Home ბლოგები ყურშას ბლოგი სამნი ტობავარჩხილზე (ძაღლის ჩათვლით და ცხენის ჩაუთვლელად)

Facebook Like

საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ

Ctrl+ENTER

სისტემა Orphus

Mini-Chat

Counter.CO.KZ - a free web-counter on any taste!

შემთხვევითი ანეკდოტი

 

– აბა ნახვამდის! ბებიას და ბაბუას მოკითხვა გადაეცით!

– რომელ  ბებიას და ბაბუას, ექიმო? რა ხანია ისინი გარდაიცვალნენ!

– მეც მაგას ვამბობ – მალე შეხვდებით და მომიკითხეთ!

 


 

სამნი ტობავარჩხილზე (ძაღლის ჩათვლით და ცხენის ჩაუთვლელად)

(15.08. - 25.08.2014) 

 

 

დადგა ის დროც, როცა უნდა შესრულებულიყო შარშანდელი დაპირება. თუმცა აღარა გვყავს მაშინდელი მოვლენების მთავარი გმირი - ჩვენი მხიარული, დაუზარელი და სიცოცხლით სავსე ყურშა - ღრუჩუნა, რომელმაც თებერვალში დაგვტოვა, სამი ექიმის ექსპერიმენტებით გაწამებულმა. ახლა ახალი ყურშა გვყავს - ყვანჩო. იმედია მასზე გადავა ის, რაც ღრუჩუნამ დატოვა ჩვენში და ჩვენს გარშემო და ესეც ისეთივე სუპერღრუჩუნა იქნება. ღრუჩუნას სურათი კი მაისურზე დავაბეჭდინე და ის მაინც ჩვენთან ერთად წამოვა ტობავარჩხილზე.

 

ამ სურათზე ჩხვლეტით შეიძლება სრულ ფოტოალბომში გადასვლა 

 

ტობაზე გასამგზავრებლად მზადება განსაკუთრებული ექსცესების გარეშე დაიწყო; წამომსვლელების რიცხვმა, როგორც ყოველთვის 100 000-ს მიაღწია. შემდეგ გამოგვაკლდა 180 კაცი, რომლებიც უფრო ადრე წავიდნენ ტობავარჩხილის ფესტივალის ფარგლებში, ანუ მოკლედ TV-fest-ზე, ანუ მოკლედ და გასაგებად - ტვარჩხფესტზე. დარჩენილი 99 820 კაციდანაც ზოგს რა გადაუდებელი გარემოებები გამოაჩნდა და ზოგს - რა ობიექტური მიზეზები. საბოლოოდ დავრჩით მე, ყურშა და გიო - ჩემი ზუგდიდელ-წალენჯიხელ-ქუთაისელი კოლეგა და თანამშრომელი.

 

ძალიანაც კარგი - меньше народа - больше кислорода!

 

 

ტობავარჩხილისაკენ

 

15-ში, დილის 5 საათისთვის ჟვაბუს მიერ მიღებულ იქნა სრული სალაშქრო ეკიპირება, ასევე ჩემი და ყურშას პერსონები, და გავუდექით გზას. ქუთაისში გიოს შევეხმიანე - ისიც მზად იყო. შევთანხმდით მუხურში შეხვედრაზე.

 

 

ხონს იქეთ გზა შემეშალა და ულამაზეს ადგილას ამოვყავი თავი:

 

2014-08-15 08-31-26.JPG

 

 

 გავასწორე კურსი და გავაგრძელეთ გზა.

 

 

შიგადაშიგ ვჩერდებოდით და ყურშა გარემოს ითვისებდა:

 

 

ასე ჩავედით მუხურში.

 

ხიდთან მოლაშქრეთა ორი ჯგუფი სტარტზე იყო უკვე, ერთი გამვლელ მანქანას ელოდებოდა, მეორე - მანქანის დაქირავებას აპირებდა და პირველი ჯგუფის გადაბირებას. გამვლელ მანქანას მგონი გადააფიქრებინეს კიდეც წასვლა - მოკლედ, რაღაც ადგილობრივი ბიზნეს-ინტრიგები მიმდინარეობდა.

 

 

მე და გიოს ეს ამბავი ნაკლებად გვაღელვებდა, ყურშას - მითუმეტეს - ჩვენ ცხენით ვაპირებდით წასვლას და მანქანით საქმის წინ წაგდება არ გვჭირდებოდა. ცხენი გიომ იშოვა კიდეც ნაცნობებში, ოღონდ დაუჭედავი აღმოჩნდა. საერთოდ, ცხენების მთელი პარკი ზემოხსენებული ტვარჩხფესტისთვის აღმოჩნდა მობილიზებული და სოფელში ცხენების დიდი დეფიციტი იყო.

 

 

ჭედილა ცხენი

 

მე და გიომ წალენჯიხაში ვისადილეთ, გზად სქურში გამოვიარეთ და იქაური შესანიშნავი წყალი დავიმარაგეთ. სანამ მუხურში დავბრუნდით, ჩვენი ცხენიც მიიყვანეს იქ, სადაც დაჭედვის ცერემონიალი უნდა შემდგარიყო.

 

 

ჩვენს ცხენს დობრა ერქვა. მართლა კეთილი ვინმე კი იყო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, როგორც ვნახავთ მომავალში. არასოდეს არ უნდა დაეყრდნო მხოლოდ ერთ რომელიმე თვისებას, როცა თვისებების მთელი კომპლექსია შედეგის განმსაზღვრელი.

 

მოკლედ, დობრა უნდა დაგვეჭედა. ამისათვის მიგვასწავლეს უებრო მჭედელი უცნაური სახელით - მამედა. წავედით მის წამოსაყვანად ცხენთან.

 

მამედა მხიარული მოხუცი აღმოჩნდა, და მხიარულად გვითხრა, მე კი არ უნდა წამიყვანოთ - ცხენი უნდა მოიყვანოთ აქეთო, მაგრამ იმ პაპანაქებაში სამ კილომეტრზე ცხენის ტარებას ვარჩიეთ ისევ მამედა დაგვეკერა "ამბულატორიულ მომსახურებაზე".

 

 

თურმე ვიღაც მამედა მის ბავშვობაში ცნობილი ქურდი ყოფილა და მამამისს მისი სახელი დაურქმევია, რომ ისიც ისეთივე საამაყო კაცი გამოსულიყო. აი რეები ხდებოდა მაგ დროს.

 

წამოვიყვანეთ მამედა და სანამ დობრას დაჭედავდნენ, მე და ყურშამ დრო ვიხელთეთ და ხობისწყალში ვიჭყუმპალავეთ. უამრავი ხალხი იყო ხიდზეც და მიმდებარე ტერიტორიაზეც.

 

 

 

 

 

 

 

როცა სოფელში დავბრუნდით, აღმოჩნდა, რომ დობრას დაჭედვა მამედას ვერ მოუხერხებია და ასეთი რეკომენდაცია დაუდევს - ეს ცხენი სამი დღე უნდა ამუშაოთ, რომ დაიღალოს და მერე დავჭედავო. მოგვიწია მეორე მჭედელთან მისი წაყვანა, საკმაოდ ახლოს - მდინარეზე ფონით გადავიდნენ და იქვე ცხოვრობდა, ჩვენ გზიდან შემოვიარეთ, დაახლოებით 6-7 კმ.

 

კარგა რთული პროცესი ყოფილა ცხენის დაჭედვა, მეორემაც მაგრად იწვალა. თან ნალები მამედას გამოვართვით სამი ცალი, მეოთხის დამზადებას ლამის საათი მოუნდა.

 

ესეც ჩვენი დობრა, მისი პატრონი და მჭედელი:

 

 

მჭედელს სახლში დედალი ღრუჩუნა ჰყოლია:

 

 

როგორც მდედრს შეეფერება, ისეთი ანჩხლი და წუნკალა იყო, კინაღამ ცხენიანად შეგვჭამა სუყველა, ყურშაც კი არ დაინდო, რომელიც სხვა ძაღლებთან უკვე დამეგობრებული იყო.

 

დიდი ვაივაგლახით და სხვადასხვა მონაწილეთა სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენის შემდეგ, როგორც იქნა დაჭედეს დობრა. დაბლატაობდა მერე ეზოში ახალი ნალებით. ნამდვილი ჭედილა იყო, სხვა ცხოველს რომ არ რქმეოდა ეს სახელი.

 


 

 

შემდეგ დაიწყო ცხენზე ბარგის აკიდების პროცესი, რაც ასევე საკმაოდ რთული მეცნიერება აღმოჩნდა, შემდგომში კი აღმოჩნდა, რომ ის კიდევ უფრო რთული ყოფილა, ვიდრე შემდგომში აღმოჩნდა...

 

ბარგი უამრავი გვქონდა, მათ შორის მთელი ყუთი ნამცხვარი. ყველაფრიდან ჩანდა, რომ არც მე და არც გიო არ ვაპირებდით ჭამაში რაიმე ზომიერების ფარგლებში დარჩენით შეგვეწუხებინა ჭეშმარიტება.

 

 

 

 

 ავკიდეთ ეს ყველაფერი ცხენს, დავემშვიდობეთ მასპინძლებს, გადავიღეთ სურათები. როგორც იქნა, კადრში მოვხვდი.

 

 

 

 და როგორც იქნა, დავადექით გზას. ხიდთან რომ მივედით, უკვე 8 საათი იყო.

 

 

 

 

კაცი ბჭობდა, ცხენი ხვიხვინებდაო

 

საცაა დაბნელდებოდა. სამაგიეროდ აგრილდა - ზოგი ჭირი მარგებელიაო. გადავწყვიტეთ გვესარგებლა ამით და გვევლო მთელი ღამე. წინააღმდეგი არავინ არ იყო - დობრა საერთოდ არ ამჟღავნებდა რამეზე წინააღმდეგობის ტენდენციას, ყურშა კი ყველაფერზე თანახმა იყო.

 

საერთოდ, რა გოიმობაა დღისით სიარული! უნდა იარო ღამით, დღისით კი დაიძინო. ეს ხომ დღესავით ნათელია!

 

ჩვენც ავდექით და წავედით. რაღაც ასე...

 

მალე სულ ჩამობნელდა. ღრუბლიანი ღამე იყო და ისე ბნელოდა, სურვილის შემთხვევაში ამქვეყნიური და იმქვეყნიური არსებების მთელ ლეგიონებს დათვლიდი გარშემო. ძალიან გამოგვადგა ნათურიანი სანთებელები. ქვემოდან ხობისწყალი გვამხნევებდა ალერსიანი ღრიალით.

 

ლუგელას წყაროსთან ჩავუხვიეთ და ვივახშმეთ თუ ვისაუზმეთ, ან შეიძლება ვისადილეთ კიდეც. ავიღეთ ერთი ლიტრი ლუგელას წყალიც მარაგში.

 

ზემოხსენებული სიბნელის გამო იმ ღამის სურათები არ გადაგვიღია, მოგიწევთ სიტყვაზე მენდოთ ყველაფერში.

 

გადაწყვეტილი გვქონდა ღამით გაგვევლო მთელი ის მონაკვეთი, რაც გზა ხობისწყალს მიუყვება, და ბოლო წყაროსთან კი არ აგვეხვია, არამედ წავსულიყავით პირდაპირ, საკალმახესთან დაგვებანაკებინა და იქ გაგვეთია ღამე (თუ დაგვეღამია დღე). მაგრამ ... 

 

დილის 4 საათისთვის მივადექით ცნობილ ბოგირს, რომლის ქვეშაც აქაფებული მთის ღელე მიღრიალებს. აქ გამოაჩინა დობრამ პირველად კლანჭები - უარი განაცხადა ბოგირზე გადასვლაზე.

 

ვექაჩეთ ლაგამზე დობრას, ჯოხებიც მოვცხეთ გავაზე, ვეხვეწეთ, ვემუქრეთ, ნატოში შეყვანას დავპირდით - შენც არ მომიკვდე: მივიდოდა თუ არა ბოგირთან, ისეთი გაჯორდებოდა, შესაბამისი ცხოველიც კი შურით გასკდებოდა. ავახვიე მაისური თვალებზე, რომ არ დაენახა სიმაღლე, ყურებში საყურისები გავუკეთე, რომ ღელის ხმაური არ გაეგონა და I believe I can fly ჩავურთე - არ უშველა არაფერმა.

 

რაღას ვიზამდით, გავშალეთ პოროლონები და გავიშხლართეთ ზედ უკარვოდ იმის იმედით, რომ წვიმა არ წამოვიდოდა, დილით კი რამეს ვიღონებდით.

 

შვიდის ნახევარზე გიომ გამაღვიძა - ადე, უკვე იქეთ ვართო. თურმე წალენჯიხელ მოლაშქრეებს გამოუვლიათ ცხენიანი გამცილებლით, და გადაუყვანიათ ჩვენი დობრა ბოგირზე. მეც ავითრიე წელი, ავკიდეთ ბარგი დობრას და განვაგრძეთ გზა. აქ აღმოვაჩინე, რომ სიარულისას ისევე შეიძლება ძილი, როგორც ჭამისას - ლაპარაკი, რამდენიც არ უნდა ამტკიცონ საპირისპირო.

 

 

 

აქვე აღვნიშნავ, რომ ბოგირქვეშ რაღაცრაღაცები დავმალე, რასაც აშკარად ტყუილად მოვათრევდი. დავმალე და საგულდაგულოდ შევნიღბე ფიჩხებით, ისე, რომ ვინმეს რომ იქ შეეხედა, ეგრევე მიხვდებოდა აქ რაღაცაა დამალულიო.

 

 

შემდეგ მშვიდობიანად გავაგრძელეთ გზა. ყურშას წუმპე არ გაუშვია შიგ არ ჩამხტარიყო:

 

 

დასკვნა: ყველა ყურშა ერთნაირია!

 

 

აღმართი. პრაქტიკულად მოსაყოლიც არაფერია

 

მალე მივაღწიეთ "ბოლო წყაროს" - აქ გზა მარცხნივ უხვევს და მთაზე ადის, ვემშვიდობებით ხობისწყალს.

 

 

 

სიცხეში აღმართში სიარული სულ არ არის სასიამოვნო, მაგრამ აუცილებელია, თუ ის აღმართი ასავლელი გაქვს. ჩვენც რაღა დაგვრჩენოდა - მივდიოდით. ცხენის ფაქტორმა მოსალოდნელზე ნაკლებად გააადვილა ეს პროცესი. მართალია ზურგჩანთა არ მქონდა აკიდებული, მაგრამ ზურგჩანთას, რაც არ უნდა მძიმე იყოს, ბოლობოლო ეჩვევი კაცი და ვეღარც ამჩნევ მერე, ცხენი კი, რომელიც აღმართში ხან ჩქარა არბის, ხან ძალიან ნელა ადის, დაღმართში ყოველთვის ნელა ჩადის, თან სულ ქაჩვა და დევნა სჭირდება - საკმაოდ რიტმის დამშლელი აღმოჩნდა, საბოლოო სვლის ტემპი კი საგრძნობლად დაბალი გვქონდა.

 

ბარგის ცხენზე აკიდების სპეციფიკის გამო ზურგჩანთებიდან და მითუმეტეს ტომრებიდან რაიმეს ამოღება საკმაოდ ძნელი ამოცანა იყო. მოგვიწია სასურსათო პრობლემის მაყვლებით გადაწყვეტა; პატიოსნად გავიყავით გავლენის არეები - მარჯვენა მხარეს რაც მაყვლები იყო, ჩემს საკუთრებად გამოცხადდა, მარცხენა მხარეს - გიოსი. მალე გაირკვა, რომ მარჯვენა მხარეს მაყვალი პრაქტიკულად არ იზრდებოდა, და მომიწია ყველა კონვენციის დარღვევით გიოს მაყვლების ჭამა. დამაფიქრებელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გაუაზრებელმა და დაუბალანსებელმა პატიოსნებამ სრულიად ლოგიკურ უპატიოსნებამდე მიგვიყვანოს.

 

 

ამასობაში შუადღეც გადავიდა. მალე ტობადან დაბრუნებულები შემოგვხვდნენ.

 

 

 

გავისაუბრეთ, გავარკვიეთ, რომ ორივე ტობა ადგილზე იყო, ტვარჩხფესტი დამთავრებულიყო და მისი მონაწილეები უკვე სამანქანო გზაზე იყრიდნენ თავს წყაროსთან. გაირკვა აგრეთვე, რომ მთელი გზა გიოს მაყვლებს ჭამდნენ თურმე.

 

გავაგრძელეთ გზა და როცა გაგვახსენდებოდა, ბუნებისა და მისი ქმნილებების მშვენიერებით ვტკბებოდით.

 

 

განსაკუთრებით მომხიბლავი იყო ბუნება, როცა მზეს ღრუბელი მოეფარებოდა. ეტყობა ძალიან დიდი განათებულობისას ადამიანი ცუდად აღიქვამს მშვენიერებას. თუმცა როცა ნიავი დაუბერავდა, მაშინაც მკვეთრად გვიძლიერდებოდა აღქმის უნარი.

