჩენოდა.

 

უღელტეხილზე ასვლისას ბიჭებმა დაინახეს - თოვლის გუმბათი ჩაქცეულიყო. ალბათ მისი ხმა იყო წუხელ რომ გვესმოდა.

 

გზად ჩვენი მონადირეები შგვხვდნენ - სამნი ტურისტებს მიაცილებდნენ ტობაზე, ორნი ცოტა უკან მოდიოდნენ და ხეობაში აპირებდნენ ჩასვლას დასაზვერად, სანამ დანარჩენები დაბრუნდებოდნენ ტობადან. წარმატებები ვუსურვეთ და ისევ გამოვქანდით.

 

 

 

ერთ-ერთ მთაზე ყველა ამ სიკეთეს ძლიერი ქარიც დაერთო. ნისლი უკვე აღარ იყო, მაგრამ ამ ქარს ისევ ნისლი სჯობდა. თან რა უცნაური ქარი იყო - ყველა მხრიდან ერთდროულად უბერავდა და ყველა მხრიდან გვასხამდა წვიმის წყალს. გიომ - ნამდვილი ბონუს-ლეველიაო. მეც დაახლოებით ასეთი შთაბეჭდილება მქონდა. თუმცა მთავარი ბონუსი თურმე ჯერ წინ გვქონდა.

 

მესამე ქოხში პირველები მე და მიშა მივედით. მონადირეების დანატოვარი ცეცხლი ჯერ კიდევ იყო, მაგრამ გაჩერება არ ღირდა - ჩვენი გაშრობა იქ ერთ და ორ დღეში არ მოხერხდებოდა, მითუმეტეს, რომ ლამის ისევე წვიმდა ქოხში, როგორც გარეთ. მალე ორი მონადირეც მოვიდა - რა უნდა დაზვერო ამ ნისლში და წვიმაშიო. აქ ერთი უსიამოვნო ფაქტი გაირკვა - მონადირეების დატოვებული მარაგი ვიღაცას მოუპარავს. თან რა მარაგი - ორიოდ კილო კარტოფილი, შაქარი, ნახმარი ფეხსაცმლები და სხვა განძეული. ეჭვი ჩვენს წინ დაბრუნებული ჯგუფის გამყოლზე იყო (ტურისტები მაგას რომ არ იზამდნენ ცხადია), რომელიც ისედაც უცნაური ტიპი იყო - ის ჩვენს ბიჭებს შეხვედრია ჩემამდე, და არაყი უთხოვია. ამ გზაზე მიმავალ კაცს არაყი სთხოვო - ეს თავისთავად ანეკდოტია, ორი კილო კარტოფილის წათრევა კი იქ, სადაც გრამებს ითვლის ხალხი - საერთოდ ჯობია უკომენტაროდ დავტოვოთ.

 

სხვათა შორის, ცოტაოდენი არაყი მეც მქონდა წამოღებული მწყემსებისათვის, თუ სადმე გადავეყრებოდით - ლაშქრობის რეპორტებიდან ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ტობავარჩხილის გზაზე მწყემსები არიან ჩამწკრივებული და დასწრებაზე არიან ჩამვლელ ტურისტს ხელი სტაცონ და კარავში წაათრიონ ელარჯის საჭმელად. სპეციალურად გავიკითხე კიდეც, რა იქნებოდა მათთვის ფასეული, რომ ასეთი პატივისმცემელი ხალხი ცოტათი მაინც გამეხარებინა, და არჩევანი არაყზე შევაჩერე, როგორც ყველა დროისა და ხალხის ყველაზე კონვერტირებად ვალუტაზე. მე არაყს არ ვსვამ, ამიტომ ჩემი ბოთლი პირველივე "ფეხოსან" დღეს ბიჭებს მივაჩეჩე იმ პირობით, რომ ტობავარჩხილამდე თუ ასეთი მწყემსი შეგვხვდებოდა, მათთვის მიგვეცა, მაგრამ მწყემსების ამბავი მორიგი მითი აღმოჩნდა (ან სეზონი გასული იყო) და ის არაყი ოხოჯეზე გადაცეცხლეს.