 

ყურშა, როგორც ყოველთვის, წინ და უკან დარბოდა გიოდან ჩემამდე. შუაში კი დობრა მოდიოდა და მასაც აეტორღიალებოდა ხოლმე.

 

 

 

კიდევ კარგი, მართლა საოცრად მშვიდი და კეთილი ცხენი იყო დობრა, თორემ ყურშა მის ფლოქვებს ვერ გადაურჩებოდა. ზოგჯერ პირდაპირ ცხენის ქვეშ მისუნსულებდა, ფეხებს შორის. არ ვიცი, ზურგჩანთიდან სცემდა რაიმე დადებითი სუნები თუ რატომ მიეკედლა ყურშა დობრას ასე ძალიან, მაგრამ თუ ძალიან დავშორდებოდით ერთმანეთს, უმეტეს ხანს დობრას სიახლოვეს ატარებდა. შეიძლება ჩათვალა, რომ ცხენი მისი საპატრონო იყო, ან პირიქით - მასთან ყველაზე იმედიანად გრძნობდა თავს, როგორც ყველაზე დიდთან. ასე იყო თუ ისე, მისმა ამნაირმა ქცევამ მოიტანა კიდევაც ის კატასტროფული შედეგი ჩვენი მოგზაურობის მიწურულს.

 

ფესტივალი

 

საღამოსკენ აგრილდა. ნისლიც წამოვიდა და მალე წვიმაც მოყვა, თუმცა დიდხანს არ უწვიმია, წამოწინწკლავდა ხოლმე ხანდახან, ზრდილობისათვის.

 

 

 

ამასობაში მოვედით კიდეც წყაროსთან, სადაც სამანქანო გზა მთავრდება და ასახვევია მეორე ქოხისაკენ. აქ ფესტივალის მონაწილეები უკვე მანქანებზე ლაგდებოდნენ, ალაგებდნენ ბარგს და ტობადან ტომრებით ჩამოტანილ ნარჩენებს, რომელიც ორგანიზებულად მოუგროვებიათ, რისთვისაც რესპექტ!

 

 

 

ადგილობრივი გამცილებლები უკვე ცხენებს აგროვებდნენ და უკან დასაბრუნებლად (ანუ ზევით, ქოხებისაკენ) ემზადებოდნენ, ამიტომ ასასვლელი ჩაკეტილი იყო. ჩვენც ველოდებოდით. ვნახეთ ნაცნობებიც. დაგვეხმარნენ ცხენზე ბარგის უკეთ მოთავსებაში.

 

მწყემსები და გამცილებლები, ტიპაჟები იყო - ჰოლივუდის ვესტერნებიდან გადმოსული გეგონებოდათ.

 

 

 

აქვე იყო ლომაც - მწყემსების კავკასიური ნაგაზი, რომელსაც ზოგიერთის რჩევით საგულდაგულოდ ვარიდებდით ყურშას, და სულ ტყუილად - გამორიცხულია კავკასიურმა კოკერსპანიელს, თან ლეკვს რამე ავნოს. ლომაც თითქმის ლეკვი იყო - ორ წლამდე, მაგრამ თათი ჰქონდა ყურშას ხელა. ასეთი ძაღლი, მთლად დებილი თუ არ არის, ხმასაც არ გასცემდა, თუნდ სულაც ეკბინა ყურშას. ლომა კი დებილი ნამდვილად არ იყო. მალე დამეგობრდნენ კიდეც, რამდენადაც კავკასიურ ნაგაზს შეუძლია დაუმეგობრდეს ვინმეს.

 

 

მალე მანქანები დაიძრნენ და დავემშვიდობეთ ტვარჩხფესტის მონაწილეებს.

 

 

გამცილებლებიც შეიკრიბნენ ცხენებიანად და აუყვნენ ბილიკს მეორე კარვისკენ, ჩვენც გავყევით.

 

კარავი და კარაველები

 

მოვედით კარავთან. აი ჩემი სახელიც, შარშან ნახშირით მინაწერი ქოხის კედელზე. ქოხის პატრონს არ მოსწონს თურმე ეს წარწერები - ჩამოუვლის და სულ სათითაოდ აგინებს ავტორებს, მაგრამ მოლაშქრეებს ეს დიდად არ აწუხებს და ქოხიც სულ აჭრელებულია წარწერებით.

 

ამ კარეს პატრონს - რაღაც უცნაური სახელი თქვეს - კიდევ ორი კარე აქვს - ერთი ქვემოთ, გზაზე, და ერთიც ამის ზემოთ, ე. წ. მესამე კარავი. მეორე და მესამე კარავს განსაკუთრებით ინტენსიურად იყენებენ მოლაშქრეები, და მით უფრო უცნაურია მათი საქციელი, როცა ცეცხლის დასანთებად სახურავზე ყავრებს აძრობენ, რის გამოც სახურავი სანახევროდ მოშლილია და წვიმისას ყველგან წყალი ჩამოდის. გასაგებია - გათოშილი რომ მოხვალ კარავში, დიდია ცდუნება ნებისმიერი საშუალებით ცეცხლი დაანთო, მაგრამ ამ ცდუნებას თუ ვერ უძლებ და ფიჩხების მოძიება არ შეგიძლია (რომელიც ამ კარავთან ნამდვილად არ არის დეფიციტი, სხვებისგან განსხვავებით), მაშინ ლაშქრობაში რაღა გინდა. შეიძლება ესეცაა კარეს პატრონის რეაქციის მიზეზი, და არა კარვის ესთეტიკური ღირებულების ხელყოფა წარწერებით.

 

სანამ კარავში ვლაგდებოდით, გამცილებლები ზემოთკენ აუყვნენ ცხენებიანად, თან ლომას შემოსძახეს, მაგრამ ლომა რატომღაც არ გაყვა, დარჩა ჩვენთან. მათაც დიდად არ შეუცხადებიათ, წავიდნენ არხეინად. ენდობოდნენ.

 

ისეთი ნისლი იყო, სურათებსაც ვერ ვიღებდი წესიერად.

 

 

 

კარგად არც ვიყავით მილაგებული, რომ მოზრდილი ჯგუფი ამოვიდა. karavi.ge-ს ორგანიზებული ლაშქრობა იყო.

 

 

მე კი წავირაინდე - გოგონებს კარეში დავუთმოთ-მეთქი ადგილი, მაგრამ რის კარაველები იქნებოდენ - გარეთ გაშალეს კარვები ყველამ.

 

კარაველებს გამცილებელიც ჰყავდათ, ცხენით და ძაღლით. ეს ძაღლი ერთი გაძვალტყავებული არსება იყო, მაგრამ მოულოდნელად უარი განაცხადა ლომას მასპინძლის უფლებები ეღიარებინა, რისთვისაც ძლივს გამოვგლიჯეთ ლომას კბილებიდან. გამცილებელმაც, ეს არ მოგვასვენებსო და ლომა კარვის უკან დააბა, სადაც მთელი ღამე დაბმულს მოუწია ყურყუტი. კი შემეცოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. სანამ დავიძინებდით, ვაკითხავდით მეც, გიოც, და რა თქმა უნდა ყურშაც.

 

 

ლომა წაგვართვეს 

 

დილით კარაველები ჩვენზე ადრე აიშალნენ და წავიდნენ. ჩვენც ლომა ავუშვით პირველ რიგში, შემდეგ დილის პროცედურები გავიარეთ და მივყევით.

 

 

გზაში ლომას ქცევა საბავშვო ბაღის აღმზრდელის ქცევას გავდა, ბავშვები რომ ჰყავს სასეირნოდ წაყვანილი - სულ წინ მიდიოდა, მაგრამ თვალი მუდმივად უკან ეჭირა, საეჭვო ადგილებს რომ გაივლიდა, ჩერდებოდა და გვიყურებდა როგორ გადმოივლიანო. არემარეს ყველა მხარეს ისე ზვერავდა, არაფერი გამოეპარებოდა, თუმცა სახიფათო აქ არც არაფერი ჩანდა. დობრა რომ ძალიან შეფიქრიანდებოდა სადმე, ან წინ გაუჩერდებოდა, ან უკნიდან შემოუვლიდა და გამოატარებდა სახიფათო ადგილს. ყურშაც ღირსეულ პარტნიორობას უწევდა.

 

 

 

 

გზა ამ მონაკვეთზე ძირითადად ტყიან მთებზე გადის, ხუთი თუ ექვსი აღმართ-დაღმართია მესამე ქოხამდე. ისეთი სილამაზეა, ახლა სურათებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ - სიზმარში ხომ არ იყო-მეთქი ეს ყველაფერი, იქ რომ ხარ მაშინ კი თითქოს არაფერი, როგორც ფილმშია: - Ну Иоанн, ну Грозный... Что тут особенного?

 

 

 

 

წყლებთან ვისვენებდით ხოლმე:

 

 

 


 

ეს სურათი კი დავიმახსოვროთ: აქ არის ყურშა და პოროლონი (უფრო სწორად ერთად გადახვეული გასაბერი ლეიბი, პოროლონი და კარვის ქვეშ დასაგები წყალგაუმტარი საფენი), რომელიც შემდეგში განვითარებული დრამატული (და კინაღამ ტრაგიკული) მოვლენების მიზეზი გახდა:

 

 

მესამე კარვამდე შუაგზის ცოტა იქეთ კიდევ ერთი ჯგუფი შემოგვხვდა ტობადან დაბრუნებული. დიდი ჯოჯოხეთი გელოდებათ წინო, გვითხრა ერთმა, მაგრამ ზოგადად კმაყოფილები ჩანდნენ.

 

 

შემდეგ კიდევ ერთი პატარა ჯგუფი მოდიოდა. ლომას დანახვაზე კინაღამ გული გაუსკდათ. ჩვენ დავამშვიდეთ, ამის ნუ გეშინიათ, ყურშას მოერიდეთ-თქო. ყურშამაც შეიფერა და მრისხანედ იყურებოდა.

 

 

ამასობაში მესამე ქოხთანაც მივედით.

 

 

აქ ადგილობრივი მწყემსები დაგვხვდნენ. ერთმა ლომა იცნო (თუმცა რაღაც სხვა დაუძახა) - ჩემი ბიძაშვილისააო. ისინი, ვისაც ლომა მოყვებოდა მეორე ქოხამდე, ზემოთ ასულან, ცხენები დაუტოვებიათ და ცოტა დაბლა სხვა კარავში გადასულან. ახლა იქ უნდა გადავუყვანო, 8 კილომეტრი უნდა გავიარო ამისთვისო. ერთი კი გავიქაჩე, მე რა ვიცი ვინა ხარ, სახელიც კი არ იცი ამ ძაღლის, კაი დაგიტოვებ, მარა აი სურათს გიღებ და არაფერი შეგეშალოს-მეთქი, მაგრამ ამ ადგილას შემთხვევითი კაცი ვერ მოხვდება, და მითუმეტეს მოლაშქრეს ვერ ეძგერება ძაღლის წასართმევად, ეს აბსურდი იყო. ძალიან კი დამენანა ლომა, მაგრამ მართლა ანგარიშგასაწევი იყო მისი პატრონიც, ეს კაციც, რომელსაც მართლა ამდენი უნდა ევლო ზედმეტად, და ისიც, რომ ტობაზე ლომას წაყვანა და უკან მოყვანა შეიძლება პრობლემაც გამხდარიყო - იმაზეც რომ არაფერი ვთვათ, უცებ ლომა რომ გაუჩინარებულიყო რა მექანიზმები მექნებოდა მე მის დასაბრუნებლად და რა უნდა მეთქვა მერე პატრონისთვის, ამის გარდა ამხელა დათვს ჭამა ხომ უნდოდა გზაზე. მართალია სურსათის საკმაო თადარიგი გვქონდა მე და გიოს, მაგრამ არც იმდენი, რომ ლომას ორი-სამი დღე ჰყოფნოდა.

 

მოკლედ, გამოაბეს ჩვენს ლომას თოკი და მიაბეს ისევ კარავზე. ისეთი თვალებით მიყურებდა, ვინ იცის ფიქრობდა - კაცო, შენ აქ ტობას სანახავად ამოხვედი თუ პერიოდულად ჩემს დასაბმელადო.

 

 

შემდეგ შევურიგდი მწყემსებს, ვილაპარაკეთ აქეთურ-იქითური, დავემშვიდობეთ ლომას და გავაგრძელეთ გზა.

 

 

მესამე კარვიდან ქვის კარვისაკენ ჯერ ჩვეულებრივი ბილიკია, ცოტა უფრო მკვეთრი აღმართ-დაღმართებით, შემდეგ კი კლდოვანი ადგილები მოყვება და ექსტრიმიც იწყება. ფეხით მავალისათვის ეს შეიძლება შეუმჩნეველიც დარჩეს, ცხენისათვის კი რამდენიმე ნამდვილად სახიფათო ადგილია, განსაკუთრებით ბოლო ორი უღელტეხილი, რომელსაც კალიაშს ეძახიან (დიდ ტობასთან მდებარე ორ პატარა ტბას ამ ადგილის "პატივსაცემად" უწოდეს ალბათ კალიაშის ტბები "ჭკვიანმა" საბჭოთა ტოპოგრაფებმა).

 

 

 

 

 

 ცხენი - უჭკვიანესი ცხოველი...

 

პლანეტის ორი ყველაზე დებილი ცხოველიდან ცხენი უჭკვიანესი თუ არა, ერთ-ერთი უჭკვიანესი მაინც იქნება. თუმცა მე პირადად მიძნელდება იმის თქმა, რომელი ცხოველი შეიძლება იმ მეორის როლში გამოდგეს.

 

რა ეპითეტით არ ამკობენ ცხენს - ჭკვიანი, ერთგული, საიმედო, ძლიერი, კეთილშობილი, ბოლოსდაბოლოს - მეგობარი (ადამიანის)...

 

სინამდვილეში ეს არის უჩლუნგესი, ცბიერი, ორპირი, მოუქნელი, დაუნდობელი არსება, რომელიც არაფერში გამოგადგება, ძალით თუ არ გამოიყენე. ამისათვის კი ის უნდა დაიმორჩილო, დაამარცხო, როგორც ამბობენ - დააჩმორო; ამისათვის სპეციალური დელიკატური ტერმინიც კი არსებობს - გახედნვა, რაც რეალობაში სხვა არაფერია, თუ არა იგივე დაჩმორება. მხოლოდ ასეთი დაჩმორებული და მიჩუხანებული ცხენი თუ გაგიკეთებს რამეს, და ისიც, როგორც მონური ფსიქოლოგიის არსებას სჩვევია - სანამ ყურებით (აღვირით) გიჭირავს, და თუ ერთი იგრძნო, რომ აქვს შანსი თავის ჭკუაზე გაიაროს - არ ელოდო მისგან შენი ინტერესების სულ უმცირესი დოზითაც კი გათვალისწინებას ან რაიმე მადლიერების გამოხატულებას. პატრონი რომ ეფერება თავის ცხენს, ეს არ ნიშნავს, რომ შენც გაგივა მასთან ფერება - პატრონს მიჩმორებული ჰყავს ის თავის დროზე და ცხენმა იცის, რომ პატრონის ფერება - მათრახის ალტერნატივაა, შენ კი ჯერ უნდა გააგებინო, რომ შენცა გაქვს მათრახი, მერე კი ეფერე რამდენიც გინდა.

 

ცხენები ბავშვობიდან მიყვარს. იმიტომ კი არა, რომ მათში რამე ისეთი საყვარელია. სიყვარული არ არსებობს იმიტომ და ამიტომ. ძირითადად სიყვარული უმიზეზოა და შესაბამისად ხშირად უსაფუძვლოც. ჩემი ცხენებისადმი სიყვარულიც არაფერზე არ არის დამყარებული და უღირსი ქალის სიყვარულს ჰგავს, შენ თვითონაც რომ გიკვირს ეს რამ შემაყვარაო, მაგრამ გიყვარს და ჰა!...

 

დობრა, როგორც ვთქვი, საკმაოდ კეთილი ცხენი იყო, ცხენის პირობაზე. ყოველ შემთხვევაში, ბოროტი არ იყო. მაგრამ ერთგული და საიმედო ნამდვილად არ ეთქმოდა - საკმარისი იყო თვალი მოგვეცილებინა, ერთი სული ჰქონდა სადმე გვერდზე გავარდნილიყო, ან ბალახობა დაეწყო, თითქოს აკლდა ბალახი და დასვენება - ჩვენ ხომ უფრო მეტხანს ვჩერდებოდით, ვიდრე ვმოძრაობდით. კარგა ხანი ის ლაგმით მოგვყავდა, სანამ ვიღაცამ არ გვითხრა - რად უნდა ლაგამი თუ ზედ მაინც არ ჯდებითო. ამის შემდეგ ლაგამი მოვაცალეთ და აღვირიღა დავუტოვეთ, სინდისიც კი გვქენჯნიდა, რას ვაწვალებდით ცხენსო, დობრა კი, თითქოს შურისძიება გადაწყვიტაო, ამის მერე უფრო გათავხედდა. სინამდვილეში ეს შურისძიება არ იყო, უბრალოდ ცოტა შემსუბუქება რომ იგრძნო, უფრო მეტი მოინდომა.

 

ყურშას რომ ჯოხს გადავუგდებ და მომიტანს, ამას იმისათვის არ აკეთებს, რომ ამით საჭმელი გამოიმუშაოს, არც სასჯელის შიშით. არა - ამას ის იმიტომ აკეთებს, რომ იცის მე მინდა მან ეს გააკეთოს. ის ყოველთვის ცდილობს გაიგოს მე რა მინდა და ისე მოიქცეს. თავის მხრივ, ისიც მოითხოვს მეც ისე მოვიქცე, როგორც მას სჭირდება, და სჯერა, რომ ასეც მოვიქცევი - არა მარტო ვაჭმევ, არამედ გავითვალისწინებ მის სხვა ინტერესებსაც. ეს თანამშრომლობაა. ყურშა კარგი თანამშრომელი და მეგობარია. მეც ყოველთვის ვცდილობ ვიყო მისთვის მეგობარიც და კარგი თანამშრომელიც.

 

ცხენთან თანამშრომლობა არ გამოგივა. მეგობრობა - მითუმეტეს. ცხენი ან მოგემსახურება, ან არა. თუ არ გემსახურება, უნდა აიძულო მოგემსახუროს. და თუ მოინდომე, ამას ადვილად მოახერხებ, იმიტომ, რომ ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ცხენი მშიშარა და სულმოკლე ცხოველია. ოღონდ ეს არ იქნება ერთჯერადი აქტი - მუდმივად უნდა გრძნობდეს სასჯელის შიშს, რომ მუდმივად გემსახურებოდეს.

 

ლომაც კი, რომელიც პირველად ვნახეთ იმ დღეს, ხომ ცხადია, რომ არც სასჯელის შიშით გამოგვყოლია და არც გასამრჯელოს ხათრით - მისთვის ბუნებრივია თანამშრომლობა, და როცა როგორღაც იგრძნო რომ ჩვენ ის გვჭირდებოდა, დარჩა ჩვენთან ერთად და არ გაყვა პატრონს, რომელსაც, მისი აზრით, იმ ეტაპზე მისი დახმარება არ სჭირდებოდა. მთელი ის დრო, სანამ ლომა ჩვენთან იყო, ჩვენ ვგრძნობდით მისგან სწორედ იმ თანამშრომლობას. ერთხელ კი საერთოდ საოცარი რამ გააკეთა: მეორე და მესამე კარვებს შორის გზაზე სამი მოზრდილი ღელეა, მათგან შუა - ყველაზე დიდია. ამ ღელეზე დიდი ქვებია და მოლაშქრეები ზედ ხტუნვა-ხტუნვით გადადიან. ცხენი ასე, ცხადია, ვერ გადავა - მათთვის ცოტა ზემოთაა გადასასვლელი - გადატოპავ წყალს და მეორე ნაპირზე დიდი ლოდია, რომელსაც ზემოდან უნდა შემოუარო. ამის გამო საცხენო ბილიკი აქეთა ნაპირიდან არ ჩანს - ჯერ წყალზე გადის და მერე ქვა ეფარება. ღელეს რომ მივუახლოვდით, ლომა გადავიდა მეორე ნაპირზე, ჩვენ კი გავჩერდით - დობრამ წყალი დალია, ჩვენ ვლაპარაკობდით. დიდხანს რომ შევჩერდით, ლომამ ეტყობა იფიქრა, ვერ ხვდებიან როგორ უნდა გადმოვიდნენო და ქვის უკან ბილიკზე დემონსტრაციულად გაიარ-გამოიარა, თან გვიყურებდა ხან მე და ხან გიოს - გაიგეს თუ არაო. გვიყურა ცოტა ხანს და კიდევ ერთხელ გაიარ-გამოიარა.

 

ლომას ამ საქციელის ფონზე კიდევ უფრო საშინელება ჩანდა დობრას ქცევა - უბრალო დაღმართშიც კი ისეთი ფეხების ცეცებით ჩადიოდა, მულტფილმის ახალფეხადგმული ბემბივით ეხვლანჯებოდა ფეხები, აღმართში წინ თუ არ გაყვებოდი აღვირით ხელში, ისე არ ავიდოდა, თან იმ გზით უნდა გევლო, რომლითაც ის უნდა ასულიყო, ანუ შენ უნდა გერჩია გზები, და თან ისე ამოხტუნავდებოდა აღმართზე, რომ ჩვენთვის ძნელი იყო მაგ ტემპში აღმართზე სვლა, არადა, თუ წამოგეწეოდა, არც შეჩერდებოდა, "რაზგონი" რომ არ დაეკარგა ტაქსის მძღოლების ტერმინოლოგიით. რამდენიმეჯერ დაგვეტაკა და ფეხი დაგვადგა მეც და გიოსაც. ზოგჯერ, იმ ბოგირისა არ იყოს, გაჯორდებოდა და გაუგებარი მიზეზით, სანამ კარგად არ მივაკაჩავებდით, ფეხს არ მოიცვლიდა, იდგა და გვიყურებდა ცინიკური გამოხედვით.

 

პატარა ტობაზე საერთოდ ეპოქალური რამ ჩაიდინა: მოგეხსენებათ როგორი დაღმართია ბოლო უღელტეხილიდან ტობამდე. ჩვენ ნაპირზე დავსეირნობდით, როცა უცებ გიომ - დობრა ზევით გარბისო. გავხედე და მართლაც, იმ თოვლიან აღმართზე ისე მიჩინდრიკობდა ჩვენი დობრა, გეგონება რამეს კარგს დაპირდნენ იქ, ზევითო. ავღრიალდით, მაგრამ ვინ გვისმენდა - მთელი ის თოვლიანი ფერდობი, სულ ფერებ-ფერებით რომ ჩამოვატარეთ - აბა დობრა, აგერ დადგი ეს ფეხი, იქეთ ნუ მიდიხარ საყვარელო, თოვლი არ ჩაგექცეს - სულ ჭენებ-ჭენებით აიარა გაუჩერებლად. სხვა რა გზა გვქონდა, ავჩანჩალდით მე და გიოც - მე მაცხნიდან ფერდობით, გიო პირდაპირ თოვლით - და ჩამოვაბუნძულეთ დობრა უკან. გიომ მისი ასეთი საქციელი დეზერტირობად შეაფასა, მე კი საერთოდ მიჭირს რამე კვალიფიკაცია მივცე ამას.

 

ერთი კი უნდა ითქვას - დობრა არ იყო მეგრული ცხენი, პატარა ტანისანი, ჯიხვებივით რომ დაცოცავენ (კი არა დაფრინავენ) კლდეებზე. სამეგრელოში თითქმის ვერ ნახავ მეგრულ ცხენს. დობრა ტანმაღალი და გრძელფეხება ცხენია, ასეთები უფრო ფასობს სოფელში, გინდ გუთანში და გინდ ორთვალაში შესაბმელად, ძლიერები და ამტანები არიან. მთებში სასიარულოდ კი ნაკლებადაა მოწყობილი - ჟირაფივით აწოწილს წონასწორობის დაცვა უჭირს. თუმცა ეგეც არის, რომ არც ეგეთი კატასტროფული კლდეებია ტობავარჩხილის გზაზე - ჩვეულებრივი ძროხები არხეინად დასეირნობენ იქ, სადაც დობრა ჯიკავ-ჯიკავით და ყველა ნაბიჯის მითითებით გაგვყავდა. ვერც ტვირთს მიაწერ ამას - რა ბევრიც არ უნდა ყოფილიყო ჩვენთვის, ის სამოციოდე კილო არაფერი დატვირთვა არ იყო დობრასათვის. არც იტყობდა - როცა მოინდომებდა, ქარივით აიქროლებდა საკმაოდ გრძელ და დამღლელ აღმართსაც კი. ამიტომაც აღვიქვამდი მის საქციელს, როგორც ჭირვეულობას და თავის დაძვრენის მცდელობას.

 

ერთადერთი, რისი მადლიერიც ვარ დობრასი, ისაა რომ ფეხი არ დაუდგამს ყურშასთვის (ერთი შემთხვევის გარდა, და მაშინაც ყურშამ შეშინებისგან უფრო იკივლა, ვიდრე ტკივილისგან, არც უკოჭლია ცოტა ხანიც კი). არადა ყურშა მუდმივად ფეხებში ებლანდებოდა და პრაქტიკულად ფეხებშუა უძვრებოდა, ხშირად სწორედ მის ფეხებშუა მისუნსულებდა ხოლმე.

 

 

საბოლოო ჯამში ძნელი სათქმელიც კია, გააადვილა თუ არა ცხენმა ჩვენი მოგზაურობა. ოღონდ აქ ორი ფაქტორია - ჯერ ერთი, ჩვენ არ ვიცოდით ცხენისა არაფერი; საერთოდ მშვიდობიანად რომ მოვიარეთ ეგ მთები და ცხენს არაფერი შევამთხვიეთ, ისიც საკმაოდ დიდი მიღწევა იყო ჩვენი მხრიდან (უფრო გიოს დამსახურებით). დობრას რომ წესიერი პატრონი ჰყოლოდა, არც ჩვენ დავიღლებოდით და მისთვისაც უკეთესი იქნებოდა, უბრალოდ ვერ გამოინახა გამცილებელი, მის პატრონს კი არ ეცალა.

 

მეორეც, გიოსთვის ოპერაციის შემდეგ სულ ცოტა ტვირთის ტარებაც კი არ იყო რეკომენდებული, ამდენად ცხენი ასე თუ ისე აუცილებელი იყო - ორი კაცის ტვირთი მე რომ ამეკიდებინა, დობრას ჭირვეულობა მონაგონი იქნებოდა.

 

ასე რომ, თუ ობიექტური ვიქნები, უნდა ვთქვა, რომ დობრამ გააადვილა კი არა, მეტიც - შესაძლებელი გახადა ეს ჩვენი ლაშქრობა.

 

ცაშკიბულის ტობავარჩხილი

 

კალიაშის მიდამოები განსაკუთრებით კლდოვანი და ციცაბოა.

 

 

აქ ტობადან მომავლები შეგვხვდნენ. შემდეგ - კიდევ ერთი ჯგუფი.

 

 

როგორღაც ჩავიარეთ უხიფათოდ კალიაშის დაღმართები და ჩავედით ქვის კარავთან.

 

 

 

ცოტა ხანს შევისვენეთ და შევუყევით აღმართს უღელტეხილისაკენ.

 

 

 

ეს ის აღმართია, წესით რომ არ უნდა დამთავრდეს არასდროს, მაგრამ მაინც რომ მთავრდება ხოლმე.

 

ავიარეთ ეს აღმართი და აქ დავიბანაკეთ, ფანტასტიკური ფილმის დეკორაციაში.

 

 

დილით იმ ბიჭებმა ჩამოიარეს, ვინც წინა დილით დობრა გადმოგვაყვანინა ბოგირზე. მათი ნაწილი შემდეგ პატარა ტობაზე შეგვხვდა.

 

 

საფუძვლიანად ვისაუზმეთ.

 

 

 

კიდევ ერთმა ჯგუფმა ჩამოიარა.

 

 

 

ცოტა ხანი ვინებივრეთ კარვებში და პირველი ხდებოდა რომ გავუდექით გზას. კარვები და ბევრი რამ აქ დავტოვეთ - ღამის გათევას პატარა ტობაზე ე. წ. გამოქვაბულში ვაპირებდით.

 

კარვიდან დანახული სამყარო

 

ოციოდ წუთში უღელტეხილს მივაღწიეთ.

 

 

აქ თითქმის ნახევარი საათი გავჩერდით, და შემდეგ საათზე მეტი მოვუნდით ტობაზე ჩასვლას - დაღმართზე, შარშანდელისგან განსხვავებით, თოვლი იდო, ფერდობზე ქვიანზე არ გაისვლებოდა ცხენით, თოვლს კი დნობა ჰქონდა დაწყებული და კიდეებთან მისვლა საშიში იყო, არც შუაში სიარული იყო მთლად უხიფათო და დობრას ლამის ყოველ ნაბიჯზე ყოველი ფეხის დასადგმელს წინასწარი გამოკვლევის საფუძველზე ვურჩევდით.

 

 

შევისვენეთ კიდეც, თუმცა სულ არ ვიყავით დაღლილები:

 

http://img-fotki.yandex.ru/get/6801/7118576.8/0_e5682_cf85a7d8_-1-XL.jpg

 

ყურშა კი გააოცა აგვისტოში თოვლმა, მაგრამ მალე შეეგუა გარემოებას.

 

 

და აი ტობაზაც მოვედით:

 

 

ესეც ყურშა ტობავარჩხილზე. რა თქმა უნდა ჩახტა წყალში, მიუხედავად იმისა, რომ არ ცხელოდა კი არა სულ არ ცხელოდა.

 

 

აქ შეგვხვდნენ ის ბიჭები. ერთი ჩემი ნაცნობიც აღმოჩნდა.

 

 

შემდეგ ტობაზე გავისეირნეთ და ჩვენი "სასტუმროც" შევათვალიერეთ.

 

 

 

 

ყურშა სიხარულისგან აღარ იყო, ისე მოეწონა აქაურობა. წარამარა წყალში ხტებოდა ხოლმე, თუმცა რატომღაც დიდხანს არ ჩერდებოდა.

 

 

 

გავედით ტბის ბოლომდე და მოვბრუნდით. აქ ერთი უსიამო ამბავი მოხდა - ჩემმა აპარატმა საეჭვოდ გაიწიკვინა და დადუმდა. დამუხტვა რომ ვცადე Power bank-იდან, რითაც ვმუხტავდი ყველაფერს რაც USB-დან იმუხტებოდა, ასევე გასანათებლად ვიყენებდი და საერთოდ მთელ იმედებს მასზე ვამყარებდი, ისიც მწყობრიდან გამოიყვანა. ასე დავრჩი უაპარატოდ, ტელეფონიც კარავში მქონდა დატოვებული, თან დამჯდარი აკუმულატორით. მოკლედ, მთელი დანარჩენი მოგზაურობა სურათების გარეშე იქნება და სიტყვაზე უნდა დამიჯეროთ ყველაფერი იმღამინდელივით.

 

თუმცა მანამდე მოვასწარი რამდენიმე საინტერესო სურათის გადაღება.

 

მაგალითად, გიორგა:

 

 

ყურშა:

 

 

კლდე:

 

 

კლდეები:

 

 

ცაშკიბული (მე მგონი):

 

 

რა თქმა უნდა, ტრადიციული შატლი:

 

 

და რასაკვირველია, არანაკლებ ტრადიციული ნაგავი - აქ ხომ ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები იმყოფებოდნენ:

 

 

 

 აი ჩემი ღრუჩუნაც ჩვენთან ერთად არის ტობავარჩხილზე, ყვანჩოსთან ერთად:

 

 

ამ დროს იყო დობრა რომ გაგვექცა კინაღამ. აი ეს აღმართი აირბინა, ზემოთ პატარა თოვლი რომ ჩანს იქ იყო:

 

 

ჩამოვათრიეთ უკან და დავაბით. შემდეგ წავედით ჩვენს გამოქვაბულში და დავიძინეთ.

 

მევარიე

 

დილით ავდექით და გავემზადეთ დიდ, ანუ "ნამდვილ" ტობაზე წასასვლელად. მე ვიცოდი, რომ გასასვლელი ამ ტბის ბოლოსთან, ჩანჩქერთან იყო, მაგრამ წინა დღეს ტობადან დაბრუნებული ბიჭები რომ შეგვხვდნენ, მათ გვაჩვენეს საიდან ჩამოვიდნენ - სადღაც პატარა ტობას შუა წელთან. გიორგის აზრით, ჩვენც ამ გზით უნდა წავსულიყავით, დაახლოებით აქედან:  

 

 

ჩვენც რის ქართველები ვიქნებოდით, რომელიმე ერთი გზით წასვლაზე რომ შევთანხმებულიყავით; ამიტომ გადავწყვიტეთ მე ჩემი არჩეული გზით წავსულიყავი, გიო - თავისით. გარდა ამისა, დავთქვით, რომ პირველ საათამდე გვევლო და მერე უკან მოვბრუნებულიყავით, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, ხოლო თუ ამ დრომდე ტობას მივაღწევდით რომელიმე, ორამდე დალოდებოდა მეორეს.

 

სიფრთხილის ასეთი ზომების მიღება იმიტომ იყო საჭირო, რომ დღით უკან დასაბრუნებლად დროის რაღაც თადარიგი გვქონოდა - აქ ამინდი სწრაფად იცვლება, შეიძლება ისეთი ნისლი წამოვიდეს, გზის გაგრძელება სახიფათო იყოს, და ასეთ დროს უნდა გაჩერდე და დაელოდო ნისლის გავლას. ნისლი დიდხანს არ ჩერდება, როგორც წესი 10-20 წუთში გადაივლის, მაგრამ ცოტა ხანში ისევ მის წამოსვლას არაფერი უშლის ხელს, ჯამში კი შეიძლება ბლომად დრო დაკარგო, ისე, რომ შემოგაღამდეს კიდეც. ორ ტბას შორის უკარვოდ ღამის გათევა კი არც ვიცი ვის შეიძლება უსურვო.