 

გავაგრძელეთ გზა და მალე მეორე ქოხში ჩამოვედით. მიშო ქოხში დამხვდა, შემდეგ გიო მოვიდა, მერე ონისე. გოგა არ ჩანდა, არადა ის ყველაზე წინ მოდიოდა. აშკარა იყო, რომ გზა დაებნა. ერთ საათამდე ველოდეთ, მერე შევადგინეთ გეგმა - რაღაც ხომ უნდა გვექნა - და დავინაწილეთ როლები: ორნი უკან აბრუნდნენ საძებნად, მიშა ქოხში დარჩა, მე მანქანისკენ წავედი, მაგრამ გზა ამებნა, სხვა მიმართულებით წავედი და სხვათა შორის მიტოვებული სამანქანე გზა ვიპოვე - ეტყობა ადრე მანქანები აქამდეც ამოდიოდნენ, ოღონდ დიდ ხნის წინ - ზედ გზაზე სულ ცოტა 5-6 წლის ხეები იყო გაზრდილი, შეიძლება მეტისაც - აქ ალბათ ნაკლებ ტემპში იზრდებიან ხეები. უკან რომ მოვტრიალდი, ისევ გადავუხვიე ჩემი ნავალიდანაც და აღმართის ნაცვლად დაღმართში მოვხვდი, თან ბილიკიც დავკარგე და უვალში შევედი. ბოლობოლო ყურშას გავყევი და უცებ მიმარბენინა ქოხთან. ყურშა ქოხიდან წამოსვლისას ხელით წამოვათრიე, ისე არ უნდოდა წამოსვლა, და მთელი გზა ჩემს უკან მოჩანჩალებდა, ის რომ წინ წასულიყო, კი მიმიყვანდა მანქანასთანაც.

 

ქოხში რომ მივედი, მარტო მიშა დამხვდა. ერთი საათი გასულიყო. კიდევ ორ საათში ბიჭები უნდა დაბრუნებულიყვნენ, ასე გვქონდა დათქმული, და თუ მარტო იქნებოდნენ, უკვე რადიკალური ზომების მიღება უნდა დაგვეწყო. საბედნიეროდ, მალე ხმები გაისმა და შემოჟივილხივილდნენ სამივენი. გოგას გზა სწორედ იმ ადგილას შეშლია, რომელიც რამდენიმეჯერ ვახსენეთ და ე. წ. 3.5-ქოხში ამოუყვია თავი, იქედან რამდენიმე გზა მიდიოდა თურმე, და ყველა სათითაოდ მოუსინჯავს - ზოგი მალე დამთავრდა, ზოგი აშკარად სხვა მხარეს მიდიოდა, და ბოლოსდაბოლოს მოუგნია ჩვენი ბილიკისათვის. მეტი აღარ გავჩერდით (წვიმა ამ ქოხშიც ჩამოდიოდა), გამოვაპანჩურეთ ყურშა, რომელსაც ძალიან გაუტკბა ცეცხლთან წოლა, და წამოვედით. სულ მალე მანქანასთან ვიყავით. აქ მშრალი ტანსაცმელი დაგვხვდა. ეს ბედნიერება იყო.

 

მუხურში რომ ჩამოვედით, კარგა დაღამებული იყო. დავემშვიდობეთ ჩემი მანქანის მასპინძლებს, მარტვილში ვივახშმეთ (იმდენი ვიძახეთ რამე ნამდვილი მეგრული გვაჭამეთო, რომ მერე ენები მანქანის ფანჯრებიდან გვქონდა გადაყოფილი გასანიავებლად), და ღამის გასათევად გოჭკადილში წავედით, ოჯახურ სასტუმროში.

 

 

ნამდვილად მეცოდება ისინი, ვისაც კარავში ღამე არასოდეს გაუთევია - მათ ხომ არ იციან, რა ბედნიერებაა ლოგინში ძილი.

 

დილით ვისაუზმეთ, კანიონებზე გავისეირნეთ და წამოვედით, თან გზადაგზა ვჩერდებოდით - ხან საჭმელად, ხან ისე, საინტერესო ადგილებზე. შევიარეთ ნავენახევის მღვიმეში, მაგრამ დაკეტილი დაგვხვდა - კაი ხანია აღარ მუშაობენო, ადგილობრივებმა გვითხრეს. ასე ჩამოვედით თბილისში.

 

 

 

მერე? 

 

დამთავრდა ჩვენი პირველი მოგზაურობა ტობავარჩხილზე.

 

პირველი იმიტომ, რომ...

 

მართალია ჩვენ ვერ მივაღწიეთ დიდ ტობავარჩხილს, ანუ ჭითაგვალას ტობავარჩხილს, ანუ ნამდვილ ტობავარჩხილს, მაგრამ...

 

მაგრამ:

 

 

 

 

 

 

 

გაგრძელება - 1 წლის შემდეგ. 

 

 

 

 

 


 

ყველა სურათი მოთავსებულია რესურსზე http://imgsrc.ru. სრული გალერეის ნახვა შეიძლება პირველ სურათზე ჩხვლეტით.

 

დიდი მადლობა  http://karavi.ge-ს ფორუმელებს და ყველას, ვინც დაგვეხმარა სიტყვით თუ საქმით.