 

ამინდთან ამ ადგილებში რომ ხუმრობა არ ღირს, აქაურებმა კარგად იციან. მათ თავისებური ინდიკატორიც აქვთ - ეს არის ყვავილი, სახელად მევარიე - ითარგმნება როგორც "უარის მთქმელი", ანუ ყვავილი, რომელიც გირჩევს არ წახვიდე მთებში. ეს ყვითელი ყვავილი საკმაოდ "ულოგიკოდ" ირჩევს ამოსვლის ადგილებს - ხან შიშველ კლდეზე ამოვა, ხანაც ზედ ბილიკზე, და ის რომ ამოვა, ეს ნიშნავს, რომ ამინდი ორ ნაბიჯზე აღარაა სანდო - პაპანაქება სიცხე ხუთ წუთში შეიძლება ისეთმა ნისლმა შეცვალოს, წინ გაწვდილი ხელის თითები რომ ბუნდოვნად ჩანს, შეიძლება გრიგალი ამოვარდეს წვიმის ან თოვლის თანხლებით. 

 

ეს დაახლოებით თითის ტოლა ყვითელი ყვავილი დახურულ და ცოტა წაგრძელებულ ტიტას წააგავს, ღერო ძალიან მოკლე აქვს და შეუმჩნეველი, თითქოს მიწიდან პირდაპირ ყვავილი ამოსულაო. 

 

 

ჩვენი იქ ყოფნისას მევარიე უკვე ამოსული იყო, პროგნოზებიც საიმედოს არაფერს ამბობდნენ ამ და მომდევნო დღეებზე, ასე რომ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით.

 

 

არ გაიმეოროთ ეს სახლში!

 

ამ მსჯელობაში იმ ჩანჩქერთანაც მოვედით, საიდანაც, ჩემი აზრით, ტობავარჩხილისაკენ უნდა წავსულიყავით.

 

 

 

გიო აქედან უკან დაბრუნდა, რათა თავის გზაზე გასულიყო, მე კი შევუყევი აღმართს. როგორც სურათებიდან მახსოვდა, ჩანჩქერის მარჯვნიდან უნდა ავსულიყავი (სინამდვილეში ტობას გზა უფრო ადრე, ტბის ყელის სწორეზე ყოფილა, ბილიკი კი უფრო ადრე იწყებს ასვლას ფერდობზე, ყელამდე ასიოდე მეტრი არმისული), მაგრამ მე რატომღაც მარცხნიდან დავიწყე ასვლა - სადაც კლდეებს შორის მწვანე ზოლი მოჩანს. ეს დეკებით დაფარული არხივით ღრმული იყო, და თავიდან ადვილი ასასვლელი ჩანდა, ისევე როგორც სურათზე. სინამდვილეში დაახლოებით ნახევარს მაღლა კლდე თითქმის შვეული გახდა და ძალიან გამიჭირდა. დეკები რომ არა, იქ ასვლა შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა ვერც მათი დახმარებით ვერ იყო ძალიან ადვილი, მითუმეტეს ზურგჩანთამოკიდებულისათვის, და ყურშასაც წარამარა დახმარება სჭირდებოდა. კიდევ კარგი, რომ არ დაცურდა საერთოდ - მალე გაერკვა რაში შეიძლებოდა დეკების ნდობა და რაში არა, თან კბილებსაც იშველიებდა - ჩაეჭიდებოდა ხოლმე მსხვილ ტოტს და ისე მიძვრებოდა.

 

უკვე ვნანობდი ამ გზით წამოსვლას, რომ კედელიც მორჩა და ამოვისუნთქეთ, მაგრამ დაბლა რომ ჩავიხედე, ერთი რამ ცხადი გახდა - უკან იმავე გზით დაბრუნებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ჩასვლა კი არა, ჩახედვაზე კინაღამ გული წამივიდა.

 

აქედან ისევ მარცხნივ წავედი. მარჯვნივ თითქოს უკეთესი გზა ჩანდა, მაგრამ სიმაღლეს ვკარგავდი, ამიტომ ისევ კლდე-კლდე გავყევი. მალე გავედი დიდი ხეობის მარცხენა კედელზე, ფსკერზე ის ნაკადული მოდიოდა, რომელიც ჩანჩქერს კვებავდა. კედელი თითქმის შვეული იყო, და სადაც მე გავედი თითქმის იმ სიმაღლეზე, სანამ თვალი გაწვდებოდა, თითქმის ჰორიზონტალური კარნიზი მიუყვებოდა. ხეობაში ჩასვლას და სიმწრით აღებული სიმაღლის დაკარგვას ისევ ვერ შევეგუებოდი. ავძვერი კარნიზამდე და გავუყევი გზას.

 

მალე ორი არცთუ სასიამოვნო რამ გაირკვა: ჯერ ერთი ეს ჩემი თითქმის ჰორიზონტალური კარნიზი სინამდვილეში მაღლა-მაღლა ადიოდა და მალე "ფსკერიდან" ისეთ სიმაღლეზე აღმოვჩნდი, დაბლა ჩახედვისას გული მისკდებოდა. სიმაღლის საერთოდ მეშინია, მესამე სართულზე ვცხოვრობ და მეექვსის ფანჯრიდან გადმოხედვისას უკვე გარკვეული დისკომფორტი მაქვს, აქ კი სულ ცოტა 30-40 მეტრზე ვიყავი, თან ფანჯარასთან კი არა, არამედ კლდის შვერილზე, დიდი ალპინისტივით. ადრე ტელეცენტრში ვმუშაობდი მთაწმინდაზე, და პირველად რომ ანძაზე ავედი და ე. წ. "მრგვალიდან" გადმოვიხედე, საღამომდე მუხლები მიკანკალებდა - "მრგვალს" ქვემოთ დაქანებული კედლები აქვს და ფანჯარაში რომ გადმოიხედავ, ქვევით არაფერი არ ჩანს - არც კედელი, არც ანძა - გეგონება ჰაერში კიდიხარო. თან მთელი თბილისი ტრიალი მინდორივით ჩანს, ოდნავადაც არ ეტყობა რელიეფი, მთაწმინდასაც კი. ყველაფერ ამასთან ერთად ანძა ქარში ქანაობს კიდევაც შესამჩნევად. ერთხელ კიდევ, სხვა სამსახურში, გაუქმებული წყალსაქაჩის კოშკზე ავძვერით. ერთმანეთის ჯიბრზე სულ მაღლა ავედით, და იქედან რომ ჩამოვედი, საერთოდ ყველაფერი მიკანკალებდა. დაახლოებით იგივე შეგრძნებები მქონდა ეხლაც. თან მეჩვენებოდა, რომ 30 კი არა 300 მეტრი მაინც მაშორებდა ხეობის ფსკერს, თუმცა კაცს რომ სიმაღლის ეშინია, მისთვის 30 და 300 მეტრი ალბათ ერთი და იგივეა (ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მართლა 300 მეტრიდან არ გადმოიხედავს).

 

მაგრამ უფრო უარესი ის იყო, რომ კარნიზი თანდათან ვიწროვდებოდა, უფრო სწორად, ალაგ ფართო იყო, ალაგ კი ისეთი ვიწრო, რომ ასეთ ადგილებში კლდისკენ სახით შებრუნებული გავდიოდი, რომ ზურგჩანთით კლდეს არ გავდებოდი. მანამდე ერთხელ ისეთი შემაქანა კლდეზე გასმულმა ზურგჩანთამ, რომ ცოტა ხანი გავჩერდი და, ძალიან ნეიტრალურად რომ ვთქვათ, ვისვენებდი. ასეთ ვიწრო ადგილებში ყურშა გასწრებას რომ ცდილობდა, ამან სულ დამაფეთა და მერე ყოველთვის წინ ვუშვებდი, ის საზიზღარი კი ჩერდებოდა და ფეხებში მებლანდებოდა, ან გადაეყუდებოდა და ქვემოთ იყურებოდა, რაც არანაკლებად მძაბავდა, ვიდრე მე თვითონ რომ გადამეხედა.

 

ერთხელ, როცა კარნიზი საერთოდ ხელისგულის სიფართე იყო, მე განდაგანით მივცოცავდი ფეხის წვერებზე და შეძლებისდაგვარად ხელებითაც ვებღაუჭებოდი, თუ რამე შვერილს ვნახავდი (თუმცა ასეთები პრაქტიკულად არც მხვდებოდა), თვალის კუთხით ყურშას გავხედე და რას ვხედავ - რაღაც ღრმული უნახია და წინა თათებით არ აფხაჭუნებს? ყურშა ორმოების ამოთხრის ან უკვე არსებულის გაღრმავების დიდი მოყვარულია საერთოდ, მაგრამ ეხლა ამის დრო იყო? უკანა თათებს ერთად კარნიზზე ვერც ტევდა - ხან ერთი უცურავდა და ჩაუვარდებოდა დაბლა, ხან მეორე, და თხრას აგრძელებდა. პირველი აზრი, რამაც გამიელვა, იყო გადამეგდო ზურგჩანთა, მივსულიყავი და ფრთხილად დამეთრია ყურშა და გადამეყვანა ამ მონაკვეთზე. მაგრამ ეს მხოლოდ აზრი იყო - სამოძრაო პრაქტიკულად არ მქონდა, ვერც ზურგჩანთას მოვიშორებდი, და ვერც ყურშას ავიყვანდი, უზურგჩანთოდაც კი. დაძახებისაც მეშინოდა, ყურშას რამე მკვეთრი მოძრაობა არ გაეკეთებინა, თორემ იქ რომ ეშვირა ფეხი, ძირამდე სულიც არ დაყვებოდა.

 

შემდეგ ამ სურათს რომ ვიხსენებდი, თუნდაც ეხლა, შენელებული კადრივით ვხედავ როგორ უსვამს წინა თათებს ყურშა ნელ-ნელა კლდეში ჩაღრმავებას, როგორ ვარდება იქედან კლდის პატარა ნამტვრევები და ძირს ცვივა, ნელა, როგორც ურიკის ნამტვრევები ფილმში "კავკასიელი ტყვე ქალი", ყურშა კი თვალს აყოლებს მათ, თითქოს სადაცაა გაეკიდებაო. ერთი ნამტვრევი ზედ კლდის პირას გაჩერდა, დავინახე როგორ შექანავდა რამდენიმეჯერ, და ჩემდა გასაოცრად, სულ პატარა დეტალებს, მაგალითად ყურშას კლანჭებს და მათზე უფრო პატარა კენჭებს, სრულიად გარკვევით ვხედავდი. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე მეჩვენება.

 

ნელ-ნელა მივუახლოვდი და ისე ალერსიანად (და ალბათ საცოდავი ხმით) ვუთხარი - წადი ყურშა, წადი-მეთქი - მგონი ყურშაც შევიდა ჩემს მდგომარეობაში, დაანება თხრას თავი და გადასუნსულდა პატარა მწვანე მდელოსკენ, ხუთიოდე მეტრში იმ ადგილიდან. ასეთი მდელოები ან უბრალოდ გაფართოებული ადგილები მრავლად იყო შიგადაშიგ, და ცოტა სულს ვითქვამდი შემდეგი დავიწროებული მონაკვეთის გავლამდე. კიდევ კარგი, რომ კარნიზი ყველგან ჰორიზონტალური იყო და დახრა არ ჰქონდა შიგნით, ხეობისაკენ, კლდე კი პრაქტიკულად ყველგან, ყოველ შემთხვევაში ვიწრო მონაკვეთებზე, მკაცრად ვერტიკალური ან სულაც გარეთ გადახრილი იყო, თორემ შიგნით რომ ყოფილიყო გადმოხრილი, გავლა შეუძლებელი იქნებოდა. რამდენიმე ადგილას იყო კიდეც გადმოხრილი, საკმაოდაც, მაგრამ იქ კარნიზი იყო ფართო და ჩაცუცქული გავძვერი გვირაბივით ისე, რომ არც გამჭირვებია, ეგაა, რომ ზურგჩანთას ვიხსნიდი ხოლმე მას შემდეგ, რაც ასეთ ადგილზეც გავდე ერთხელ "გვირაბის" ჭერს.

 

მარტოდმარტო, ბუზებს თუ არ ჩავთვლით, ანუ ბუზების პარადოქსი

 

შარშან ტობაზე და მთელ გზაზე იქეთ-აქეთ ბუზი და კოღო დასანახად არ დამინახავს. ტობაზე ლაშქრობის ერთ-ერთ დიდ დადებით მხარედ სწორედ მწერების არარსებობას ვთვლიდი, და თუმცა წელს ვიღაცამ მითხრა კიდეც, ისე დამკბინეს ტობაზე, მთელი სახე გასიებული მქონდაო, არც დავიჯერე ეს და რაღაც გაუგებრობას მივაწერე.

 

მაშინ ჩვენ სექტემბრის დასაწყისში ვიყავით და იმის წყალობა იყო თუ რა, მართლა მთელ გზაზე ობობების მეტი არაფერი შემიმჩნევია. წელს კი, შეიძლება ითქვას, შარშანდელიც აინაზღაურეს ამ საძაგელმა არსებებმა. ფოტოალბომში არის ჩემი ხელებისა და ფეხების სურათები, რომლის ნახვა 18 ან 58 წლამდე კი არა, მე მგონი საერთოდ არ არის რეკომენდებული ქირურგების გარდა ვინმემ ნახოს.

 

შეიძლება ეს ყველაფერი იმის გამოც იყო, რომ ცხენი მოგვყავდა - დობრას ხომ ბუზებივით ეხვეოდნენ, უკაცრავად და, ბუზები.

 

 

თან ეს ბუზები კი არა რაღაც მონსტრები იყვნენ - ჩვეულებრივ ბუზებზე ათჯერ დიდები, მზეზე ოქროსფრად, მწვანედ და ლურჯად ელავდნენ, სტელსებივით დაფრინავდნენ და ნიანგებივით იკბინებოდნენ, ყბების ტკაცუნიც კი ისმოდა. ერთ მათგანს ქუდი რომ გავარტყი, დარეტიანებული მხარზე დამეჯახა და არ ვიცი როგორ, მხარზე უშველებელი (ბუზის პირობაზე) სისხლის ლაქა დამიტოვა.

 

 

არ არის გამორიცხული, რომ "დობრას ბუზები" მომყვებოდნენ დიდ ტობაზეც. სხვა მხრივ გაუგებარია, როცა მე არ ვიყავი მაშინ რას ჭამდნენ ეს ბუზები - რამდენიმე კილომეტრის რადიუსში აქ სულიერი არ ჭაჭანებდა.

 

თუმცა აქ არის სხვა, არანაკლებ აუხსნელი გარემოებაც, რასაც ბუზების პარადოქსი ქვია:

წარმოიდგინეთ, მიდიხართ ტობასკენ, თავს ათი ბუზი დაგტრიალებთ და, რბილად რომ ვთქვათ, ტვინს ბურღავენ. ერთხელაც ამოგივათ ეს ყელში, დაერევით და ხუთიოდე ბუზს მიასიკვდილებთ. აგრძელებთ გზას. რამდენი ბუზი დაგტრიალებთ ეხლა თავს? ვერ გამოიცანით! ხუთი კი არა, ისევ ათი. თქვენ შეგიძლიათ დახოცოთ კიდევ ხუთი ბუზი, ან თუნდაც ათიც, მაგრამ ცოტა ხანში ისევ ათი ბუზი იქნება თქვენი თავის მიდამოებში. ათზე მეტ ბუზს ვერ მოკლავთ ერთ ჯერზე, იმიტომ, რომ ათზე მეტი არც არასოდეს არის ერთად.

 

ანალოგიური პარადოქსია კარავშიც (იგულისხმება კარე, მწყემსების ქოხი). აქ ბუზები, გარდა იმისა, რომ იკბინებიან, ბზუიან კიდეც, რაც კიდევ უარესია. ოღონდ ბზუის ორი ბუზი. დანარჩენები მხოლოდ იკბინებიან, ეს ორი კი დაფრინავს კარავში წინ და უკან და ბზუის. თქვენ, ქალაქელები, ვერც წარმოიდგენთ რა ხმამაღლა ბზუიან ბუზები კარავში ღამით, მთის სიწყნარეში, და რა საშინელებაა ეს!

 

კაცმა არ იცის, რატომ დაფრინავს ეს ორი ბუზი წინ და უკან, მაშინ, როცა დანარჩენები მშვიდობიანად გასხედან ხელებზე ან ფეხებზე და გკბენენ თავისთვის. რა მოსაზრებით შეიძლება იფრინონ ბუზებმა ბზუილით? საკვებს ეძებენ? არა, იმიტომ, რომ არ ჩერდებიან საკვებთანაც კი. და საერთოდ არ ჩერდება ეს ორი ბუზი. დაიწყებს ერთი კარვის კარიდან და გაექანება გააფთრებული ბზუილით უკანა კედლისკენ, ამ დროს მეორე უკანა კედლიდან კარისკენ მიექანება ბზზზზზუილით, შემდეგ პირიქით, შემდეგ ისევ, და ასე დაუსრულებლად, როგორც პატარა ტობას აღმართი, ოღონდ ეს არ მთავრდება.

 

ამოგივათ ეს ყელში, ხომ? ადგებით, აიღებთ პირსახოცს, შარვალს, ძეხვს ან სხვა რამეს, რაც ხელში მოხვდებათ, გაყვებით ფანრით უახლოეს ბზუილს, ჩასცხებთ და დაწვებით ვალმოხდილი და კმაყოფილი, იმიტომ, რომ მეორე ბუზი გაიტრუნება და მას ვეღარ იპოვით, თან ორჯერ ნაკლები ბზუილი - ეს უკვე შეღავათია. 

 

მაგრამ ვერ მოგართვით - საძილეც არ გექნებათ შეკრული, რომ კარვის კარიდან ბუზი გაექანება გააფთრებული ბზუილით უკანა კედლისკენ, უკანა კედლიდან კი - ჰოი საოცრებავ - მეორე გამოქანდება კარისკენ ისეთივე ბზუილით.

 

ცოტა ხანში თქვენ დგებით და კლავთ კიდევ ერთ ბუზს. ცოტა ხანში კარავში ისევ ორი ბუზი ბზუის. თქვენ ისევ დგებით და რაღაც სასწაულით ორივე ბუზს კლავთ. ცოტა ხანში კარავში ისევ ორი ბუზი ბზუის. არც მეტი და არც ნაკლები. ვინ დაადგინა ეს ორბუზიანი ლიმიტი?

 

მოკლედ, ორი ბზუილა ბუზი კარავში და ათი კბენია ბუზი გზაში თავზე - ისეთივე მსოფლიო მუდმივებია, როგორც ნეპერის რიცხვი ან სინათლის სიჩქარე ვაკუუმში.

 

 

უღელტეხილზე

 

სადმე ხეობაში ჩასასვლელი რომ მენახა, უკვე ჩავიდოდი, აღარ ვჩიოდი სიმაღლის დაკარგვას, მაგრამ ჩასასვლელი არ ჩანდა (ყოველ შემთხვევაში მე რომ ჩავსულიყავი ისეთი), უკან დაბრუნება კი არც მიფიქრია - ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა. ერთხელ გაკეთებულის ხელახლა გაკეთებას საერთოდ ორი იმდენის ახლად გაკეთება მირჩევნია (ეს ყველასთვის ნაცნობი გრძნობა იქნება, მაგალითად აკრეფილი ტექსტი ან გასწორებული ცხრილი რომ დაგეკარგება რაიმე მიზეზით), მაგრამ თუ გულახდილად ვიტყვი, იმავე გზის უკან გავლაც ნაკლებად მხიბლავდა - გასახსენებლად და მოსაყოლად ადვილია, მაგრამ იქ ზოგ ისეთ ადგილას მომიწია აძვრომა, სადაც კარნიზი ტეხილს აკეთებდა, რომ იქ უკან როგორ ჩავძვრებოდი წარმოდგენაც არ მქონდა. საბედნიეროდ ყველგან ასეთი ადგილები აქეთობას მხოლოდ მაღლა ასაძრომი იყო, კლდეზე კი რატომღაც ასვლა უფრო ადვილია, ვიდრე ჩასვლა.  

 

არ ვიცი რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ უკან დაბრუნებისას ნორმალურ გზას ვიპოვიდი და ამ კლდეზე იმავე გზით გამოვლა აღარ მომიწევდა. და კიდევ, რატომღაც არც მიფიქრია იმაზე, რომ ეს კარნიზი, სანამ ბოლომდე გამიყვანდა, არსად იქნებოდა სრულიად წაშლილი, ისე, რომ გზის გაგრძელება შეუძლებელი ყოფილიყო. ეხლა ვეღარც ვიხსენებ, ბოლომდე ვხედავდი იმ კედელს, უღელტეხილამდე, თუ რატომ არც მომსვლია აზრად ასეთი შესაძლებლობა.

 

ყველა სიკეთესთან ერთად თან ჯოხსაც მოვათრევდი. ეს ჯოხი ერთ კარავთან ვიპოვე და რომელიღაც სურათზე ჩანს კიდეც - ვიღაცის დატოვებული იყო, გათლილ-გალამაზებული და ძალიან მოხერხებული. ზოგან მადგებოდა კიდეც, მაგრამ უმეტესწილად ზედმეტი ბარგი იყო ამ კლდეზე, და ერთ გადასასვლელზე გაძვრა ზურგჩანთის ღვედიდან, სადაც ვამაგრებდი ხოლმე რთულ მონაკვეთებზე, და ძირს ჩავარდა. 

  

მთელი ეს კოშმარი ნახევარ საათზე მეტს არ გაგრძელებულა. საოცარია, მაგრამ არც მე მომჩვენებია ის საუკუნედ. უფრო პირიქით - საათს რომ დავხედე, გამიკვირდა კიდეც, რა დრო გასულა-მეთქი. ამასობაში ხეობის ფსკერზე უკვე თოვლი გამოჩნდა. ეს ორმაგად კარგი იყო - ჯერ ერთი, ერთიანი თეთრი ფონი მანძილის შეგრძნებას ასუსტებდა და ქვევით ჩახედვისას ნაკლებად მისკდებოდა გული, მეორეც - აგრილდა. თუმცა ჩემი კედელი მჩრდილავდა და მზე არ მადგებოდა, მაინც საკმაოდ ცხელოდა - ემოციებზე რომ არაფერი ვთქვათ, ქურთუკი მეცვა (გრძელსახელოიანი კამუფლირებული სამხედრო, ე. წ. "ხებე"), და ზურგჩანთაც მეკიდა, თუმცა საკმაოდ მსუბუქი, მაგრამ მაინც.

 

გარდა ამისა, თოვლის დაწყებასთან ერთად ხეობაში აღმართი დაიწყო, მალე კი ეს აღმართი საკმაოდ მკვეთრი გახდა, ჩემი კარნიზი კი ისევ "თითქმის ჰორიზონტალურად" მიუყვებოდა კედელს, ანუ ხეობის ფსკერი თანდათან "მიახლოვდებოდა", ისე, რომ მალე დაბლა ჩახედვის აღარც მეშინოდა - 10-15 მეტრი - ეს რა სიმაღლეა ნამდვილი მოგზაურისთვის! სიმაღლე 5 მეტრამდე რომ შემცირდა, კინაღამ ჩახტომაც კი დავაპირე, მაგრამ ბრძნულად განვსაჯე, რომ ამის გაკეთება არ ღირდა, ცოტაც გავიარე და მშვიდობიანად ჩავძვერი პატარა ბზარის ჩაყოლებაზე.

 

მე მგონი კოლუმბის მეზღვაურებს ისე არ გახარებიათ მიწაზე ფეხის დადგმა, როგორც მე გამეხარდა ბოლო სკუპის მერე თოვლზე რომ დავხტი. ყურშას უკვე მოესწრო რამდენიმე ადგილას თოვლის ოქროსფრად გაფერადება. ჯოხი სწორედ ახლა მჭირდებოდა, თუ საერთოდ მჭირდებოდა, მაგრამ რომ გავხედე იმ ადგილს, სადაც სავარაუდოდ ჩემი ჯოხი განისვენებდა, სურვილიც არ გამჩენია დავბრუნებულიყავი, იმდენად შორს (და რაც მთავარია დაბლა) იყო ის ადგილი.

 

შევუყევით თოვლიან აღმართს მე და ყვანჩო და სულ მალე უღელტეხილზეც ავედით, თუმცა ეს უღელტეხილი არც არის: მისი უმაღლესი წერტილიდან დაბლა არ გიწევს დაშვება - ხეობა ჰორიზინტალურად გრძელდება, ასიოდ მეტრში კი ისევ თოვლიანი აღმართი იწყება. 

  

 

ნამდვილი ტობავარჩხილი

 

ავიარეთ ის აღმართიც და: დაღმართი, უშველებელი ლოდებით მოფენილი ფერდობი, მარჯვნივ ჭითაგვალა უცნაური მართლაც წითელი ფერდობით, მარცხნივ ცოტა დაბალი ქედი, პირდაპირ კი - ტობავარჩხილი. ნამდვილი ტობავარჩხილი!

 

ესეც ტობავარჩხილი! ყურშა, ღრუჩუნა, ყვანჩო, ტობავარჩხილზე ვართ!

 

ქურთუკი გახსნილი მქონდა და ჩემი მაისურიდან ღრუჩუნა ტობავარჩხილს გასცქეროდა თავისი ჭკვიანი თვალებით. ყვანჩო ლოდიდან ლოდზე დახტუნავდა და სულ არ ადარდებდა ტობავარჩხილი. აქ ერთ ლოდს გამოუთხარა ძირი, იქ მეორეზე დატოვა ინფორმაცია - ამოვა ვინმე ნამდვილი მსუნავი და გაიგებს, რომ აქ იყო ყურშა.

 

დავეშვით დაღმართში. დაღმართი ძალიან ციცაბო არ არის, მაგრამ ლოდებითაა მოფენილი და ძალიან გრძელია, უფრო გრძელი ვიდრე ეს უღელტეხილიდან შეიძლება მოგეჩვენოს. თუ კაცი დროში შეზღუდულია, ან ტობავარჩხილის მხოლოდ დანახვა აქვს მიზნად, ჯობს აქედანვე უკან გაბრუნდეს - რაც პატარა ტობადან სავალია აქამდე, საიდანაც დიდი ტობა უკვე მთლიანად ჩანს, იმის თითქმის ნახევარია ტბის ნაპირამდე.

 

ჩვენ არც გვეჩქარებოდა - ჯერ თორმეტის ნახევარი იყო - და ტობავარჩხილის წყალიც ხომ უნდა აგვესვლიპა მე ყურშას? და ტბის ბოლოშიც უნდა გავსულიყავით და გადაგვეხედა - უამისოდ აქედან წასვლა იქნებოდა? ამიტომ წავედით, ოღონდ ზურგჩანთა უკვე აშკარად ზედმეტი იყო, მეც ერთი ლოდის ქვეშ შევჩურთე წვიმას რომ არ დაესველებინა, მარტო წყლის ბოთლი და საწვიმური წამოვიღე და უფრო მეტი ენთუზიაზმით გავაგრძელეთ ქვიდან ქვაზე ხტუნვა.

 

როგორც ვთქვი, ლანდშაფტი აქ მატყუარაა, ტბა კი ჩანს, მაგრამ მასთან მისასვლელი გზა, მიუხედავად იმისა, რომ სულ დაღმართია, მთლიანად არ ჩანს, და გგონია გასავლელი მხოლოდ ისაა, რასაც ხედავ. ვთქვათ ჩანს ლოდი, და გგონია, რომ ეს ლოდი ოციოდე მეტრშია სხვა ლოდიდან, რომელიც შენს კურსზეა პირდაპირ, მაგრამ მიხვალ ახლოს და აღმოჩნდება, რომ იმ ლოდამდე ორასი მეტრი ყოფილა. ეს ფერდობის "კვაზიტერასულობის" დამსახურებაა. ასეთი გაზნექილობები აქ რამდენიმეა, და მეტიც კი არ უნდა - მთებში სწრაფად გადის დრო.

 

თორმეტი სრულდებოდა, ტობავარჩხილის ნაპირს რომ მივაღწიე. მეჩვენებოდა, რომ ზარები რეკდნენ და სიმფონიური ორკესტრი უკრავდა. ყურშა მაშინვე წყალში შევარდა. ერთხანს ვიტრიალე, ვათვალიერე იქაურობა, მერე ცარიელი ბოთლი მოვიმარჯვე წყლით ასავსებად და ნაპირთან მივედი. ნაპირი აქ არც იყო - მდელო მიდიოდა ზედ წყლამდე, რომლის ზედაპირი მდელოდან ოციოდე სანტიმეტრით დაბლა იყო. მეც ჩავცუცქდი მდელოს კიდეზე და ბოთლი წყალში ჩავყავი. ამ დროს...

 

ეტყობა წყალს მდელო ქვემოდან გამოერეცხა, ან დაერბილებინა, და სანამ მე ვუყურებდი, როგორ გამოდიოდა ბუშტები ბოთლიდან, ჩემი მდელო უცებ ჩაიქცა. წამოდგომა ვერ მოვასწარი, სანახევროდ წამოწეულმა ფეხი ქვაზე შევდგი, წყლიდან რომ იყო ამოწეული ჩემგან ნახევარ მეტრში, ქვა გადამიბრუნდა (ან შეიძლება ფეხი დამიცურდა, აღარც მახსოვს), და პირდაპირ ტობავარჩხილში გავადინე ტყაპანი.

 

იცოცხლე, მე წყლიდან ამოვხტი "ტომი და ჯერის" პერსონაჟივით, მაგრამ დასველებას ვერ გადავურჩი, ცხადია. მარჯვენა ფეხი და ნაწილობრივ მარჯვენა მხარე გადამირჩა ცოტათი. მარცხენა ფეხსაცმელი უიმედოდ დასველდა, მაღალყელიანი მეცვა. გავიხადე, გავწურე და ვითომ მზეზე დავდე გასაშრობად, მაგრამ სად იყო მზე.

 

ყურშა კაი ღრმად შესულიყო და ნებივრობდა, მე კი ვიდექი ნაპირზე, ცალფეხშიშველა, ნახევრად სველი, ქურთუკს ვწურავდი და ვფიქრობდი, რა ცვლილებებს შეიტანდა ჩემს გეგმებში ეს დაუგეგმავი ბანაობა, და საერთოდ რა მეშველებოდა.

 

ფოტოაპარატი არ მქონდა და სურათებს ვერ გადავიღებდი, ეს კი ვერ იყო კარგი საქმე - როგორია არადოკუმენტირებული პრეზენსი ტობავარჩხილზე. დაბლა რომ ვეშვებოდი, ფერდობს ვათვალიერებდი და ვფიქრობდი, ქვებით ხომ არ დამეწერა რამე, ვთქვათ "მახო + ყურშა 2014", მაგრამ რომ დავფიქრდი, ამას იმდენი ხანი მოვუნდებოდი, საკითხავი გახდებოდა 2014 დამეწერა თუ 2015. ტბის ნაპირზე, სადაც მე გადავეშვი იქედან სულ რამდენიმე მეტრში, ტრაფარეტი იყო ჩარჭობილი წარწერებით: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სიმაღლე ზღვის დონიდან და ა. შ. უკანა, ტბისკენ მიქცეულ მხარეს კი თითქმის არაფერი ეწერა, მგონი მხოლოდ "წალენჯიხის მუნიციპალიტეტი". მეც ავდექი და პატარა კენჭით ამ უკანა მხრის ზედა მარჯვენა კუთხეში დავტოვე ავტოგრაფი. იმედია ვანდალიზმში არ ჩამეთვლება სასოწარკვეთილი მოგზაურის ეს განწირულის სულის კვეთება.

 

ამ დროს წამოწინწკლა და ისეთმა ცივმა ქარმა დაუბერა, მიხვდი, სახუმაროდ არა მქონდა საქმე. სუნთქვისას პირიდან ორთქლი გამოდიოდა. წვიმამ მოუმატა. ეს უსამართლობა იყო - გასაგებია, რომ ტობავარჩხილზე ბანაობა განარისხებს არსთა განმრიგეს და წვიმასაც და ჭექა-ქუხილსაც გაგებით მოვეკიდებოდი, მაგრამ მე ჩემი ნებით ხომ არ მიბანავია - ტბამ მიმტყუნა და ჩავვარდი (ტბის ნაპირიც ხომ ტბაში ითვლება), და ახლა დაზარალებული კიდევ უნდა დავისაჯო? არა ხარ სწორი, ელია!

 

თურმე ვის ურჩევ საქმეს! ორჯერ ზედიზედ დაიქუხა, წვიმამ კი ისეთი წამოასხა, ყურშა თავისი ნებით გამოვარდა ნაპირზე. საბედნიეროდ საწვიმური თან მქონდა. კარგი ელია, კარგი, ორი სიტყვა ჩემთვის ვთქვი, რა მოგივიდა...

 

წვიმამ მალე გადაიღო, მაგრამ სიცივე არსად წასულა, მიუხედავად იმისა, რომ მზემაც გამოანათა. ისევ უბერავდა. სასწრაფოდ ჩავიცვი წინდა და ფეხსაცმელი, დავლიე წყალი, ავავსე ბოთლი. ტბის შემოვლაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა. ყურშა, წავედით!

 

ყურშას სახელის ამოკაწრვაც კი არ გამხსენებია, ტრაფარეტზე.

 

აღმართს რომ შევუდექით, მარცხენა ფეხსაცმელი ჯერ კიდევ ჭყაპუნებდა სიარულისას. ამას რაც მოყვებოდა კი ვიცოდი, მაგრამ ვერაფერს ვიზამდი. სამაგიეროდ არ ვიცოდი ამინდი რა სიურპრიზს მომიმზადებდა, ამიტომ უნდა მეჩქარა. გიო არ ჩანდა. პირველი ხდებოდა. ორამდე დაცდას ისედაც არ ჰქონდა აზრი, რომც შემძლებოდა - თუ გიო პირველამდე უღელტეხილს მაინც მოაღწევდა, დამინახავდა კიდევაც (ან შევხვდებოდით ფერდობზე), თუ არადა უკან გაბრუნდებოდა. 

 

აღმართი ამოვიარეთ და ლამის უღელტეხილზეც ავედით, მაგრამ სადაა ჩემი ჩანთა? ვიყურები აქეთ-იქეთ, მაგრამ არაფერი მეცნობა. ყველგან ერთნაირი ლოდებია - დიდები, საშუალოები, პატარები... როცა ჩანთას ვმალავდი, ამაზე არც მიფიქრია, ერთი სული მქონდა ტობავარჩხილზე ჩამერბინა, ახლა კი ძალიან მომენატრა ჩემი ზურგჩანთა - იქ ხომ შებოლილი ყველი და შავი პური მქონდა! და კიდევ რვაჯერ გამდნარ-გამაგრებული სნიკერსი, გიომ რომ მიყიდა მუხურში...

 

- ყურშა შენ უნდა ივაჟკაცო ეხლა. ეძებე, ყურშა, ეძებე!

 

ჩემდა გასაოცრად, ყურშა მოტრიალდა და უყოყმანოდ გაუყვა ლოდებს შორის მხოლოდ მისთვის შესამჩნევ ბილიკს. დიდი იმედის გარეშე გავყევი უკან, თან ლოდებს ვათვალიერებდი. ყურშა მოსალოდნელზე დაბლა დაეშვა და ის იყო ვიფიქრე, ეს საბანაოდ მიდის ისევ ტბაზე-მეთქი და უნდა მომეტრიალებინა, რომ უცებ ერთ ლოდზე შეხტა, ზედ დაიყუნცა და შემომხედა, ახლოს რომ მივედი, ჩამოხტა და ქვემოთა მხრიდან შემოუარა. შემოვუარე მეც და - აი ჩემი ზურგჩანთაც.

 

იმდენად გათოშილი და დაღლილი ვიყავი, რომ ემოციების თავი არ მქონდა, მაგრამ საიმისო სინდისი კი შემრჩენოდა, რომ ყურშას იმდენი ყველი ვაჭამე, სანამ თვითონ არ თქვა აღარ მინდაო. მერე სნიკერსიც შევთავაზე, მაგრამ ყურშა ეგეთების მოყვარული არ არის. დავლიეთ წყალი, მოვიკიდე ზურგჩანთა და წამოვედით. მარცხენა ფეხისგული უკვე მტკიოდა სველი ფეხსაცმლისაგან.

 

ჩემი ფეხები

 

ლაშქრობაში ფეხი რომ გტკიოდეს იმას ჯობია სულ არ გტკიოდეს არაფერი.

 

ფეხები კი - ჩემი მუდმივი პრობლემაა. გახსოვთ ჩიპოლინოდან? "ვაი, ვაი, კოჟრზე ფეხი დამადგეს!". მაგასაც რომ თავი დავანებოთ, გადაბრუნება, ღრძობა, გაკაწვრა თუ ლურსმნის შერჭობა - ჩემი ფეხებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. თითქმის არ არსებობს პერიოდი, რომ რომელიმე ფეხზე რამე არ მჭირდეს. ლაშქრობა კი ეგეთი რამეებისთვის ხომ მისწრებაა პირდაპირ - იმხელა ასპარეზია ყველაფრისათვის.

 

მეც არ ვუშვებდი ხელიდან შანსებს - მარჯვენა ფეხზე ერთი თითი ისედაც მტკიოდა, მეორე თითზე ეკალი შემერჭო, კიდევ ბუზის თუ რაღაცის ნაკბენი მოვიფხანე და გადატყაული მქონდა, და ერთხელაც დობრამ დამადგა ფეხი, რაც ჯერაც საგრძნობად მტკიოდა. მარცხენა ფეხი პირველივე დღეს გადავიბრუნე და ყრუდ მტკიოდა, კოჭი კი კლდეს მივარტყი და ეგ იყო - აქამდე მეტი ჯერ არაფერი მჭირდა რატომღაც, ახლა კი სველმა ფეხსაცმელმა მატკინა ფეხი და ძლივს მოვჩლახუნებდი. სანდლები კი მქონდა ზურგჩანთაში, მაგრამ აქ ვერ ვივლიდი სანდლებით, უღელტეხილს გადაღმა თოვლზე კი - მითუმეტეს. ასე, რომ ისევ ჩემი მაღალყელიანებით უნდა მევლო, რომელმაც ძალიან მიერთგულა ლაშქრობაში და იდეალურ ფეხსაცმლად ვთვლიდი, ეგაა, რომ ეხლა სველი იყო.

 

უღელტეხილი მალე გადავიარეთ და თოვლიან დაღმართს ჩავუყევით. აქ ერთი მეთოდი გამოვიგონე - ამოვიკეცე საწვიმურის კალთები, დავჯექი ზედ და სულ შლიგინით ჩავისრიალე ის დაღმართი. ყურშა გაოცებული მომსდევდა გვერდზე. უნდა ითქვას, რომ თოვლი გლუვი სულაც არ იყო, პირიქით - რაღაც უჯრედებიანივით იყო და ხრიგინ-ხრიგინით მივსრიალებდი, სამაგიეროდ დროც მოვიგე და ფეხებმაც ცოტა ამოისუნთქეს, მართალია სხვა ერთი ადგილის ხარჯზე.

 

დაღმართს ის სწორი მონაკვეთი მოყვა, და მერე ისევ დაღმართი იყო. აქაც ვცადე ჩასრიალება, მაგრამ დაქანება ნაკლები იყო და თოვლიც უფრო მტვრიანი და ძლივს მივსრიალებდი. ჩანთას პატარა ღვედი მოვაძრე, ყურშას გამოვაბი და ცოტაზე იმან მათრია, მაგრამ მალე გაჩერდა და ისეთი თვალებით შემომხედა, ავდექი და წამოვედი ჩემით.

 

ხეობის შუას მოვუყვებოდი - ისევ კლდეზე ეხლა იარაღის ძალით ვერ ამიყვანდნენ. მითუმეტეს, რომ ცუდი სასიარულოც არ იყო. მალე თოვლიც მორჩა, დათბა, ტანსაცმელი ან შემაშრა, ან ვეღარ ვგრძნობდი სისველეს. მოვდიოდით საკმაოდ მხიარულად. ნაკადულიც გამოჩნდა, აქ კი გადავუხვიე მარჯვნივ, უფრო სწორად ყურშამ გადაუხვია და მეც გავყევი, და მალე ჩემდა გასახარად ბილიკზე გავედით.

 

ამის შემდეგ პრაქტიკულად სულ ბილიკით მივდიოდით. გადავედი სანდლებზე, ფეხისგული ბრძენი დერვიშის სახესავით მქონდა დანაოჭებული. ნაოჭების გვერდები ერთმანეთთან ხახუნით გადახეხილი იყო და ყოველი ნაოჭი პრაქტიკულად პატარა ჭრილობა იყო - ასე იცის სველი ფეხსაცმლით სიარულმა. იმედია ახლა ცოტას ამოვისუნთქავ და აღარ გამიღიზიანდება მეტად. საწვიმურიც გავიძრე - მეტი აღარ უწვიმია.

 

ბილიკი ხანდახან ქრებოდა, მაგრამ მალევე გამოჩნდებოდა ხოლმე, ძირითადად ყურშას წყალობით, რომელიც საოცრად უყოყმანოდ და დაუფიქრებლად მიუყვებოდა ჩენილ თუ უჩინარ ბილიკს, და მეც დანდობილად მივყვებოდი. ასე გადავიარეთ ბოლო აღმართი და გადმოვდექით ოხოჯეს სანახებზე სწორედ იმ ადგილზე - ყელის პირდაპირ. ჩვენს მარცხნივ დარჩა ის უნაგირა, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს აქეთ მომავალი და დროზე ადრე გაახვევინოს მარჯვნივ.

 

ორი საათი მოვუნდით ტობავარჩხილიდან ოხოჯეზე დაბრუნებას (ამ ტბას არ ქვია სინამდვილეში ოხოჯე, მაგრამ რადგან უცნობია, რა ქვია, ამიტომ პირობითად მე ასე ვეძახი). ეს მეტი იყო, ვიდრე იქეთობას მოვუნდით, მაგრამ ჯერ ერთი იქეთ მოკლეზე ვიარეთ (თუმცა ვაი ეგეთ მოკლეს), მეორეც, აქეთობას ვისადილეთ და ზურგჩანთის ძებნაშიც რაღაც დრო დავკარგეთ. მოკლედ, ოხოჯედან ტობავარჩხილამდე გადასვლა-დაბრუნების სუფთა დრო - 3-3,5 საათია.

 

ჩამოვედით დაბლა და გავუყევით ბილიკს ტბის გაყოლებაზე. აი ჩვენი ბანაკიც, აი დობრა ბალახობს არხეინად (დაბმულია და სად წავა!), ცოტა ხანი ვისეირნეთ. გიო არ ჩანდა. გადავწყვიტე ჩვენს გამოქვაბულში ავსულიყავი და ცოტა ხანი გავშხლართულიყავი, სანამ გიო დაბრუნდებოდა. ავედი გამოქვაბულში და რას ვხედავ - აგერ არ ხვრინავს გიო?

 

ისევ წვიმს, ისევ ღამეა

 

გიომ გაიღვიძა და აღნიშნა, რომ მართალია მისი გზა სწორი იყო, მაგრამ არც გამოქვაბულში გამოძინება მიაჩნდა არასწორ საქციელად. მეც მოვუყევი მოკლედ ჩემი თავგადასავალი და დავეშვით ტბაზე. ცოტა ხანიც ვიგრიალეთ ტობავარჩხილზე, მერე დავიჭირეთ დობრა, შევკაზმეთ და შევუყევით აღმართს.

 

ბანაკამდე რომ მივედით, უკვე ძილის თუ არა, ვახშმობის დრო მაინც იყო, მაგრამ თან წვიმამ წამოასხა. სანამ ტვირთი ჩამოვიღეთ და კარვებში მივლაგ-მოვლაგდით, საკმაოდ დავსველდი. ჭკუა ვიხმარე და კარვის გარე ტენტი ამჯერად როგორც წესი და რიგია ისე გავჭიმე. არც კარვის კედლებზე მიმიყუდებია რამე, და კარიც საიმედოდ ჩავკეტე.

 

მთელი ღამე წვიმდა, მაგრამ კარავში წყალი არ შემოსულა რაიმე საგრძნობი რაოდენობით. არადა, ნამდვილი ტობავარჩხილის წვიმა იყო - წვიმა შეუჩერებლად ასხამდა, თან ჰორიზონტალურად, და ოთხივე მხრიდან ერთდროულად. ისევ ვერ გავიგე ეს როგორ ხდება.

 

ტენის ნაკლებობა კარავში მაინც არ იყო - ტანსაცმლის დიდი წილი სველი მქონდა, ყურშაც გალუმპული იყო, მაგრამ მაინც დიდად არ შევწუხებულვარ, ვივახშმეთ, გიოსთანაც მატერიალური რესურსების გაცვლა-გამოცვლას ვახდენდი კარვიდან კარავში სროლით, მერე კი შევძვერით საძილეში და მშვენივრადაც გამოვიძინეთ.

 

დილით აღარ წვიმდა. ავიკრიფეთ და დავეშვით ცნობილ დაღმართში. მზიანი დღე იყო და სველი ტანსაცმელი ბარგზე ზემოდან გვქონდა გადაფენილი. ერთხელაც გავხედე დობრას და ჩემი ქურთუკი მოვისაკლისე - სადღაც ჩამოვარდნილიყო.

 

აქ კიდევ ერთხელ ივაჟკაცა ყურშამ; ავუყევით აღმართს უკან, თან ვათვალიერებდი აქეთ-იქეთ, უცებ ყურშამ ბილიკიდან გადაუხვია და ხუთიოდე მეტრში ჩაიყუნცა. მეც მივედი და მართლაც ჩემი ქურთუკი ეგდო. კამუფლირებული ქურთუკი ისე იყო შეხამებული იქაურობას, რომ მე შეიძლება ხუთჯერ ამევლ-ჩამევლო ისე, რომ ვერ შემენიშნა. ყურშა ცხვირანჩულით დავაჯილდოვე და დავეწიეთ ჩვენებს, რომლებიც კარგა წინ წასულიყვნენ ამასობაში.

 

დობრა მიხვდა, რომ სახლში ვბრუნდებოდით და გაცილებით ხალისიანად მიდიოდა. ხანდახან ისე წინ გავარდებოდა, რომ ხედვის არე 200-300 მეტრი რომ იყო, იქაც კი არ ჩანდა. ყურშაც მას მისდევდა, ჩვენ ზედაც არ გვიყურებდა. მერე წამოვეწეოდით მობალახე დობრას და იქვე პოსტზე განლაგებულ ყურშას. 

 

ყურშა დაიკარგა

 

გაუჩერებლად გადმოვიარეთ 4-5 ქედი და მესამე ქოხთან მოვედით. დობრა და ყურშა უკვე იქ იყვნენ. ყურშას თვისტომიც ეპოვნა - შავ-თეთრ ლაქებიანი მოპოინტერო, კარგა მოზრდილი, საკმაოდ გაძვალტყავებული ძაღლი, პოინტერის დამახასიათებელი ბრაზიანი გამოხედვით. ყვანჩო ახლოს მისვლას ვერ წყვეტდა და შორიახლოდან უვლიდა. ახლომახლო არავინ ჩანდა, გასაკვირიც კი იყო საიდან მოხვდა აქ. მინდოდა რამე მეჭმია, მაგრამ რომ მიუახლოვდი, ძაღლმა რაღაც უნდოდ შემომხედა და გვიმრებში გაუჩინარდა. 

 

გავაგრძელეთ გზა. დობრა სულ უფრო და უფრო მხნედ გარბოდა. ყურშა ჩვენთან პრაქტიკულად არ მოდიოდა, სულ დობრას მისდევდა. მერე ერთად წამოვეწეოდით ხოლმე. ბოლოს დობრას წამოვეწიეთ მეორე ქოხის ზემოთ პატარა ტაფობზე. აქ კი ყურშა არ ჩანდა.

 

ბოლოჯერ ყურშა და დობრა ბოლო ღელესთან ვნახეთ ერთად. ღელის შემდეგ აღმართზე დობრამ სწრაფად აირბინა და ტყეში მიიმალა, ჩვენ მაგ ტემპით სირბილი არც გვიცდია - ჩვეულებრივად მივდიოდით და თან დობრას ზურგიდან გადმოყრილ ნივთებს ვკრეფდით: ჯერ შარვალი ვიპოვეთ ჩემი, მერე გიოს კარავი, მერე ჩემი ქურთუკი. ეტყობა ძალიან მივახალტურეთ აკიდებისას ბარგის დამაგრების პროცედურები. მაგრამ ყურშა რა იქნა? ისიც დობრაზე ხომ არ იყო დამაგრებული!

 

ახლომახლო მიდამოები შემოვირბინე, მაგრამ ყურშას კვალიც არ ჩანდა. ვეძახოდი კიდეც. ყვანჩომ გამოხმაურება არ იცის დაძახებაზე, ღრუჩუნაც ეგრე იყო - ერთხელ ღამით დავკარგე სახლთან, და კარგა ხანს დავრბოდი კორპუსებში და ვეძებდი, ის კი თურმე უკან მომყვებოდა და ვერ ვხედავდი. ვიღაცამ მითხრა მერე - დაგინახე რამდენიმეჯერ ჩაიარე თონესთან, და ყველა გავლაზე შენს უკან მოდიოდაო. ერთხელ ყვანჩოც გამიქრა თვალსა და ხელს შუა სახლის დაბლა, მინდვრებში, ვდგავარ და ვღრიალებ, ვეძახი - ის კი თურმე ჩემს გვერდზე დგას და მიყურებს გაოცებული. მე შენ გეტყვი დაინახავ სიბნელეში. არც ღრუჩუნა არ ჩანდა უკვე რამდენიმე მეტრში.

 

მაგრამ ეგ ღამით, ახლა კი დღეა. ყვანჩო ხმას არ გაგცემს, მაგრამ ახლოს მაინც ხომ უნდა მოვიდეს და დავინახავ, არადა არ ჩანს. უცებ ის შავ-თეთრი ძაღლი გამოჩნდა ქოხთან, დამინახა თუ არა, ქოხის წინ ტყისკენ გავარდა.

 

სერიოზულად შევშფოთდი. დავეშვი გზისკენ იმ იმედით, იქნებ წყალი მოსწყურდა და წყაროსკენ ჩავიდა-მეთქი. გზამდე არ ჩავსულვარ, ბოლო ბექობზე ვიდექი და ვათვალიერებდი, ამ დროს ჩემს მარჯვნივ, ზედ წყაროსთან, ისევ იმ ძაღლმა ჩამოირბინა ზემოდან. მე ვერ დამინახა, ჩემს ქვემოთ გაიარა და მარცხნივ წავიდა. იქ დაინახა ხეზე ჩამოკიდებული ცელოფანის პარკი, ახტა და დაითრია. პარკიდან პური გადმოცვივდა, ძაღლი ეცა და ჭამა დაიწყო. ამან ცოტა იმედი მომცა - თუ ამ ძაღლმა ყურშა შეჭამა, ასე არ ეცემოდა პურს ალბათ. ჩავედი დაბლა, ძაღლი გაიქცა, მივედი და პარკი დავათვალიერე - სისხლის კვალი ხომ არ იყო ზედ. თუ ყურშა მისი მსხვერპლი გახდა, ასე უცებ დინგს ისე ვერ გაისუფთავებდა, რომ პარკზე სისხლი არ შერჩენილიყო. საბედნიეროდ არაფერი ჩანდა პარკზე ეგეთი.

 

ამ დროს ზემოდან სამი ბიჭი გამოჩნდა, ტობავარჩხილის გზა მკითხეს, გაცდენიან იმ ასახვევს, როგორც შარშან ჩვენ დაგვემართა. გამომყევით-მეთქი და ავუყევით აღმართს, თან გამოვკითხე ყურშა ხომ არ გინახავთ-მეთქი, მაგრამ არაო. ქოხში რომ ავედით, შეძლებისდაგვარად ავუხსენი გზა, თან ვთხოვე თუ ყურშას ნახავდნენ, ტოტები მოეტეხათ და ზედ ბილიკზე დაეყარათ იმ ადგილზე, მე კი ქოხის პირდაპირ ტყეში შევედი, სადაც ის ძაღლი შევიდა ქოხთან პირველად ნახვისას.

 

ხელცარიელი დავბრუნდი, ზევითაც გიოს ვერაფერი ენახა. დავტოვე ქოხში და გავუყევი ბილიკს უკან, თან ვეძახდი. ღელემდე მივედი და უკან გამოვბრუნდი. დიდი იმედი მქონდა, რომ ყურშა ქოხში დამხვდებოდა, მაგრამ არ ჩანდა. ცოტა ხანი ვიწრიალე და ისევ წავედი, მესამე ქოხამდე მივედი, ისევ უშედეგოდ. აქ ის ბიჭები დამხვდნენ. ისევ მივასწავლე გზა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ მაინც სხვა გზით წასულან. ქოხში რომ დავბრუნდი, უკვე ბნელოდა. ისევ დიდი იმედით შევაღე კარი, მაგრამ ისევ იმედგაცრუებული დავრჩი. ეს უკვე წარმოუდგენელი და დაუჯერებელი იყო. ვერც იმას ვიჯერებდი, რომ ამ ღამით ყურშას გარეშე უნდა დამეძინა, და ვერც ის გამეგო, რა უნდა მექნა.

 

მთელი ღამე ცალი თვალი ქოხის ღია კარისკენ მეჭირა - იქნებ ყურშა შემოვიდეს-მეთქი. როდესღაც ჩამეძინა; უთენია წამოვხტი. გიო ისედაც უთენია იღვიძებდა ხოლმე. გადავწყვიტეთ გიო მუხურში წასულიყო და მაშველები გამოეგზანა. 112 კი არა, ვინმე ადგილობრივი, აქაური ადგილების მცოდნე, და ძაღლიანი. დიდი მეძებარიც არ გვინდოდა - ნებისმიერი ჭკვიანი ძაღლი სულ ადვილად მიგვაგნებინებდა იმ ადგილს, სადაც ყურშამ ბილიკიდან გადაუხვია, და თვითონ ყურშასაც, თუ იყო მისგან რამე დარჩენილი, თუმცა ამის გაფიქრებაც არ მინდოდა.

 

აქ აღმოვაჩინეთ, რომ ის პოროლონი გამქრალიყო, რომელიც ადრე სურათზე აღვნიშნე, და რომელიც საღამოს არც გამხსენებია, დაწოლისასაც კი. ეტყობა სადმე გადავარდა - იმ მონაკვეთზე ბილიკები საკმაოდ მაღალი და დამრეცი ფერდობების თავზე გადის. შეიძლება ყურშამ დაინახა პოროლონის გადავარდნა და გაყვა სადარაჯოდ, და ეხლაც იქ არის? დიდი დამაჯერებელი ვერსია არ იყო, მაგრამ ცოტა იმედი მომეცა.

 

გიო წავიდა. მე ისევ მესამე ქოხისკენ გავუყევი. ახლა უკვე ყურადღებით ვაკვირდებოდი ნაკვალევს, ვიპოვე კიდეც, თუმცა უფრო მესამე ქოხისკენ. ძირითადად წაშლილი იყო - ამდენმა ხალხმა იარა იმ ბილიკებზე, მაგრამ მაინც ნახავდი იქ სადაც მიწა ნოტიო იყო, აქეთ კი, იმ ღელეს მერე, ნოტიო ადგილები თითქმის არ იყო, ღამით წვიმაც წამოსულიყო, მოკლედ, საინტერესო ვერაფერი ვიპოვე. რამდენიმე ადგილზე ბილიკის გვერდზე, დაღმართისკენ, ბალახი ცოტა ჩათელილი იყო, თითქოს ვიღაც დაღმართში ჩავიდა ამ ადგილზეო, თუმცა ყურშას რამდენად შეეძლო ბალახების ჩათელვა, ძნელი სათქმელი იყო.

 

მაინც ჩავუყევი ერთ-ორ ადგილას, მაგრამ ძალიან ძნელი სავალი იყო - თითქმის ვერტიკალური ფერდობი, სადაც ბუჩქებიც კი არ იყო რომ ხელი წაგევლო, ჩასვლა კიდევ არაფერი, ამოსვლა კი ძალიან ჭირდა და ერთგან კაი შორიდან მოვუარე, რომ ამოსასვლელისთვის მიმეგნო. მეორეგან ჭინჭრებში ჩავვარდი, შემდეგ კი საერთოდ ისეთ ადგილზე მოვხვდი, ვეღარც ამოვდიოდი - პირდაპირ ამოსვლა შეუძლებელი იყო - ძალიან დამრეც ფერდობზე რაღაც მჭიდრო ბალახი მიწიდან 30-40 სმ-ის სიმაღლეზე ერთიან მკვრივ "ხალიჩას" ქმნიდა, ისე, რომ ფეხი მიწამდე ვერ აღწევდა, თვით ბალახი ძალიან სვლიპინა იყო და ფეხი ცურავდა, და არც ისეთი მაგარი იყო, რომ ხელით დაჭიდებოდი - წყდებოდა. ჩემგან მარჯვნივ ეკალბარდიანი გაუვალი ტყე იყო, მარცხნივ - რაღაც ბუჩქნარი, სადაც ასევე ვერ შევძელი შეღწევა, დაბლა რომ ჩავსულიყავი საერთოდ ვინ იცის სად მოვხვდებოდი. ისეთ დღეში ჩავვარდი, რომ გავჩერდი და დავფიქრდი - როგორი იქნება, დარჩენილი სიცოცხლე აქ რომ გავატარო მეთქი. ეს იდეა არ მომეწონა, შემდეგ, ეხლაც არ ვიცი როგორ, კაი მოზრდილი ხე მოვტეხე თავის ტოტებიანად, და ძირით ზემოთკენ ფერდობზე ავაგდე რამდენადაც შემეძლო. მერე ამ ხეს ავყევი - დაბლა დარჩენილი ტოტები ხეს უკან ჩასრიალების საშუალებას არ აძლევდა, ბოლომდე რომ მივედი, კიდევ ზევით ავაგდე და ასე ამოვაღწიე ბილიკამდე. ჭეშმარიტად - გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო!

 

ფოტოაპარატი არ მუშაობდა, ტელეფონიც დამჯდარი იყო და ფოვერ-ბანკიც არ მუშაობდა რატომღაც. გავხსენი ფოვერ-ბანკი, აკუმულატორი ამოვიღე და რის ვაი-ვაგლახით ტელეფონს მივუერთე. ტელეფონი ჩაირთო. აკუმულატორი სკოჩით მივამაგრე ტელეფონს, ავედი ცოტა მაღლა და გიოს დავურეკე. მაშველები კი უნახავს, მაგრამ ხვალ წამოვლენ შუადღისითო. ეს ვერ იყო კაი ამბავი. დავამთავრე თუ არა გიოსთან ლაპარაკი, ვიღაცამ დამირეკა - ინტერნეტის კაბელზე ჯეკი გამიფუჭდა და ხომ ვერ შემიცვლიო.  თავშეკავების მსოფლიო რეკორდი დავამყარე მაშინ.

 

ოთხჯერ გადავედი მესამე ქოხამდე და უკან, თუმცა ყოველ წასვლაზე ზედ ქოხამდე არც მივდიოდი - აზრი არ ჰქონდა. უკან დაბრუნებული მეორე ქოხის შემოგარენში დავდიოდი, სამივე მხარეს. ერთგან გვიმრებში რაღაც კვალივით გათელილ ადგილს წავაწყდი და რა თქმა უნდა წარმოვიდგინე, რომ აქ ყურშა ვიღაცას ებრძოდა, მაგრამ რომ მოვყევი, კვალი მოულოდნელად დამთავრდა, თითქოს აქედან ამ კვალის დამტოვებელი მაღლა აფრინდაო. რაც მთავარია, სისხლის კვალი ან რამე ეგეთი არ ჩანდა.

 

ბოლოს რომ წავედი მესამე ქოხისკენ, უკვე ბნელდებოდა. უქარო საღამო იყო, და იმედი მქონდა, რომ ღამის ტყის სიჩუმეში უფრო გავიგონებდი რამეს - წკმუტუნს, თუ ყურშა სადმე გახლართული იყო და ვერ გამოდიოდა, ან დაჭრილი იყო ან დაშავებული, სხვა თუ არაფერი, იქეთ მაინც უფრო გავაგონებდი ხმას და შეიძლება გამოძრავებულიყო მაინც, და ამ გაფაჩუნებას გავიგებდი.

 

სინამდვილეში ღამით ტყეში არც ისეთი სიწყნარე აღმოჩნდა - ნიავიც ასე თუ ისე აშრიალებდა ფოთლებს, და სხვა ხმებიც საკმაო იყო. გამოუცდელი რომ იქნები კაცი, თორემ ან დღისით რა ხმაურობს იმ ტყეებში ისეთი, რაც ღამით არ იხმაურებს!

 

დაძაბულობისა და ნერვებისაგან, დაღლილობისა და შიმშილისაგან უკვე მოლანდებები დამეწყო - ხან სად ვხედავდი ყურშას და ხან სად. ისე აშკარად დავინახავდი ხოლმე, რომ ფანარს რომ მივანათებდი, უცებ ვერც ვიჯერებდი, რომ ყურშა კი არა ბუჩქი იყო ან ქვის ლოდი. ისე ხშირ-ხშირად ვეძახდი ყურშას, რომ ტყის ბინადრებს ჩემს ღრიალზე უკვე რეაქციაც აღარ ჰქონდათ - წინა ღამით ყოველ დაყვირებაზე რაღაც ფრინველები აქოთქოთდებოდნენ-ხოლმე, ახლა კი ეტყობა მობეზრდათ, ან მიხვდნენ, რომ ჩემს ყვირილს არაფერი მოჰქონდა მათთვის.

 

- ოჩოპინტრეეეე! - ვიღრიალე ერთხელ - სადა ხარ, გამოდი აქეთ! ოჩოპინტრე, შენ იყო არაკაცი, თუ ყურშას რამე დამართო!

 

რა კარგია ტყეში! იყვირე რაც გინდა!

 

- ტყაშმაფააააა! შენ მაინც სადა ხარ! მაპოვნინე ყურშა!

 

შენც არ მომიკვდე, არავინ გამომხმაურებია. როცა გინდა მაშინ ხომ არ გამოჩნდებიან ეს ავსულები.

 

უკვე ისე შევისწავლე ეს ადგილები, ყველა ბუჩქს და ხეს კი არა, ბალახებსაც კი ვცნობდი. ფანარსაც კი არ ვანთებდი, და ხანდახან თვალებიც კი დახუჭული მქონდა, ისე დავდიოდი და ვხვდებოდი, სად ვადგამდი ფეხს. თვალები უკვე ხშირად მეხუჭებოდა. ღამის 3 საათი სრულდებოდა. ერთი აღმართი ავათავე და ბილიკის ნაპირას ჩამოვჯექი.

 

ხეებს შორის ცოტა ინათა. დავაკვირდი - ოჩოპინტრე იყო. ბუნდოვნად ჩანდა, მაგრამ მაშინვე ვიცანი.

 

- ოჩოპინტრე, სადაა ყურშა? ყურშა რა იქნა?

 

ოჩოპინტრე მიყურებდა და არაფერს მპასუხობდა. რაღაც უფრო გულგრილი გამომეტყველება ჰქონდა, ვიდრე ველოდი.

 

- ოჩოპინტრე, ამოიღე ხმა, რა გჭირს?

 

- მე რა უნდა მჭირდეს, შენ რა გჭირს - ტყეში მაინც არ მოწიო, არ იქნება? აბინძურებ ჰაერს აქ!

 

- მაპოვნინე ყურშა და გავანებებ თავს, საერთოდ აღარ მოვწევ, არც აქ და არც სხვაგან. გესმის, ოჩოპინტრე?

 

- მერამდენედ ამბობ მაგას? არ მოწევ და ნუ მოწევ! ყურშას პოვნა რა შუაშია მაგასთან?

 

- იმ შუაშია ოჩოპინტრე, რომ შენ გაიგო რა მიღირს მე ყურშას პოვნა, გესმის ოჩოპინტრე? თუ ოჩოკოჩი ხარ შენ? 

 

ოჩოპინტრე ხმას არ იღებდა, იდგა გულხელდაკრეფილი, მქრქალად ანათებდა, თუ სხვა რამით იყო განათებული. ზოგჯერ სულ ქრებოდა, მერე ისევ ჩნდებოდა.

 

- ოჩოპინტრე, თქვი რამე, ან გამოდი და დამენახვე წესიერად, რას იმალები? ხალხში გამოსაჩენი პირი შენ არ გაქვს, ტყეში გამოსაჩენი პირი შენ არ გაქვს, რა გჭირს ეგეთი?

 

- არ მჭირდება მე გამოჩენა - გაიცინა ოჩოპინტრემ, მაგრამ ისევ გულგრილად, უბოროტოდ და საერთოდ უემოციოდ - გამოჩენა თქვენ გჭირდებათ, ხალხს. თან გაქრობაც რომ არ შეგიძლიათ?!

 

ქვეცნობიერად ასეთი მგონია ალბათ ოჩოპინტრე. დამჩაგრა აშკარად თავისი სიმშვიდით, რომელიც მართლა გულგრილობა უფრო იყო, უბრალოდ ჩემი ქენჩობის ფონზე სიმშვიდედ გამოჩნდა. მე მეკითხა, თორემ ოჩოპინტრეს ან რა სჭირდა ასაღელვებელი...

 

ვერ ვიყავი, როგორც იტყვიან, ჩემს ძრავზე. სხვა დროს ოჩოპინტრეს კი არა, გინდაც სულ არ მშინებოდა, მტერს არ დაველაპარაკებოდი ასე.

 

უცებ ფეხების ტყაპუნმა გამაღვიძა, რაღაც მორბოდა. ბილიკის პირას ქვასთან ვიჯექი, ლოყა ქვაზე მდებია და მტკიოდა. ფანარი ხელში მეჭირა, სასწრაფოდ ჩავრთე და მივანათე, გული კინაღამ საგულიდან ამომივარდა, თუმცა თვალებიც არ მქონდა გახელილი, რომ მივხვდი - ეს ტყაპუნი ყურშასი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. მართლაც, სიბნელიდან ის პოინტერი მიყურებდა გაოცებული. ახლა ნაკლებად მრისხანე მეჩვენა - არა, ეს ყურშას არ შეჭამდა!.. დავუძახე, მაგრამ შებრუნდა და უკან გავარდა.

 

საკმაოდ აციებულიყო და მაკანკალებდა, ცოტა სველიც ვიყავი. ისევ არ ჩამეძინოს, ავითრიე წელი და დავბრუნდი ქოხში. ყურშა, ცხადია, არ დამხვდა. ღამით ჭინკები მოვიდნენ და ქოხის კარებთან ტრიალებდნენ. შემოდით, საქმე მაქვს თქვენთან-მეთქი, გავძახე, მაგრამ არ შემოსულან. არც მე გავსულვარ გარეთ.

 

შემდეგმა დღემაც მეორე და მესამე ქოხებს შორის უშედეგო ხეტიალში გაიარა. მაშველებს 5-სთვის ველოდი, მაგრამ 6 გახდა და არ ჩანდნენ. გიოს დავურეკე - მან მხოლოდ ის იცოდა, რომ უნდა წამოსულიყვნენ. თვითონ გიო ზუგდიდში იყო უკვე. მაშველების ტელეფონები არ ვიცოდით, და არც იჭერს გზაში. რაღაც უნდა გამეკეთებინა. გადავწყვიტე მწყემსებთან ავსულიყავი და რამე ძაღლი მეთხოვა, თუ ლომას მივაგნებდი ხომ საერთოდ ავშენდებოდი - ის ყველაზე უკეთ მაპოვნინებდა ყურშას. დავტოვე ქოხში წერილი, თუ მოხვედით დამეწიეთ-მეთქი, ავიკიდე ზურგჩანთა ცოტაოდენი მარაგით და გავედი. ზუსტად არა, მაგრამ დაახლოებით ვიცოდი სად უნდა მეძებნა მწყემსები, და იმედი მქონდა მივაგნებდი. პირველი აღმართი რომ ავამთავრე, უკან მოვიხედე დავინახე კიდეც მაშველები. დავბრუნდი ქოხთან.

 

 

მაშველები

 

მაშველები ორნი იყვნენ - ჯირო თავის ცხენით და ზურა ჩვენი ნაცნობი დობრათი. ზურა გიოს ნათესავი იყო, ჯირო კი ის აღმოჩნდა, ვინც შარშან ტობაზე მიმავლებს შემოგვხვდა აქეთ მომავალი - პირველი ვარ, ვინც ჩუსტებით იყო ტობაზეო. ჩემი ჟვაბუ სწორედ ზურას ეზოში მყავდა დატოვებული, თუმცა მაშინ ის არ მინახავს.

 

კინაღამ გული წამივიდა, რომ ვნახე უძაღლოდ იყვნენ. მათ კი დამამშვიდეს - ვიპოვნით შენს ყურშასო, მაგრამ დიდი ვერაფერი ნუგეში იყო - უძაღლოდ ამ ბილიკზე მეც მშვენივრად დავყიალობდი წინ და უკან, და სამი კაციც იგივე წარმატებით იყიალებდა. მართალია, აქაურებს შეიძლება სმენაც უფრო მახვილი ჰქონოდათ და ნაკვალევის თუ სხვა ნიშნების ცნობის უკეთესი უნარიც, მაგრამ რამდენად უკეთესი და რამდენად ეფექტური იქნებოდა ეს უკეთესობა, კიდევ საკითხავი იყო. მოკლედ, ერთი თუნდაც ჩვეულებრივი ეზოს ძაღლი, როგორც რუსები იტყვიან - чистокровная дворняжка - მერჩივნა ეხლა ჩინგაჩგუკების და მუსიე პუაროების მთელ ბატალიონს.

 

მაშველებმა - დღეს უკვე გვიანიაო, და გადავწყვიტეთ - მეორე დილით ჯირო ექვს საათზე წავიდოდა მწყემსებთან და ძაღლს ეთხოვებოდა, თუ ლომა იქნებოდა ხომ კაი, თუ არადა სხვაც გამოგვადგებოდა. ერთ საათში ზურა გავიდოდა და სადღაც მესამე ქოხთან შეხვდებოდა ჯიროს, საიდანაც გამოუყვებოდნენ ძებნით. მე კიდევ ერთი საათის შემდეგ, რვისთვის, გავიდოდი და შევხვდებოდი უკვე მოახლოებულებს, და მერე ერთად გავაგრძელებდით ძებნას.

 

შემდეგ ვივახშმეთ და გავემზადეთ დასაძინებლად. ბოლო დღეების განმავლობაში მგონი პირველად ვჭამე ნორმალურად. საჭმელი კი მქონდა, საჭიროზე მეტიც, მაგრამ ვერც ვგრძნობდი თუ მშიოდა. ასევე პირველად ვიგრძენი, რა საშინელებაა ფიცრებზე ძილი უპოროლონოდ. საერთოდ, რაღაც სხვა მდგომარეობაში ვიყავი გადართული მთელი ამ ამბების გამოისობით - რეაქციებიც სხვანაირი მქონდა და ემოციებიც რაღაცნაირად ერთდროულად მშვიდი და ისტერიული. ოჩოპინტრეების მოჩვენებებიც, ცხადია, გადატვირთული ცნობიერების "შეშფოთებები" უფრო იყო, ვიდრე სიზმარი.

 

 

 

 

დილით ყველამ ერთად გავიღვიძეთ მაინც. მალე ჯირო მოახტა თავის ცხენს და გაქუსლა მწყემსებისკენ. მე და ზურამ გავიგრძელეთ საუზმე. მერე ზურა წავიდა, მეც ახლომახლოები კიდევ ერთხელ შემოვიარე, ცხადია უშედეგოდ - ყურშა აქ რომ ყოფილიყო ამდენი ხანი როგორ არ გამოჩნდებოდა - ამასობაში ერთი საათიც გავიდა, მოვიკიდე ზურგჩანთა და გავუყევი გზას მესამე ქოხისკენ.

 

პირველი აღმართის შემდეგ შედარებით სწორი მონაკვეთია, მერე პატარა დაღმართი და გზაგასაყარი - მარჯვნივ ტობას გზაა, მარცხნივ კი ხევის მეორე მხრიდან "ვერანდიანი ქოხისკენ" მიმავალი გზა. ამ ადგილიდან ტობასკენ ასიოდე მეტრში წყაროა. ამ წყაროს ვუახლოვდებოდი, რომ უცებ ფეხზე უკნიდან რაღაც მომეგლასუნა. მოვიხედე და რას ვხედავ - ყურშა!

 

ნამდვილად ყურშა იყო! თან როგორი - არც დაღლილი ჩანდა, არც ნანერვიულები, დასვრილი ან სველიც კი არ იყო - თითქოს ეს-ეს არის საძინებლიდან გამოვიდაო. და სავსებით ყოჩაღად და კმაყოფილი გამოიყურებოდა.

 

ვერ ვიტყვი, რომ სიხარულისგან ცას ვეწიე, ან ხტუნვა დავიწყე - რეაქციები, როგორც ვთქვი, გადართული მქონდა რაღაც სხვა რეჟიმში. უფრო უცნაური ის იყო, რომ არც ყურშა გადარეულა სიხარულით - ერთი მომელაქუცა და ბილიკზე დაიწყო სუნსული. სახლში რომ ვბრუნდები საღამოს, მაშინ უფრო უხარია ხოლმე ჩემი დანახვა.

 

დავაგდე ზურგჩანთა და ბილიკის პირას ჩამოვჯექი. ყურშამაც მოირბინა. ჩავიხუტე და ცოტა ხანს ვეფერებოდი, თან გაოცებული ვაკვირდებოდი, როგორ ჩვეულებრივად გამოიყურებოდა და იქცეოდა ერთი წლის კოკერსპანიელი, რომელმაც სამი დღე და სამი ღამე ტყეში გაატარა მარტომ.

 

ჩანთიდან პური ამოვიღე და მივეცი პატარა ნატეხი. ნახევარი შეჭამა მხოლოდ. ანუ მშიერიც არ იყო. ლამის ვიფიქრე, ესეც ხომ არ მეჩვენება ან მესიზმრება-მეთქი. ავდექი და წყაროსკენ წავედი. ყურშამ გამისწრო, ჩემზე ადრე მიირბინა წყაროსთან და დალია წყალი, ოღონდ ისიც ზომიერად, არა ისე, როგორც ძალიან მოწყურებული რომ სვამს ხოლმე. 

 

ჩემი ტელეფონი ჯერ კიდევ სუნთქავდა ზედ გამობმული უშველებელი აკუმულატორით (თუმცა 15-ოდე პროცენტზე იყო ისიც, მაგრამ ეს 5000 მა*სთ-ის 15% იყო), მეც საშუალება მომეცა ისევ გადამეღო სურათები, მართალია არც ისე კარგი ხარისხის, როგორიც ციფრულით.

 

 

მოკლედ, მარტოობას ყურშა დიდად არ შეუწუხებია - არც შიოდა, არც წყუროდა, და დიდად არც განიცდიდა. თან ისეთ ჯანზე იყო, ქვიდან ქვაზე დაფრინავდა კანჯარივით. რა იშოვე ეგეთი, შე მამაძაღლო?

 

 

 

 

 

აი ის ადგილი სადაც ყურშა ვიპოვე (თუ მან მიპოვა):

 

 

გახარებულმა წყარო გავასუფთავე, გავაღრმავე და ყურშას წყარო დავარქვი, მერე კი მაშველების შესახვედრად წავედით. მალე ერთ ჯგუფს წამოვეწიეთ, რომელთაც სცოდნოდათ ყურშას დაკარგვის ამბავი და ჩემზე არანაკლებად გაეხარდათ მისი დანახვა. ყურშამაც დიდსულოვნად დართო ნება სურათი გადაეღოთ მის საზოგადოებაში.

 

 

მალე მაშველებიც დავინახე მოპირდაპირე მთაზე, და ლომაც ვიცანი - წინ მოუძღოდა. კარგა შორს იყვნენ და ბევრი ვიღრიალე, სანამ გავაგებინე ვიპოვე-მეთქი ყურშა. ლომა გატრიალდა და უკან აუყვა იმ მთას. როგორც მერე მითხრეს, უბრალოდ უთქვამთ ლომასთვის - უპოვია ყურშა და დაბრუნდი უკანო, და ისიც გაბრუნდა. საოცარი ძაღლი იყო.

 

დაველოდეთ, სანამ ჩვენამდე მოაღწევდნენ. ყურშა ყეფით შეეგება ყველას, გარდა დობრასი, რომელიც ძველი ნაცნობივით მოიკითხა. უკვე მეც მივეფერე დობრას, მანამდე კი ხმაც არ გამიცია - სადღაც მასაც დამნაშავედ ვთვლიდი ყურშას დაკარგვაში.

 

როგორც ჩანს, ყურშა მართლა დობრასგან გადმოვარდნილ პოროლონს ჩაყვა სადღაც ძალიან ღრმად, და მერე მას ყარაულობდა. შეიძლება მას ესმოდა კიდეც ჩემი ძახილი, როცა ამ ადგილს გავდიოდი, მაგრამ პასუხის გაცემა ყურშამ არ იცის, ალბათ მისმენდა და უკვირდა, რატომ არ მოდისო: თვითონ დაუძახებლადაც გაიგებდა ჩემს ყოფნას სუნით, და ეტყობა მიაჩნდა, რომ მეც ვიცოდი მისი ადგილსამყოფელი, და თვლიდა, რომ მივიდოდი იქ, სადაც ის ასე ერთგულად დარაჯობდა ჩემს პოროლონს.

 

ჯერ კიდევ სანამ მაშველები დაბრუნდებოდნენ, ყურშამ მოასწრო ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ბილიკის სიახლოვეს და მისი საიდუმლოც გამჟღავნდა - მთელი ეს ხანი მაყვლით და მელიშიებით იკვებებოდა როგორც სჩანს (მელიშია პატარა წითელი კენკრაა, ქართულად რა ქვია არ ვიცი. ალბათ მელიებიც ჭამენ და იმიტომ ქვია ასე). წყლის დასალევად კი ამ წყაროზე ამოდიოდა. იმიტომაც იყო ასე არხეინად. მე ბილიკზეც გავიარ-გამოვიარე ყურშასთან ერთად - აბა ყურშა, მაჩვენე სადაა ჩვენი პოროლონი! ყურშამაც გაიგო და ცოტა ბილიკზე ისუნსულა და მერე ქვევით ჩაუხვია. მეც ჩავყევი, მეგონა პოროლონს მაჩვენებდა, მაგრამ კაი ხნის ბღოტიალის მერე ყურშამ ერთ დიდ ბუჩქნართან მიმიყვანა და გახარებულმა შემომხედა - ეს მისი მაყვლის პლანტაცია იყო, ქვევით სულ შემოჭმული იყო მაყვლები. გინებ-გინებით ამოვძვერი რის ვაი-ვაგლახით, სხვათა შორის, ახლაღა ვიგრძენი რომ ძლივს დავდიოდი - სადღაც ფეხი მქონდა ნატკენი, მუხლიც, ხელები - გადატყაული და დაკაწრული და ა. შ. ცოტა გავიარეთ ბილიკზე და ყურშამ ისევ მიმიპატიჟა ქვევით, მეც ჩავყევი, მაგრამ მალევე ამოვბრუნდი - აზრი არ ჰქონდა - ან ისევ მაყვლებთან მიმიყვანდა, ან თუ პოროლონი იყო აქ ჩაგორებული და მასთან მივყავდი, ის იმდენად შორს და დაბლა იქნებოდა, რომ იქ პოროლონის კი არა მფრინავი ხალიჩისთვის არ ვიყავი ჩამსვლელი.

 

შემდეგ უკვე ბუნდოვნად მახსოვს, როგორ დაბრუნდნენ ბიჭები, როგორ დავბრუნდით მუხურში - დაღმართი სანახევროდ დობრაზე შემჯდარმა ვიარე, ზურამ - მე ფეხით მირჩევნია სიარულიო, ალბათ უფრო ჩემი ხათრით, თუმცა არც ცხენით სიარული იყო ისეთი სასიამოვნო, როგორც კინოში ჩანს ხოლმე. ხობისწყალზე რომ გამოვედით, იქ მუხურელები დაგვხვდნენ - სამხიდიანს ტვირთავდნენ შეშით. მე მათ გამოვყევი - ავძვერით მე და ყურშა ძარაზე და მორებზე მოვიკალათეთ, თუმცა როგორია მორებზე მოკალათება იმ გზაზე და იმ მანქანაზე, კიდევ კარგი რომ არ მახსოვს.

 

როგორც იქნა ჩამოვედით მუხურში. ისე ნელა მოვდიოდით, რომ ხუთიოდ წუთში ჩვენებიც მოვიდნენ, თუმცა ცხენები ნელი სეირნობით მოდიოდნენ. მე და ზურა გადავედით ხობისწყალზე ბეწვის ხიდით, რომელსაც ფიცრები გავარდნილი ჰქონდა და ზედ ხტუნაობით გადავდიოდი იღლიაში ყურშაამოჩრილი. ხიდი ისე ქანაობდა სამივე განზომილების გაყოლებაზე, გეგონება არც არის სადმე დამაგრებულიო, ქვემოთ კი, სადღაც უფსკრულში, ხობისწყალი მიღრიალებდა. სიბნელეში ვერც ვხედავდი ვერაფერს. "ამ ხიდზე ადამიანებიც დადიან?" - ვეკითხებოდი ზურას, ის კი არხეინად მიშლიგინებდა: "წამო, წამო, გადავედით უკვე!" სხვა დროს ხომ ერთ სიკვდილს გავათავებდი ამ ხიდზე გადასვლისას, მაგრამ მაშინ ყურიც არ შემიბერტყავს - კიდევ ერთი ილუსტრაციაა ჩემი მდგომარეობის.

 

ირომ ცხენებიანად სხვა, ჩვეულებრივი ხიდით შემოიარა და ისიც ზურასთან მოვიდა.

 

სახლში რომ მივედით, კი შემომთავაზეს ღამის გათევა, მაგრამ სამართლიანად აღვნიშნე, ახლა მე ბოსელში თუ შევიშვები თორემ სახლში შესაშვები არა ვარ, მირჩევნია წავიდე მეთქი. ვივახშმეთ და წამოვედი. გზაში, მარტვილთან, ისეთ წვიმაში მოვყევი, გვერდზე ვიყურებოდი და ისე მოვდიოდი, წინ არაფერი ჩანდა, და ამ წვიმაში, ჩემდა გასაოცრად, ძროხები იყვნენ გაშხლართულები არხეინად შუა ასფალტზე. რაღაც სასწაულით შევამჩნიე, თორემ ჩემი ტობავარჩხილის თავგადასავლები კიდევ რამდენიმე დღით გახანგრძლივდებოდა. ხონიდან გამოიდარა, დანარჩენი გზა სანახევროდ მეძინა და როგორ ჩამოვაღწიე მშვიდობიანად, დღემდე გაუგებარია. ავტობანზე რომ შემოვედი, გავჩერდი და თხუთმეტიოდე წუთი წაუძინე კიდეც შტირლიცივით, თორემ ამოვარდნები მეწყებოდა უკვე - აი ზოგჯერ წინა რამდენიმე წამს რომ ვეღარ იხსენებ, მაგალითად როგორ ჩაუარე იმ მანქანას. ვისაც გამოცდილი აქვს ეგეთი მდგომარეობა, მიხვდება.

 

ასე დამთავრდა ტობავარჩხილი-2014.

 

რა იქნება შემდეგ?

 

მოვახერხებ ტობაზე მოტოციკლით წასვლას? მთლად ტობამდე არა, მაგრამ სამანქანო მაინც რომ ვიარო.

 

ვნახოთ! 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ყველა სურათი მოთავსებულია რესურსზე  http://fotki.yandex.ru. სრული გალერეის ნახვა შეიძლება პირველ სურათზე ჩხვლეტით.